დეტროიტი

ხელში ათწლიანი ვიზა მიჭირავს  და გუგლში ვეძებ ქალაქს,
სადაც, როგორც ვფიქრობდით,  ერთად უნდა გვეცხოვრა.
ვწერ “Detroit”  და მის ირგვლივ ზუსტად ისეთივე ჩახლართული ხაზები ბრუნავს,
როგორიც ასოების ქვეშ  “Tbilisi” .
თბილისი არის ქალაქი,  რომელიც ამქვეყნად ყველაზე ჩემია
და ზუსტად ისეთივე “შენი” ვერასდროს გახდება.
დეტროიტი კი არის ქალაქი,   რომელიც წესით, ორივესი უნდა გამხდარიყო.
წესით ასე არ ხდება ხოლმე? . .
როცა ვამბობ, რომ თბილისი ამქვეყნად ყველაზე ჩემი ქალაქია,
გეღიმება და მპასუხობ:
– იმიტომ, რომ სხვაგან არასდროს გიცხოვრია.
ვათვალიერებ გუგლში დეტროიტს –

მაღალი სახლებისა და განიერი ქუჩების ქალაქი ყოფილა,
ფოტოზე ასეა,  რუკაზე კი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც თბილისი –

როგორც ყველაზე ჩემი ქალაქი.
ერთხელ, როცა ჩვენი  შვილის გაჩენას ვაპირებდი,
150  ნომერ ავტობუსში ვიჯექი და სადღაც მივდიოდი,

არ მახსოვს სად –  გველივით დაკლაკნილი რუკის ერთი წერტილიდან მეორეში . . .
უცებ  ვიგრძენი, სხეული როგორ დამეცალა  სიცოცხლისგან. . .
წელზე ჩემი საყვარელი ჯინსის ქურთუკი შემოვიკარი,
რომელიც აუღელვებლად   ისრუტავდა  ჩვენი შვილის შედედებულ  სისხლს.
მერე მარტო ის მახსოვს,  როგორ ცდილობდა შეშინებული ხალხი ჩემს გადარჩენას.
ნეტა, დეტროიტშიც ასე დაენანებათ ჩვენი არგაჩენილი შვილები?. .
იქნებ, მარტო უნდა ვიჯდე მთელი გზა,  ზედაც არავინ შემომხედოს

და ბოლო წვეთამდე გამომეწუროს სხეულიდან  სისხლი,
ძირს კი, ჩემს  თეთრ კედებთან,  გველივით დაიკლაკნოს  ჩემი ქალაქის ყველა ქუჩა,
სადაც  ყოველთვის მარტო დავდიოდი და ვოცნებობდი,
მიყრუებული ქუჩის კუთხის კუთხეში

სახლიდან ჩუმად გაპარულ ჩვენს შვილს დავწეოდი,
დამეჭირა და გულში მთელი ძალით  ჩამეკრა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8