დაე, იწვიმოს

 

დაე, იწვიმოს!

აღარაფერი რომ არ დარჩეს ამ თოვლისაგან,

რომელიც ბავშვურ გაკვირვებას გამოთხოვილი,

უმღერს ღატაკთა კოშმარებსა და

შიმშილობას.

დაე, იწვიმოს!

და ნურაფერი ნუ დარჩება ამ თოვლისაგან,

მსგავსად გატეხილ გულებისა და

გაწბილების –

უპოვართ ხმებმა სიჩუმე რომ გამოამსხვრიონ.

დაე, იწვიმოს!

და შეგვახსენოს ამ უთოვლო გამოზამთრებამ,

რომ ვერანაირ გამორიცხვის მეთოდს

ვერ ირგებს

დროც და ტკივილიც,

თუ რომელი რომელს დარჩება…

დაე, იწვიმოს!

რომ სასაფლაოს მოვიგონოთ სველი

ფოთლები,

ნაწვიმარ მიწის ოხშივარი და

საყდრის ეზო

(მსუბუქი სიზმრის მიღმიდან რომ გადაიხარა).

დაე, იწვიმოს!

მამის დათოვლილ სამარიდან

რომ გაიღვიძონ

და თვალი ჩემში გაახილონ იის ყლორტებმა.

დაე, იწვიმოს…

 

 

 

1 2 3 4 5 6 7