ოქტომბერი (ნაწილი I)

ისევ დაზამთრდა? ისევ ცივა?

განა ფრენკი ყინულზე არ დაცურდა?

განა უკვე არ განიკურნა? განა საგაზაფხულო მარცვლეული არ დაითესა?

 

განა  არ დასრულდა ღამე,

განა დამდნარმა ყინულმა არ დატბორა ვიწრო თხრილები,

განა არ გადარჩა ჩემი სხეული, განა არ არის უვნებლად ახლა,

 

განა უკვე არ დამაჩნდა იარა

უჩინარი ჭრილობის ზემოთ?

 

განა არ მორჩა  სიცივე და სასოწარკვეთა,

არ გათოხნეს, არ გაამწვანეს სახლს უკან ბაღი?

 

როგორი იყო მიწა, მახსოვს – წითელი, მკვრივი,

არ ჩაყარეს ხნულში მარცვალი?

სამხრეთის კედელს არ აჰყვა ვაზი?

 

შენს ხმას ვერ ვიგებ

აგერ ქარი აყმუვლდა ისევ,

სტვენით დაჰქრის შიშველ მიწაზე,

 

აღარ მადარდებს

რას მაგონებს ქარის ხმა ახლა

როდის დავდუმდი, პირველად როდის მომეჩვენა

 

უსარგებლოდ ამ ხმის აღწერა,

ის, რასაც ეს ხმა მომაგონებს, ვერ შეცვლის იმას,

რაც უკვე არის –

 

განა ღამე არ დასრულდა, როცა ფარავდა ნარგავები,

განა არ იყო დედამიწა უფრო უსაფრთხო?

 

განა არ ვთესეთ მარცვლეული

განა დედამიწასა რ ვჭირდებით?

 

და ვაზი? ვაზი ჩამოკრიფეს?

        თარგმნა დალილა გოგიამ

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7