ახალი წელი ბერლინში

 

სამზარეულოდან

კაკლის მტვრევის ხმას გავიგონებდით

და ვიცოდით

ახალი წელი მოგვადგა კარზე.

ბებო პატარა სკამზე იჯდა, ტაბლასთან, უფრო

გამძლე მეორე სკამი წინ ედგა და

ფილთაქვას კაკალს ისე ურტყამდა,

ლებანი რომ არ ჩაფშვნილიყო.

სახლის კედლებს ჭახაჭუხი გაუდიოდა

მთელი დღე, თან ქათმებივით გვიქნევდა ხელებს:

„არ მინდა თქვენი გამორჩევა,

ნახევარს მიჭამთ,

აი, შავ ნიგოზს მოგცემთ მერე“.

რა შავი, ის დარჩეული ნიგოზი მაინც ნახევრდებოდა:

ვინ საცივისთვის დანაყვისას

ვინ სანამცხვრედ დაჭრის,

ვინ გოზინაყად დაფერფლისას,

ვინ კიდევ გავლა-გამოვლის დროს

უსირცხვილოდ ხელს აპარებდა. ახალი წელი მოდიოდა

ზედაც ორი დაბადების დღით – ჩემი და ბიჭის.

 

ბერლინური  ახალი წელი, რომ გითხარი,

ნიგოზი მჭირდება

საცივი უნდა გავაკეთო, ნიგვზიანი ბადრჯანი და გოზინაყი.

და შენც, საყიდლებიდან დაბრუნებულმა,

კაკლით სავსე ზურგჩანთა

სამზარეულოს მაგიდაზე წამომიცალე.

ბებიაჩემივით მეც მარჯვედ ვამტვრევ,

ლებანი რომ არ ჩამეფშვნეს,

უკვე მთელი საათია

სახლის კედლებს ჭახაჭუხი გაუდის და

გერმანელი მეზობლებიც, აქამდე თუ ჯერ არ იცოდნენ,

ახლა მაინც აუცილებლად მიხვდებიან –

ახალი წელი მოგვადგა კარზე.

 

 

1 2 3 4 5 6