ძველი ამბები

 

ძველმა ამბებმა გამეტებით იციან კუდის მოქნევა –

ზურგშექცევითაც რომ დაუდგე,  არ გაგიშვებენ,

სხეულზე  კანიც   რომ  შემოიფცქვნა,

თმა კი სულ ღერა-ღერა დაიგლიჯო,

ათასი წლითაც რომ დაბერდე –  მაინც გიცნობენ,

კუდს მოგიქნევენ და ხერხემალში  გადაგამტვრევენ.

მერე მოვლენ, სრიალა ხელებს შემოგაჭდობენ,

რომ ვერ გაიქცე და ვერც  გაჩერდე –

ერთ ადგილზე უაზრო სირბილს გაიძულებენ,

სანამ ყინული,  ფეხებქვეშ  რომ ფეთქავს,   არ   ჩაიმსხვრევა

და შენთან ერთად არ ჩაიყოლებს  გაქცევის სურვილს,

თვითონაც  რომ არ  გჯეროდა  და მაინც  გარბოდი,

არ გინდოდა და მაინც გარბოდი,

არ იცოდი, სად მირბოდი და მაინც გარბოდი,

გეზარებოდა და მაინც გარბოდი,

გტკიოდა და მაინც გარბოდი. . .

ძველ ამბებს სულაც არ ადარდებთ ჩვენი სიკვდილი,

უნდათ, თავი მკერდზე დაგვადონ  და დაიძინონ,

თითქოს, მათ  გვერდით თუ არ ისუნთქე, ვერ იცოცხლებენ. . .

ეს ამბები  კი  ის   ამბებია,

რომელთა  ჩვენში  არსებობის რომ  ჩვენღა    გვჯერა,

მარტო  ჩვენ  ვიცით, მარტო ჩვენ  ვგრძნობთ და   ვერ ვივიწყებთ. . .

ძველი ამბები,  ვერასდროს  რომ ვეღარ მოვყვებით,

ის  ამბები,  რომლებიც   ვერასდროს   ვერავისთვის   მოიყოლება.

     

 

 

1 2 3 4 5 6 7 8