გაუგზავნელი წერილი

როცა მხარზე შენი სუნთქვა გადამირბენს,
როცა ჰაერს შენი გემო ექნება,
როცა სიცხე ქუთუთოებს ერთმანეთზე დაგვიდნობს,
შევეცდები, ისე დავიძინო, როგორც მასწავლე
და საგანგებოდ  ჩემთვის    გადარჩეულ  სიზმრებს

მოსატყუებლად  ჩვენი წვრილად დაფშვნილი სიყვარული დავუყარო.
ნიჟარები ტივტივებენ თვალების ფსკერში,
პირველად რომ მომიტანე და ხელებში ჩამიყარე,
მე კი შეშინებულმა მოვისროლე და ზღვას გავატანე.
ქარები ჩამიგუბდა ფილტვებში,   ერთად რომ გადაგვიარა  და ვერ გავუძელით,
ზღვა ჩამიდგა მუცელში,  ერთად რომ  გვინდოდა გადაგვეცურა

და ვერ გადავცურეთ.
ხელებს გიჭერ და გეუბნები,   რომ მთელ დედამიწას იტევს ჩემი სხეული
და შენს სიყვარულს იტევს ჩემი სხეული
და არ გაბედო ჩემი მიტოვება,  სიზმრებშიც  კი…
შენ კი სადღაც გარბიხარ ორივე ფეხზე გამობმული ნავებით
–  ასე ფიქრობ ზღვის გადაცურვას.
და  გეუბნები, რომ ღალატია ჩემი ასე დატოვება.
შენ ფიქრობ, რომ სულაც არ არის ღალატი,
გულის სიღრმეში კი თვითონაც არ გჯერა შენი ფიქრების ფორიაქის

და ჩემზე კარგად იცი, რომ ღალატია
მერე კი  სახურავს  ახურავ კუბოს, რომელშიც ვწევარ
და ფიქრობ, რომ არ იყო ცუდი ჩემთან,
უბრალოდ, ყველაფერი უფრო მარტივადაც შეიძლებოდა
და რადგან სულ ვცდილობდი,   ისეთი ვყოფილიყავი, შენ რომ გინდოდა,
თვალებს  ვხუჭავ,

ყველა სიზმარს ვივიწყებ,

ყველა ღალატს ვივიწყებ,
ყველა უკანმოუხედავად გაქცევას
და ყველა გასაქცევად შეკაზმულ ნავს ვივიწყებ
და მარტო შენი სუნთქვის ჩემს მხრებზე შრიალის შემჩნევას  ვსწავლობ
და უსიზმრებოდ დაძინებას ვცდილობ –  შენს გვერდით –  შენთან ერთად.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8