* * *

ღამდება. ახლა თრობის დრო თუა

(ისე დაიტყო გულმა ამინდი),

მე კი მივყვები ამ გრძელ ტროტუარს

და არც კი ვიცი, ეს გზა სად მიდის.

არა, არა ვარ ისე ყოჩაღად,

ვიგუო დიდხანს მწველი ხანძარი.

თუ დამიჯერებ, ცხადი მორჩა და,

სიზმარი კიდე, იცი, რაც არი…

 

 

* * *

ეს უკვე აღარც სიკვდილია! მიწა განქარდა

და ცა კი არა, ახლა ლურჯი სევდა დამყურებს.

ჩამოფხრეწილი „მშვიდი“ სახით ისევ აქ ვარ და

ჩემივე სისხლით დარწყულება დავიმსახურე!

ღამე ვერაფერს იმეორებს და მეც განა ფერს

ვაშველებ წყვდიადს?! ძილის იქით ბურანს ვეძლევი!

არ ვეპირები საგულისხმოს ახლა არაფერს,

სტრიქონი ისე უხმაუროდ მშლის და ვერც ვერვინ

გადმოდგამს ჩემკენ ნაბიჯს, რადგან მიწა განქარდა,

რომელსაც არც კი შეხებია ჩემი ტერფები.

ნუ შემიძულებ! – უარაფრო თუმცა, – აქ ვარ და

მერე რა, თუკი ამ გარღვეულ ცხადში ვერ ვთბებით!

და კედელს მკრთალად შერჩენილი ორი ქარაგმა

მაფიქრებინებს – სხვაზე მეტი არ ვარ მისხალით!

დრომ კი არადა, გულითფიქრმა ყველა ალაგმა,

რაც სიყვარულით გამანდე და რაც ვერ მითხარი!

გეგონოს! „ქვეყნის აღსასრული“ შენ არ გეხება,

თითქოს ეს შენ არ აგემღვრიოს ფიქრის სათავე…

და ახლა უნდა მაპატიო, გზა ჩამეხერგა

და ზეცა თუ არ ჩამოვიმხე, ცუდად ვამთავრებ!

შენ უკეთ იცი, ამას იქით, რაც და ვინც გინდა

მონოტონურად მფეთქავ გულში როგორ ჩანაცრო!

მე კი… მე… ელვა-გაფიქრება, ოდნავ ბიძგი და

ისე ვიმსხვრევი, ვმეორდები მერე არასდროს!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11