ქვრივები
დედა და დეიდა კარტს თამაშობენ.
თამაშს ჰქვია – თაგვი და კატა – ოჯახური ტრადიცია,
ბებომ თავის ქალიშვილებს ასწავლა.
შუა ზაფხული: ისე ცხელა, გარეთ ვერ გახვალ.
დეიდას დღეს ბედი წყალობს. კარტი მოსდის.
დედა საგრძნობლად ჩამორჩება. გაფანტულია.
რა ხანია, არ უძინია – თავის საწოლს ვერ ეგუება.
შარშან სულაც არ უწვალია, როცა იმისთვის, რომ
მამას გვერდით ყოფილიყო, იატაკზე წოლა ისწავლა.
მამა კვდებოდა გასულ ზაფხულს და სპეციალურ საწოლზე იწვა.
დეიდა მას არაფერს უთმობს. ანგარიშს არ უწევს
დედაჩემის დაქანცულობას.
ასე აღზარდეს: ბრძოლით მოწინააღმდეგის პატივისცემას გამოხატავ.
ბრძოლით მოწინააღმდეგეს ვერ დაამცირებ.
მოთამაშეებს თითო დასტა ხელმარცხნივ უდევთ, ხუთი კარტი კი ხელში უჭირავთ.
ასეთ ამინდში უმჯობესია გრილ სახლში ყოფნა
და ეს თამაში პასეანსზე უკეთესია.
ბებომ თავისი ქალიშვილები ცხოვრებისთვის მოამზადა:
მათ აქვთ კარტი და ერთმანეთი ჰყავთ.
სხვა მეგობარი არ სჭირდებათ.
საღამომდე თამაშობენ დედა და დეიდა, მაგრამ მზ ეუძრავად დგას –
ბრიალებს და შეუმჩნევლად აყვითლებს ბალახს.
ალბათ ამას დედაც ხედავს.
შემდეგ კი, მოულოდნელად რაღაც მთავრდება:
დეიდამ დედაზე ადრე ისწავლა კარტის თამაში
და ალბათ ამიტომაც თამაშობს მასზე უკეთესად.
მისი კარტები თვალსა და ხელს შუა ორთქლდება.
ესაა რისკენაც მიისწრაფის ადამიანი, ესაა თამაშის ძირითადი მიზანი:
გაიმარჯვებს ის, ვისაც ხელში არაფერი შერჩება.