ტელემაქეს დამოუკიდებლობა

ბავშვობაში, როცა ჩემი მშობლების

ცხოვრებას ვაკვირდებოდი,

იცით, რას ვფიქრობდი?

გული მტკიოდა.

ახლა ვფიქრობ:

გულსატკენია,

არანორმალურიც.

და საკმაოდ სასაცილოც.

 

აღსარება

სიმართლე არ იქნება,

თუ ვიტყვი, რომ უშიშარი ვარ.

მეშინია ავადმყოფობის, დამცირებისაც მეშინია.

სხვა ყველას მსგავსად, მეც ვოცნებობ.

მაგრამ ოცნებების ასრულებისგან თავდასაცავად,

მათი დამალვა ვისწავლე, რადგან ბედნიერებას

ფეხდაფეხ დასდევს განრისხებული ბედისწერა.

ისინი დები არიან, დაუნდობლები,

და ემოცია კი არა,

შური ამოძრავებთ.

 

არარატის მთა

ჩემი დის საფლავზე უფრო სევდიანი მხოლოდ

მის გვერდით ჩემი დეიდაშვილის საფლავია,

თავს დღემდე ვერ ვაიძულებ, ვუცქირო

დედას და დეიდას

და რაც უფრო ვცდილობ თავი ავარიდო

მათი ტანჯვის ყურებას, მით უფრო ვრწმუნდები,

რომ ჩვენი ოჯახის ბედისწერაა:

ყველა შტომ თითო გოგონა შესწიროს მიწას.

 

ჩემი თაობა აგვიანებს დაქორწინებას, აგვიანებს შვილის გაჩენას.

და თუ ვაჩენთ, მხოლოდ ერთი გვყავს.

უმეტესად, ბიჭი გვიჩნდება, არა გოგონა.

 

ამ  საკითხს ოჯახში არ ვახსენებთ.

თუმცა, შვებას ვგრძნობთ, როცა ვასაფლავებთ

ზრდასრულ ადამიანს, ვინმე შორებელს, როგორიცაა, მაგალითად მამაჩემი.

იქნებ, ეს ნიშანია, რომ ჩვენი ვალი გადახდილია.

 

რეალურად,  ჩვენს ოჯახში ბედისწერის არავის სჯერა –

მხოლოდ მიწა კი არა,  აქ ყველა კენჭი ეკუთვნის ებრაულ ღმერთს,

რომელიც დედას ვაჟსაც მოურიდებლად ართმევს.

 

 

1 2 3 4 5 6 7