მთვარის გავლენა

 

მაშინ,
როდესაც თმის ბოლოები ეხება ბალიშს,
ღამეზე ვწვებით.
აბორცვდებიან ძვლის წახნაგები,
ამარტივებენ თითების სრიალს.
სიგლუვე იწოვს იქ გრძნობას, რომლის
ემოციაც სულ აჭარბებს მიზეზს.
მე კი მგონია, რომ  მხოლოდ ახლა,

აიტან ჩემთვის მოგზაურობას

ჩემში და ისე გადიხარ სხეულს,
რომ მოძრაობის წესების დაცვას აბათილებს დრო…
მიზანი არაა ერთადერთი რაც შეიძლება
სიღრმეში დაგხვდეს.
გონიერება რომ შესასწავლი
და რამდენიმე ათეულ უბნით,
აუთვისებლად დარჩება მიღმა –
ეს სულ არ იცი…
და ,,მე”  ,,შენ” ს უდრის…
და რადგან შენთან ერთად მატარებს,
რაც იმ არნახულ შეხებას მოჰგავს,

სწორედ რომ მისთვის არს განკუთვნილი.
და სხეულების შეერთებიდან უფსკრული გწვდება ამოსაცლელი.
(ყველა აკრძალვას და რეაქციას მიაქვს წყვდიადი).
და სინათლეზე გასვლის შეგრძნებას,
ამძაფრებს ღელვის კულმინაცია…
მაშინ,
როდესაც თმის ბოლოები სცილდება ბალიშს,
ვითვისებთ ვნების ახალ ლანდშაფტებს
და დასასრულთან მორიგ მისვლამდე,
სიყვარულს ვაფორმებთ სხეულზე გავლით.
და მე მაოცებს გავლენა მთვარის,
წარმოსახვისას, მისი სისავსეც…
ან რატომ არის,
ან რატომ მათრთის,
ასეთი მძაფრი და მოვერბლანო.

 

 

1 2 3 4 5 6