***

ის თითქმის არ იცვლებოდა.

წელიწადიდან წელიწადამდე ფენდა

სარეცხს: სხვადასხვა ზომის

პერანგებს,

კაბებს,

თუ საღამურებს.

ფენდა ჯერ სკამით,

შემდეგ – თითის წვერებზე ამაღლებული,

ბოლოს – როგორც იყო…

იცვლებოდა ტანსაცმლის ფერი –

იყო ფერადი და თეთრი,

იყო ლურჯი,

იყო უფეროც,

ვარდისფერი არასოდეს არ ყოფილა!

იფინებოდა სარეცხი.

 

და,

აი, მოკვდა მამა და

შალის ჯემპრებს ბოლო მოეღოთ.

სამაგიეროდ მოხშირდა კაბები,

რომელთაც წვიმისგან გამოლპობა ემუქრებოდათ.

გამოხდა ხანი.

ხანს კი მოჰყვა ჩვილი ბავშვის თეთრი წინდები,

სხვაც ყველაფერი…

და სარეცხიც უფრო მძიმდება.

 

ერთ დღესაც საკიდლიდან

მომსხლტარი წვეთებივით დაეშვა ქალი.

ნუთუ, სარეცხი კვლავ იფინება?!

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7