„რატომ უნდა გიყვარდეს ის, რასაც აუცილებლად დაკარგავ?“  –  ეს ციტატაა ლუიზ გლიკის ლექსიდან.

77 წლის ამერიკელი პოეტი, ესეისტი, კრიტიკოსი  ლუიზ გლიკი  2020 წლის 8 ოქტომბერს მეთექვსმეტე ქალი გახდა, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

გამარჯვებულის გამოცხადების დროს, ნობელის კომიტეტის მდივანმა, ანდრეს ოლსონმა აღნიშნა ლუიზ გლიკის „გულწრფელი და უკომპრომისო“ ხმა, რომელიც „სავსეა იუმორითა და გესლიანი გონებამახვილობით“. თავისი შემოქმედებით ის სიცხადისკენ მიისწრაფის.“ მან ლუიზ გლიკი ემილი დიკინსონს შეადარა, „კუშტობითა და მტკიცე გადაწყვეტილებით, არ აღიაროს რწმენის მარტივი პრინციპები…  ლექსებში ლუიზ გლიკის  ლირიული მე გულისყურით აკვირდება იმას, რაც მისი ოცნებებისგან და  ილუზიებისგან დარჩა…. მიუხედავად იმისა, რომ, თავად ლუიზ გლიკი არასოდეს უარყოფს ავტობიოგრაფიული ფონის მნიშვნელობას თავის პოეზიაში, ის მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს აღსარებითი პოეზიის წარმომადგენლად.“

„The New Republic“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჰელენ ვენდლერი ლუიზ გლიკის პოეზიის  შესახებ  ამბობს: „მისი პოეზია ყველასგან განსხვავებულია და არც აღსარებით ჟანრს მიეკუთვნება და არც ინტელექტუალურს, ამ ტერმინების  კლასიკური გაგებით“.

თავად ლუიზ გლიკი ნიუ იორკ თაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუშიც აღნიშნავს, რომ მისთვის ნობელის პრემიის ლაურეატობა წარმოუდგენელი იყო, რადგან მის შემოქმედებაში ვერ ნახავთ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც, 2020 წლის უმრავლეს ცნობილ მხატვარსა თუ მწერალს ახასიათებს. „მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელსაც ამჟამად ხშირად აკრიტიკებენ, თანაც თეთრკანიანი ვარ, ხოლო თეთრკანიანები უკვე ყველა ჯილდოს ფლობენ. ასე რომ, არ მეგონა, თუ ასეთ რეალობაში აღმოვჩნდებოდი.“ – ამბობს ის. – “ჯერ არ ვიცი, ეს რეალურად რას ნიშნავს.“

ლუიზ გლიკის ბრიტანელმა გამომცემელმა, რომელიც მის წიგნებს ოც წელზე მეტია გამოსცემს, აღნიშნა, რომ „სრულიად გაოგნებულია“, მაგრამ კიდევ უფრო გაოგნებულია „სამართლიანობით, რაც ლუიზ გლიკის შემთხვევაში მოხდა.“  „ლუიზ გლიკი არ არის ის პოეტი, რომელიც ცდილობს რაღაცაში დაგვარწმუნოს, ის გვეხმარება, კარგად გამოვიკვლიოთ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ.  ის ნათელს ჰფენს სამყაროს ჩვენს გარშემო. მის პოეზიაში არ გვხვდება პოლიტიკა. ის გვესაუბრება ინდივიდზე, რომელიც ამ სამყაროში და ენაში ცხოვრობს.“

ლუიზგლიკის ნობელის პრემიის ლაურეატად დასახელება მოულოდნელი აღმოჩნდა ლიტერატურული წრეებისთვისაც. ლიტერატურულ საზოგადოებაში ყველაზე მეტად იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის, ან კანადელი პოეტის, ენე კარსონის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება იშვიათადაა  ადვილი გამოსაცნობი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პრემია მწერალს არა ერთი რომელიმე წიგნისთვის ან ნაწარმოებისთვის, არამედ მთლიანი შემოქმედებისთვის ენიჭება. ხუთი ათეული წლის განმავლობაში ლუიზ გლიკი ისეთ ბანალურ ცხოვრებისეულ თემებს ეხება, როგორიცაა სიყვარული, დანაკარგი, მწუხარება, დაბერება და ა.შ. ის ლექსებს მარტივი ენით წერს და გულახდილად საუბრობს ყველაზე დაფარულსა თუ ტაბუდადებულ თემებზე და არ ერიდება ირონიას, გესლს თუ კრიტიკას არც საკუთარი თავისა და არც სხვების მიმართ. ის წერს სიკვდილზე, ოჯახურ კონფლიქტებზე, სიბერეზე (რომელიც მისი თქმით, უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა) და მის მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პოეტი პირდაპირ მას მიმართავს. თუმცა, ასეთი გულწრფელობა და ერთი შეხედვით ლინგვისტური სიმარტივე არ ნიშნავს იმას, რომ მისი პოეზია წარმოსახვას ან პოეტურ სახეებს მოკლებულია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სინტაქსი. ასევე,ლუიზ გლიკი ხშირად იყენებს მითიურ და ბიბლიურ სახეებს მხატვრული ხერხების საშუალებით საკუთარი სათქმელს გამოხატავს.მის პოეზიაში ჩანს პოეტის უსაზღვრო ინტელექტი და ღრმა ადამიანური განცდები და ესაა, რაც მკითხველს მასში იზიდავს. ერთი სიტყვით, მისივე განმარტებით, ის იმ უბრალო ადამიანების განცდებზე წერს, „რომლებიც დედამიწაზე იბადებიან და შემდეგ იძულებულნი არიან ამქვეყნიური ცხოვრების სირთულეები გადაიტანონ“.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7