ქრონიკული თვითმკვლელობა

 

1

ჩამოიშლება ჭერზე კირი, ცაზე – ჭილყვავი.

ბოლომდე ამის ჩამდენი რომ შენ არ იყავი,

ყველამ იცოდა და გიშვებდნენ მარტოს ღამეში.

ვერახდენილი სიკვდილებით გადაიღალე.

 

ჩამოიშლება და იქნება ხმა შემზარავი.

და შენთან ერთად არ იქნება მაშინ არავინ.

ტრაგედიად არ აღიქვამენ, რადგან იცოდნენ,

რადგან ნელ-ნელა დაცოტავდი. დაპატარავდი.

 

ჩამოიშლება და არ იდენს ხალხი მდინარედ.

გეცოდინება ყველაფერი ჯერაც წინ არი.

ჯერაც დრო გრჩება ზეიმის და კიდეც მოასწრებ

დასასრულიდან, არც არაფრის, გამომდინარე.

 

ჩამოიშლება და იფეთქებს სინათლესავით

შენი თვალები – შეშლილების მონათესავე,

რომ მათ იცოდნენ, რომ მათ ნახეს, უკვე იჯერეს

გული და უკვე ვერ გაასწრეს ღიმილს ვერსაით.

 

*

ვიცი დედაჩემი გერკინება

ვიცი მამაჩემი გერკინება

მე რომ მწარე ლოცვას ვსისინებ

ვიცი რომ ძალიან ეტკინებათ

მაინც მარტო ჩემი ისმინე

გთხოვ რომ დაივიწყო ისინი

 

2

მე შენ არ გიცნობ. შენ სხვა გახდი. არ მებრალები.

შენ ყოველ დილით თითო სანთელ სიკვდილს უკვეთავ.

და ერთხელაც არ დაგცდენია თითქოს, უკეთ ხარ.

ერთხელაც კი ვერ მოიფიქრე, რომ კარგადყოფნა

თამაშად მაინც შეგრგებოდა ნაავადმყოფარს.

 

მე შენ არ გიცნობ. შენ სხვა გახდი. არ მებრალები.

შენ ყოველ დილით ვინმეს უხმობ დასახმარებლად.

არ შეგიძლია ერთი თვალის დახამხამებაც

ტყუილად, თითქოს, უკეთ ხარ ან თითქოს, გიშველა

ვინმემ. რა უნდა მოახერხო ასე შიშველმა.

 

მე შენ არ გიცნობ. შენ სხვა გახდი. არ მებრალები.

მეც კი შორსა ვარ და ვინ მოვა, ვინ გაგიგონებს.

ვინ ათვლის შენთან დამანგრეველ ქორონიკონებს.

ვინ შეიძლება გაპატიოს, რომ ავადა ხარ,

რომ შენმა გულმა თავი თვითონ გააპარტახა.

 

მე შენ არ გიცნობ. შენ სხვა გახდი. არ მებრალები.

დარჩი ამარა ნივთების და ძველი ფირების

და ყველა მათგანს, გამქცევივით, ეფოფინები.

მათაც დაკარგავ იცი, თუ თავს არ მოერიე,

თუ არ აჯობე სულში ყველა მცოცავ მორიელს.

 

*

ვიცი დედაჩემი გერკინება

ვიცი მამაჩემი გერკინება

მე რომ მწარე ლოცვას ვსისინებ

ვიცი რომ ძალიან ეტკინებათ

მაინც მარტო ჩემი ისმინე

გთხოვ რომ დაივიწყო ისინი

 

 

1 2 3 4 5 6 7 8