* * *

გ. კალანდიას და დ. ჯაიანს

 

რაც წამოვედით,

მჟავე ნაყოფს ისხამს ლიმონი,

კი არ მწიფდება…

ფორთოხალი, მანდარინიც კი.

ცხოვრებას რომ ჰგავს,

ეს ყოფა ხომ გამოვიგონეთ

და ხმაურისკენ

მხოლოდ სიტყვის ჟინმა გვიბიძგა!

განა შორია

სოხუმიდან მცხეთა-თბილისი,

მაგრამ სიზმარში,

როცა მომაქვს მიწის სურნელი

თქვენკენ…

ისეთი გრძელი გზაა,

ღმერთო… ვინ იცის…

არადა, სხვა გზის,

სხვა სურნელის არ ვარ მსურველი!

 

 

* * *

ექსპრომტად 

ბედისწერით თუ ბედით კმაყოფილს
გზად შენი ერთი ღიმიც მეყოფა!
როგორც, ხანდახან, მთლიან ნათელში
მზეს ერთი სხივი გამოეყოფა –
მოწყდი ფიქრებს და არ მედარდება –
ვის რას ვუშავებ, ან შენ რა გიჯობს…
……….
არ გიფიქრია,  ჩემი ქარ-ცეცხლით
შენს სიმშვიდეში შემოვაბიჯო?!.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11