სიზმარი

 

ალბათ კარგა ხნის გამლღვარია

ღამის მარილი,

ერთი სულის შებერვაღაა განთიადის

გაჩაღებამდე,

თვალი ელვარებს ცის ბნელ თაღზე,

თაღი ეშვება.

ნასიზმრალ ცრემლებს ვინ შეგიშრობს,

ან ვინ, ვინ არის,

გაყვლეფილ მუხლზე თეთრი მიტკლით

სისხლს რომ გიმშრალებს?

ან ყოველღამე ვინ მოარწევს შენკენ

დაისებს?

ხარბად სვამს თავის ტკბილ საწამლავს

ეს გაზაფხულიც,

ცხადად ვიხილე,

თვალს რარიგ მშვიდად მიეფარა

ლურჯი ბავშვობა, –

იმ სილურჯიდან რაც დატოვა ჩვენდა საგემრად,

სიცივისაგან ფერწასული

სიმარტოვეა.

სულეთის ყვავილს აუყრია სიზმრად

ყლორტები,

ვინა ხართ?

ვისი სიმძიმილი გამინაპირებს?

იმედს ტკბილ-მწარე მოსდევს

ფონი მიღმიერიდან,

უმჯობესია, უსიტყვობა ამოირჩიოს…

 

 

 

1 2 3 4 5 6 7