როგორც ლიტერატურის კრიტიკოსები აცხადებენ, გლიკი ის პოეტი არ არის, რომელსაც საკუთარი კომფორტისა და სიამოვნებისთვის წაიკითხავ. ის არ იყენებს მაღალფარდოვან სიტყვებსა თუ გამონათქვამებს. ლუიზ გლიკის ლექსების კითხვისას ადამიანი  საკუთარ ცხოვრებას თითქოს გამადიდებელი შუშით უყურებს და თავის ყველაზე თავზარდამცემ შიშსა თუ ნათელ ოცნებას ხედავს. მას უჩნდება განცდა, რომ  გლიკი არის ადამიანი, რომელსაც მისი ზუსტად ესმის.

ერთ-ერთ ინტერვიუში შეკითხვაზე, თუ საიდან უნდა დაიწყონ ახალმა მკითხველებმა მისი ლექსების კითხვა, ლუიზ გლიკი პასუხობს: „მგონი, ჩემი პირველი წიგნის წაკითხვა არ ღირს. თუმცა, სხვა ყველა წიგნი, საინტერესო უნდა იყოს. ალბათ, ვურჩევდი, პირველად „Averno“ წაიკითხონ, ან ბოლო წიგნი, „Faithful and Virtuous Night“

ლიტერატურის კრიტიკოსების რეკომენდაციის მიხედვით, უმჯობესია, ლექსების თანმიმდევრობით,  მთლიანი ციკლების სახით წაკითხვა, რათა კრებული ერთ მთლიან ამბად წარმოვიდგინოთ და უკეთ გავიგონოთ ავტორის ხმა და დიალოგები.

შეკითხვაზე, თუ რაში დახარჯავს პრემიას,(ფულადი ჯილდო დაახლოებით £870,000 შეადგენს), ლუიზ გლიკი ამბობს, რომ ალბათ სახლს შეიძენს ვერმონტში. „მაგრამ უმთავრესად, ჩემი ყოველდღიური ცხოვრების იგივე რეჟიმის შენარჩუნებას შევეცდები ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად.“

ალბათ, ძალიან საინტერესოა, რასაც პოეტი Poets and Writers magazine-თან ინტერვიუში მუშაობასა და ცხოვრებას შორის ბალანსზე ამბობს:

„შემოქმედება შენი რეალური ცხოვრებიდან მოდის, და თუ ხელოვნების სახელით ყველაზე მგზნებარე ემოციებს ჩაიხშობ, რომელიც სრულად არც კი გამოვლენილა, ძალიან დიდი შეცდომა იქნება.

ახალგაზრდობისას ისე ვცხოვრობდი, როგორც მწერლის ცხოვრება წარმომედგინა – მეგონა მწერალი არის  ადამიანი, რომელიც აიგნორებს სამყაროს, და ვცდილობდი,  მთელი ენერგია მხოლოდ წერისკენ მიმემართა. ვიჯექი მაგიდასთან ერთ პროვინციულ ქალაქში და წერას ვცდილობდი, თუმცა არაფერი გამომდიოდა. რაც უფრო დიდხანს ვიჯექი და ვერ ვწერდი, მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ გარე სამყარო უფრო მეტად უნდა განმედევნა ჩემი ცხოვრებიდან. ორმა წელმა შემოქმედებით უძრაობაში განვლო. შემზარავი იყო. შემდეგ კი მივედი დასკვნამდე, რომ ჩემგან მწერალი არ დადგებოდა. ამიტომ, ვერმონტში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მთელი ცხოვრება დარწმუნებული ვიყავი, რომ ნამდვილი პოეტები არ ასწავლიან. მაგრამ იმავე წუთიდან, როცა მე მუშაობას შევუდექი და პასუხისმგებლობა ვიგრძენი, წერა ისევ დავიწყე.“

                                                                                                         მთარგმნელისაგან

 

 

მითი ერთგულების შესახებ

როცა ჰადესი მიხვდა, რომ ის გოგონა შეუყვარდა,

მისთვის დედამიწის ასლი ააგო.

ყველაფერი ზუსტად გადმოიღო,

ბოლო მდელოც კი და საქორწინო სარეცელი ჩაამატა.

 

ახალ დედამიწაზე ყველაფერი იგივე იყო, მზის სხივიც კი ციმციმებდა,

რადგან რთული იქნებოდა გოგონასთვის

კაშკაშა სინათლიდან უკუნ სიბნელეში გადანაცვლება.

 

 

1 2 3 4 5 6 7