* * *

გეძებდით. ძალიან დიდი ხნის ჭადართან

ვიდექი და ისე ძალიან გეძებდით,

რომ ყველა ზეიმი უჩემოდ ჩატარდა,

უჩემოდ გავიდა, ვერ ვნახე ვერცერთი.

 

გეძებდით. და თქვენი სუნთქვა რომ მოვიდა,

უეცრად დავმშვიდდი და ჩადგნენ ქარები.

გიცანით ისე შორს, თუმც ასე შორიდან

აღარც მეკუთვნოდით და მიუკარებლად

 

გიპოვეთ. და ცვივა ჭადრიდან ფოთლები

და თქვენი სუნთქვაა გარშემო სუყველგან.

და ისევ მიყვარხართ. ისე შეშფოთებით,

რომ თითქოს ვერ მცნობდნენ და სივრცეს ვუყეფდე.

 

ვუყეფდე გაბმულად. ახლა იშვიათად

ვიხსენებთ წარსულს და ვივიწყებთ აწმყოსაც.

და ვხვდებით ყოველდღე დანგრეულ თეატრთან.

სადღაც წარსულიდან რა ტკბილად მახსოვხართ…

 

 

* * *
ერთი დღის კი არ მეშინია,

მაგას რამეს მოვუხერხებ,

როგორმე გავიყვან.

დღეების ხროვა რო დაგროვდება,

აი იმისი.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8