გამოღვიძება

 

ჯერ ისე შორია სინათლემდე…
აწყვია შეგრძნებები ხელისგულზე,
მოწყვეტილი ფოთლებივით
და დროა ახლა,
სიტყვა იყოს სიჩუმეზე უფრო მომთმენი…
სიჩუმითვე გაგიმეორე,
როცა შენს თვალებს გადავხედე ფოტოზე და
ისე გამაღიმა ბედმა,
თვითონ რომ სჩვევია გამოცდილებით.
მერე თავიდან მოვიწადინე,
მზის საათების გამოგონება,
შენი ახალი გაღვიძებისთვის.
არადა უკვე გათენდა ისე,
რომ სულივით დალია დღემ
სურვილი,
შეერთებულ ჩვენს სახეებზე ჩამოღამების…
ამიტომ შეხების და არა შეყვარების წინაპირობით,
მეც ვითომ არაფერი,
ვითომ ბადეში გავები,
გულთან და არა გულში, დაუკითხავად გამოგენასკვე…
ისევ შორია სინათლემდე,
ნიავს სიგრილეც გამოერია.
გაუგონარი შეძახილებით
ახალშობილი ნიმფები მდევენ, მაფხიზლებენ და მეხიზნებიან…
გამოღვიძების მცდელობას უსწრებს,
შენი მოსვლის გზაზე, რომ
თავს ვიმძინარებ
და მოლოდინსაც ვეტოლები თავფეხშექცევით…
ღამე მოიტანა წესმა,
გაღვიძებამდე,
თუ უნდა გვეძინოს,
მხოლოდ ერთსულ…
ერთად…
და ვირინდები.

 

 

1 2 3 4 5 6