კულტურათა ურთიერთქმედების თეორიის აგებისათვის (სემიოტიკური ასპექტი)

ლიტერატურათა შესწავლის ეროვნული მასალის საზღვრებიდან გასვლა მითოლოგიურ სკოლასა და ინდოევროპულ მეცნიერებას უკავშირდება. იმპულსად იქცა იმ ტექსტთა საოცარი, თანაც სულ სხვადასხვა დონეზე დამთხვევის ფაქტები, რომელთა მსგავსება აქამდე არც კი ივარაუდებოდა. ყოველი სხვა მცდელობა1, იქნებოდა ეს „ნასესხობათა სკოლა“, კულტურულ-ისტორიული ანალიზი, ნიკო მარის მიერ ენების განვითარების სტადიებად დაყოფა თუ სხვა, სწორედ ამ საკითხის – ერთმანეთისაგან კულტურულად თუ ისტორიულად დაშორებულ ლიტერატურებში, მითოლოგიებსა და ხალხურ-პოეტურ ტრადიციებში სახელთა, მოტივთა, სიუჟეტთა, მხატვრულ სახეთა თანხვედრა – ახსნას ეძღვნებოდა. იგივე პრობლემაა დღევანდელ კვლევათა ყურადღების ცენტრშიც. თითქმის საუკუნნახევარი კვლევების შეჯამებად შეიძლება ჩაითვალოს კონცეფცია, რომელიც ყველაზე მკაფიოდ ვ. მ. ჟირმუნსკისა და ნ. ი. კონრადის შრომებში იკვეთება.

ამ რაიონებში ლიტერატურის შედარებითი შესწავლის საკითხი მკაფიო მეთოდოლოგიურ ფორმებში მოექცა: მთლიანი ტექსტებისა თუ ცალკეული ელემენტების დონეზე მკვეთრად გაიმიჯნა ყველა გენეტიკური თუ ტიპოლოგიური სიახლოვე,რასაც საფუძვლად დაედო სტადიური ერთიანობის იდეა, რომელიც ჯერ კიდევ ე. ბ. ტეილორმა2 წამოაყენა. ამას მიიჩნევდნენ „მსოფლიო ლიტერატურის“ შესახებ გოეთეს ჩანაფიქრის რეალიზიციის საშუალებად. სტადიურ ერთიანობაში ეგულებათ პრინციპული პირობა, რომლის მეშვეობითაც მკვლევარს შეუძლია როგორც ტიპოლოგიური შეპირისპირებების ჩატარება, ასევე ისტორიულ-კულტურული „გავლენებისა“ თუ „ნასესხობების“ შესწავლა. როდესაც ნ. ი. კონრადი იაპონურ სარაინდო კულტურასა თუ ჩინურ რენესანსზე საუბრობს, მას მხედველობაში აქვს ის, რომ კულტურული განვითარების მსოფლიო-ისტორიული სტადიები ერთმანეთისაგან სრულიად დაშორებულ კულტურულ არეალში წარმოშობენ ტიპოლოგიურა  დ მსგავს მოვლენებს. „თუმცა, როგორც ვ. მ. ჟისმუნსკი აღნიშნავს, სხვადასხვა ხალხის ლიტერატურებში ისტორიულად მსგავსი მოვლენების კონკრეტული შედარებითი ანალიზისას ლიტერატურულ პროცესთა სტადიურ-ტიპოლოგიური ანალოგიების საკითხი აუცილებლად უპირისპირდება არანაკლებ არსებით საკითხს, კერძოდ, საერთაშორისო ლიტერატურულ ურთიერთობებს. აშკარაა, რომ ამის მთლიანად გამორიცხვა შეუძლებელია. კაცობრიობის ისტორია ფაქტიურად არ იცნობს კულტურის (შესაბამისად, ლიტერატურის) აბსოლუტურად იზოლირებული განვითარების მაგალითებს, როცა ცალკეულ ტერიტორიებს შორის არ არსებობს პირდაპირი, ან დისტანციური ურთიერთქმედება და გავლენა“. 3

ვ. ჟირმუნსკის მტკიცებით, ამგვარი თანამოქმედების წინაპირობას წარმოადგენს სტადიური ერთიანობისა და “კლასობრივი საზოგადოების განვითარებისათვის დამახასიათებელი უთანასწორობის, წინააღმდეგობრიობისა და ჩამორჩენილობის“ თანათავსებადობა „მთლიანი სოციალ-ისტორიული პროცესისათვის დამახასიათებელი უთანაბრობების“ ფონზე. 4

