ღარიბულ სუფრას

 

ხელს იწვდი ფანჯრიდან, საღამოსკენ

ჩიტებს მოუხმობ,

მოდიან, ციაგს ნამცეცებად მოიყოლებენ.

– მზე შეჭმულაო, – თვალს უსწორებ მოწყენილობას.

პური გადმოდე, თბილი არის,

ნახორბლარია,

აგერ, ამ პურში ჩაესვენა ამ დღის ნათელი:

– მზე შეჭმულაო, – რაღა დარჩა მაშ სუფრისაგან?

ჩვენი ხმები და იმედები,

სხვა – არაფერი.

 

ჩიტები ისევ აკენკავენ საფორიაქოს,

რაზეც გავჩუმდით,

დღეს რაზედაც შემოაღამდა.

საით წარიღონ,

საით მიაქვთ,

თქვი, არსაითკენ?! ხმა არსაიდან.

ჩვენც სიჩუმე შემოგვეჩვია

და მოვიფიქრეთ პასუხების უადგილობა,

ამიტომ ისე ავხმაურდით,

როგორც ხეები –

ერთურთის მლაშე საფიქრალი გავანიავეთ.

 

თვალი დაეძებს, გულს ძილში ჰყავს გამომწყვდეული.

პური და ღვინო იგივეა,

რაღა შეცვლილა?

მხოლოდ, ფანჯრისკენ ზურგით მდგარი

გავყურებ ახლა

იმავ პორტრეტებს და

სიტყვების უადგილობას.

ღარიბულ სუფრას არაფერი შეჰმატებია.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7