ეროსი

სასტუმროში სკამი ფანჯარასთან მივაჩოჩე და წვიმას მივაჩერდი.

სიზმარში თუ  ტრანსში

ვგრძნობდი სიყვარულს   –

თუმცა, არაფერი აღარ მინდოდა,

 

აღარც შეხება, არც შენი ნახვა. რაც მსურდა, მქონდა:

ოთახი, სკამი, გაზაფხულის თბილ ღამეში

საათობით გაბმული თავსხმა წვიმის ხმა.

 

აღარაფერი მჭირდებოდა. ყველა სურვილი თავისით გაქრა.

ერთი ბეწო გამიხდა გული – მცირედიც ავსებდა.

წვიმა ღამის ქალაქს სქელ ზეწრად გადაეფინა –

 

შენს შეწუხებას არ ვაპირებდი –   შეგეძლო გეცხოვრა ისე,

როგორც შენ გსურდა.

 

გათენებისას შენელდა წვიმა. მე გავაკეთე ის, რასაც

დილაობით ყველა აკეთებს. თავი გავითავისუფლე,

თუმცა მთვარეულივით დავბარბაცდი.

მორჩა, არ დარჩა ჩემში შენი კვალიც კი.

რამდენიმე დღე უცხო ქალაქში.

საუბარი, ხელზე შეხება.

საქორწინო ბეჭედსაც ვიხსნი.

 

ეს მინდოდა: გაშიშვლება.

 

 

 

ბავშვების ამბავი

სოფლის ცხოვრებისგან დაქანცული მეფე – დედოფალი

ქალაქში ბრუნდება,

მანქანის უკანა სავარძლებზე პატარა პრინცესებს

ჟრიამული გაუდით

და ამქვეყნად ყოფნას უმღერიან:

მე ვარ, შენ ხარ, ის არის.

ოღონდ ეს არა! რა დროს ზმნის უღლებაა მანქანაში?

ვინ ისაუბრებს მომავლის შესახებ? არავინ არაფერი იცის მომავალზე.

მათ შორის, არც პლანეტებმა.

მაგრამ პრინცესებს ცხოვრება მომავალში  მოუწევთ.

რა სევდიანი გამოდგა ეს დღე.

გარეთ ძროხები და საძოვრები მიტივტივებენ.

მანქანიდან მშვიდები ჩანან, მაგრამ სიმშვიდე არ არის ჭეშმარიტება,

კარგად იციან დედამ და მამამ –

ჭეშმარიტება არის სასოწარკვეთა. დაკარგულია ყველა იმედი.

თუ გვინდა, რომ ისევ ვიპოვოთ.

უნდა დავბრუნდეთ იქ, სადაც დავკარგეთ.

 

 

1 2 3 4 5 6 7