(ღვეზელი ყველით და ხახვით)

 

„კაცები ამბობენ, რომ ქვის გული მაქვს,

მაგრამ რა იციან იმათ ქვებისა“. (მარია ბარნასი)

 

ქვებზე ის ვიცი, რომ მძიმეა მგლების მუცელში

და ჭის სტომაქში ჩავარდნისას

მათი ექო მომისმენია. რამდენს ვფიქრობდი

ერთხელ მათზე მაისის ღამეს,

მთვარის შუქის ქვეშ,

ხახვის ბოლქვებს რომ წააგავდნენ, გაცრეცილები.

მაგრამ ან ხახვზე განა რა ვიცი,

გარდა მისი ფურცლოვანი მოსაცმელისა

და როცა წვავენ, ამ დროს გული

ფენა-ფენა პატარავდება.

 

 

(გენუური ბოსტნეულის ღვეზელი)

 

ეს ბოდიალი საათობით

სანამ ბორანი გავიდოდა, ნავსადგურის

შემოგარენში, დიდი ალბათობით,

გზა მაღაზიაში დაასრულე

მე კი გათანგული სიცხისგან, ავადმყოფი

ამდენი წყლითა და ოცნებით,

წმინდანის ქანდაკებას მოვადექი,

ქვისგან რომ იყო და მოცელილს

ჩრდილი მომაგება საამებლად.

არაფერს ვფიქრობდი, გამხმარი

თევზების დამარილებული ასხმულა

ეკიდა ფეტიშივით მხარდამხარ,

დახლთან ტილოებს სილურჯე დაჰყურებდა,

შეეძლო დაეცინა გველეშაპს,

მახვილზე დაყრდობილი გიორგი

ნიჩბიან მუშას ჰგავდა, საქმეს რომ შეეშვა.

 

 

1 2 3 4 5 6 7