ვ. მ. ჟირმუნსკი ეყრდნობა, ერთი მხრივ, კ. მარქსის ცნობილ დებულებას, რომ „ინდუსტრიულად უფრო განვითარებული ქვეყანა ნაკლებად განვითარებულს მხოლოდ მომავლის სურათს უჩვენებს“.5 მეორე მხრივ კი, აკადემიკოს ა. ნ. ვესელოვსკის დებულებას „შემხვედრი დინებების“ შესახებ და ასკვნის, რომ ნებისმიერი გარეგანი გავლენა ლიტერატურის იმანენტურ განვითარებას მხოლოდ აჩქარებს.

ზემოთ გამოთქმული მოკლე დებულებები კულტურათა შედარებითი შესწავლაში იმ დროისათვის მნიშვნელოვან მიღწევად თვლებოდა და თავის ფასეულობას დღესაც ინარჩუნებს. თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მეცნიერების განვითარების თანამედროვე ეტაპზე მხოლოდ ამ დებულებებით უნდა შემოვიფარგლოთ.

უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევართა ყურდღების მიღმა რჩება იმ ფაქტორთა ფართო წრე, რომელშიც ურთიერთქმედების იმპულსს ქმნის არა მათი მსგავსება-სიახლოვე (იქნება ეს სტადიური, სიუჟეტ-მოტივური, ჟანრული და სხვ.), არამედ განსხვავებულობა. ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ მხოლოდ ორი მიზეზი, რომლებიც რაიმე საგნისა თუ იდეის მიმართ რაიმე ინტერესს, ან მისი მიღებისა თუ ათვისების სურვილს იწვევს: 1) მე ის მჭირდება, რადგან მე მისი მესმის, ვიცნობ მას, იგი ნაცნობ წარმოდგენებსა და ღირებულებებს შეესაბამება; 2) მე ის მჭირდება, რადგან არ მესმის მისი, არ ვიცნობ მას, იგი არ ეწერება ჩემს წარმოდგენებსა და ღირებულებებში; პირველს შეიძლება ეწოდოს „საკუთარის“, მეორეს – „უცხოს ძიება“. კულტურათა შედარებითი შესწავლა დღემდე ატარებს თავისი ინდოევროპული თუ მითოლოგიური „წინარესამშობლოს“ ანაბეჭდს, რაც გავლენას ერთნაირობის ელემენტთა ძიების მთელ ტექნიკაზე ახდენს. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ეფექტურია ირანულ და კელტურ გადმოცემათა მოტივებს შორის მსგავსების დანახვა, ვიდრე ისეთ ტრივიალურ ფაქტზე ყურადღების გამახვილება, როგორიცაა მათ შორის არსებული განსხვავებულობა. თუმცა როდესაც მიზნად არა ცალკეულ კულტურათა უბრალოდ სტადიურ-პარალელური, ან თუნდაც იმანენტურად ავტონომიური ისტორიის აგებას, არამედ კაცობრიობის კულტურის ისტორიის შექმნას ვისახავთ, მასალის ამგვარ შერჩევას მივყავართ დაუსაბუთებელ დასკვნამდე: ამ მრავალფეროვან მასალას ერთ მთლიანობად სწორედ ეს კონვერგენცია (დაახლოება) კრავს.


1 – ავტორი აქ ხმარობს სიტყვას Юколы- 1) მზეზე გამოყვანილი თევზი ან ირმის ხორცი ჩრდილოეთის ხალხებში 2) გამოგონილი ადგილი ფინელი კლასიკოსის ალექსის კივის რომან-პიესაში „შვიდი ძმა“ (მთარგმნ.)

2 – https://en.wikipedia.org/wiki/Edward_Burnett_Tylor

3 – ვ. მ. ჟირმუნსკი, რჩეული შრომები: შედარებითი ლიტმცოდნეობა: დასავლეთი და აღმოსავლეთი. ლ., 1979. გვ. 20

4 – იქვე

5 – კ. მარქსი, ფ. ენგელსი. თხზ. ტ.23, გვ. 9

 

1 2 3 4 5 6 7