ზამბახები

 

ზამბახებს დავრგავთ,

გადავწყვიტეთ,

ზამბახები კარგად ხარობს

და მწვანედაც დიდხანს რჩებიან.

ძმამ გვითხრა ასე,

სასაფლაოს ზამბახები მოუხდებაო.

იქ მიწა ჯერაც აბურცულია, გაზაფხულზე გადაასწორებს

და ორი მხრიდან

მელნისფერი ყვავილების მწკრივს გააკეთებს.

შემოდგომაზე

შეიძლება ვერ ჩამოუსწრო, აღარ ყვაოდნენ,

მაგრამ აღდგომას მივალთ იქ და ფოტოებსაც გადავიღებთო,

-მწერენ

და ამ რაინისპირა მწვანე ქალაქში

უკვე ისეთი გაზაფხულია

ქუჩიდან ქუჩას ფეხით დავყვები,

ეს თვეები მინდა სწრაფად გადავიარო,

თან ზაფხულიც ზედ მივაყოლო

იქნებ სექტემბრის მზეებს მივუსწრო საქართველოში

მამის საფლავზე რომ თამაშობს ათინათებად.

მაგრამ აი, მინდვრებზე, გზებზე,

შემოდგომამდე, ფოტოებამდეც

იისფერი ზამბახები თვითონ მხვდებიან,

თითქოს ცოცხალი მამაჩემი გამოსულიყოს

ჩვენი სახლის ფართო ჭიშკრიდან

და ხელებგაშლილი მეგებებოდეს:

„რა არის, რა სულ გეჩქარება,

აქა ვარ, შვილო“.

 

 

1 2 3 4 5 6