რკინის სამარილე

 

ზაფხულის უწვიმარ დღეებში,

სარდაფის ამღვრეული მეხსიერება

მოიმშობიარებს ხოლმე მერმისუქონელ

ნივთებს,

რეალურად – ბავშვობის ნაზღაპრალს,

რომელიც თავისი ჩუმი და გამკივანი

ხმით ყვება

გარდასულ ამბებს.

ასეთი არის ეს სამარილეც,

რკინის თხელი ფირფიტების, ძველებური

სამარილე,

რომელზეც წაუხატავთ ისეთი მინდვრის

ყვავილები,

მე რომ არსად და არასდროს მინახავს.

სიზმრადღა მომრჩა, ბავშვს რომ მითხრეს

ოდესღაც, უწინ,

როცა ვიკითხე, სად არის-თქო ეს ყვავილები:

ეს ყვავილები მამაშენის საფლავს ესაბნა,

იქ ირწევიან, იქ არიან ეს ყვავილები.

 

მას შემდეგ რკინის სამარილე

გულს მიჩქარებდა.

განა შიძლება, იყო სამარილე,

ძველი და ცივი,

და ბავშვის გული კენჭებით ჩხვლიტო?

 

ზაფხულის უწვიმარ დღეებში

მიწურ სარდაფებს

თუ ოდესმე ამშობიარებთ,

თვალს უმერმისო პირმშოები გამოახელენ.

მაგრამ სიკვდილი მათ იმ დრომდე

არ შეეძლება,

ვიდრე ბავშვობა არ მოიკვეცს

ყოფის ნაწნავებს.

 

1 2 3 4 5 6 7