გაქცევა

 

იმ სახლში, სადაც  სულ ცოტა ხანში უნდა გავჩენილიყავი  და ასე მელოდნენ,

ჩემი არყოფნა სხვების ყოფნაზე  ბევრად ძლიერად იგრძნობოდა

და როცა გავჩნდი,  ძველი სახლის დაფშვნილი ძვლები  ისევ გამთელდა

და ზედაპირზე ვარდის ფურცლები და იები ამოეზარდა…

ამ სახლში დილით  ფრინველების უსასრულო ქარავანი მიუყვებოდა

გრძელი ბილიკით გადასერილ  ხასხასა ეზოს

და ქათმებს ხორბლის მარცვლების ნაცვლად უყრიდნენ შიმშილს…

შემოჩვეული თეთრი მტრედები კენკავდნენ ხუნდებს,

კატის კნუტებს კი ნაგვის ურნებში ათენდებოდათ;

ჩვენი ეზო სავსე იყო სიცოცხლით,

როცა მდინარესა და უძირო ტბაში

ზღვის მარილით გამომძღარი კალმახები იხოცებოდნენ –

სულგამფრთხალებს მიაქროლებდა წყლის დინება

და სიცოცხლისგან დაწრეტილები,

მკვდარი სხეულის ბნელ წიაღში იმარხავდნენ ოქროსფერ ქვირითს

და ელოდნენ  მზის სხივებისგან ადუღებულ ქვირითისგან

ოქროს თევზების გამოჩეკას  და ვერც ხვდებოდნენ,

რომ არ არსებობს ოქროს თევზი,

ტყუილად ლოდინს  კი ისევ ის სჯობს,  გაიაზრო, რომ არ არსებობს

და გადარჩენა გადაწყვიტო.

რისკი იყო ასეთ სახლში დაბადება,

ომს ნიშნავდა ასეთ სახლში დაბადება,

ტკივილი და დარდი იყო  ასეთ სახლში დებადება

და, ალბათ, ასე დაბადებას  შარაგზაზე დაბადება აჯობებდა,

მაგრამ მე მაინც დავიბადე  და დავიჯერე,  რომ შევძლებდი აქედან წასვლას,

შორს წასვლაზე,

სულ წასვლაზე  ან გაქცევაზე ხომ  ერთხელ მაინც,

ფიქრში მაინც,

ძილში მაინც,

ხმადაბლა,  ან ჩურჩულით მაინც

წარსულში ან აწმყოში მაინც,

უკლებლივ ყველას გვიოცნებია…

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8