* * *

და თუ ეს არაა ფიზიკა…
ტკივილი სიმძიმემ ფსკერისკენ მიზიდა,
იქ დარჩა…
სიმშვიდე კი, მსუბუქად ზედაპირზე ამოდის
და თავშეკავებული შემადგენლობით,
მომავალი შრის წარმოქმნას იტყობინება.

ასე იყო ზუსტად –
არანაირი ცდომილება,
არსებობიდან ჩემს ქალობაში რომ ჩავიხედე.

ჰაერივით აწმყომ,
წვიმებით ავიმხედრე მდინარე და
გავატარე მთელს სხეულში,
გამშრალი  ყვავილების გადასარჩენად,
ვიდრე წყურვილით დამნაშავედ მაღიარებდნენ.

კიდურები დარჩება
მიწასთან ახლოს,
ღეროსთვის წყლისფერ ალიბს ისრუტავს.
ყვავილები სიმსუბუქით ილტვიან ცისკენ, (ქარი ხომ მისუსტდა)
უნდა ისუნთქონ, მიხსნეს…

და თუ დაცემის შემდეგ ადგომა

ხასიათია და არა ფიზიკა,
გვირგვინები იტყვიან,
როცა იქნება დრო,
შუა წვიმაში ცეკვის დრო…
როცა წალეკავს
ფერების წყალდიდობა
წარსულის ხედებს და
შენთვის რომ მინდოდა
სულის მისტიკა,
გაშლას დაიწყებს
ლავიწზე ვარდებით…
ამომხედე!

 

 

1 2 3 4 5 6