თუმცა,ის ფიქრობდა, რომ თავის ქმნილებაში ღამეს თანდათან,

ჯერ მოცახცახე ფოთლების ჩრდილით,

შემდეგ კი მთვარით და ვარსკვლავებით შეაპარებდა,

მოგვიანებით მთვარეს და ვარსკვლავებს გააქრობდა და

სატრფოს ნაბიჯ-ნაბიჯ შეაჩვევდა წყვდიადს.

ბოლოს, – ის თავს ირწმუნებდა, –  პერსეფონეს ქვესკნელში ცხოვრება მოეწონება.

 

მას მეორე დედამიწა დახვდება,

ოღონდ, დედამიწისგან  განსხვავებით,

აქ სიყვარულიც სუფევს.

განა ყველა სიყვარულს არ ესწრაფვის?

 

უამრავი წელი გავიდა,

ვიდრე ის თავის დედამიწას აგებდა და

უცქერდა მდელოზე მონავარდე პერსეფონეს,
პერსეფონეს, რომელსაც ყველა სურნელი  და გემო იზიდავდა.

ის ფიქრობდა: ვისაც უცხო გემო აინტერესებს,

ყველაფერს გასინჯავს.

 

განა ყველა არ ნატრობს, ღამით მიენდოს სასურველ სხეულს,

როგორც გზის მანიშნებელ კაშკაშა ვარსკვლავს,

ისმინოს მშვიდი ფშვინვა, რომელიც ამბობს,

„მე ცოცხალი ვარ, ეს კი ნიშნავს, რომ

შენც ხარ ცოცხალი,რადგან გესმის ჩემი სუნთქვა,

რადგან  ჩემთან ხარ“.  და თუ ძილში გვერდს იცვლის,

გვერდი იცვალოს მისმა სატრფომაც.

 

ასე მსჯელობდა ქვესკნელის მბრძანებელი,

როცა პერსეფონესთვის აგებული დედამიწის

თვალიერებით ტკბებოდა და არც კი შეუმჩნევია,

რომ იქაურობას სურნელება და

რა თქმა უნდა, საკვები აკლდა.

 

დანაშაულის გრძნობა? შიში?

სიყვარულის წინაშე ძრწოლა?

ამ გრძნობების არსებობას ჰადესი ვერც კი წარმოიდგენდა,

თუმცა, რომელ შეყვარებულს შეუძლია ამის წარმოდგენა?

 

ისიც მხოლოდ ოცნებობდა და თავისი დედამიწისთვის სახელს არჩევდა.

„ახალი ჯოჯოხეთი“ იყო, რამაც პირველად თავში გაუელვა.

ამას მოჰყვა „სამოთხის ბაღი.“

ბოლოს დაარქვა „პერსეფონეს უმანკოება.“

 

და აი, საქორწინო სარეცლის უკან ამომავალი მკრთალი სინათლე

ანათებს მდელოს. ჰადესი მკლავებში იმწყვდევს პერსეფონეს.

სადაცაა, უნდა შეჰფიცოს: მე შენ მიყვარხარ, ჩემთან არაფერი გემუქრება,

 

რომ აზრს იცვლის –

არა, პერსეფონეს ტყუილს ვერ ეტყვის. ბოლოს ის ამბობს:

„აღარაფერი გემუქრება, უკვე მკვდარი ხარ.“

და მიაჩნია, რომ ასე დაწყება გაცილებით მრავლისმთქმელი და  საიმედოა.

 

 

1 2 3 4 5 6 7