და თუკი ჩვენი ხელები  ბეწვში  ერთმანეთში გაიხლართებოდა,

უხერხულობის გასაფანტად ძაღლს  იმაზე ბევრად დიდ ხანს ვბანდით,

ვიდრე საჭირო იყო;

და შენი თეთრი კატა,  რომელიც მძულდა,

შენ კი მთხოვე, მარტო ერთხელ მოეფერეო.

შენი ხათრით თავზე ხელი გადავუსვი,

შენ   მაჯაზე  ხელი  ჩამავლე   და  ჩემი მომუშტული  ხელი

მის  თბილ ზურგზე გადაატარე,

– ხომ გიყვარსო? . .

– მიყვარს-მეთქი, –  თან შიშისგან ვცახცახებდი.

– კატები უნდა გიყვარდესო,

როგორ შეიძლება,  კატა არ გიყვარდესო…

მერე კი მთელი ღამე კატების წვიმა მესიზმრებოდა,

დილით მეგონა, კატის ბეწვში ამომგანგლეს   ჩურჩხელასავით,

ორი საათი შხაპქვეშ ვიდექი –

თითქოს, ღამის კოშმარს ჩამორეცხვას ასე   ვუპირებდი. . .

ზოგჯერ ის სიყვარული მენატრება,  შენ რომ გგავს და მე მგულისხმობს,

სიყვარული, რომელიც აწი  ალბათ, სიტყვებში თუ გაცოცხლდება,

ჩვენს ძველ სახლში კი, გუშინ შემთხვევით რომ შევიარე,

სულ სხვა წყვილის სულ სხვა ამბავი იწყებდა დუღილს.

ისეთი კარგები არიან –  ჩვენზე ბევრად ლამაზები, ახალგაზრდები…

– სად მიდის, ან რატომ მიდის სიყვარულიო? –  გოგომ მკითხა,

მე კი ვუთხარი: – მიდის, მაგრამ არ გაუშვა,  არ დაუშვა, რომ აორთქლდეს

და თუკი მაინც აორთქლდება,

ნარჩენები კედლებიდან და ჭერიდან ჩამოფხიკე  და ჩაიდანში ჩააბრუნე…

დილაობით ყავისთვის წყალს რომ აადუღებთ, იქ დაგხვდებათ,

ყავას მაინც ხომ უნდა ჰქონდეს-მეთქი  ძველი სიყვარულის გემო და სურნელი.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8