ამ დროს შეუმჩნეველი რჩება ერთი ზოგადი მოსაზრება: თუკი ყოველი კულტურული კონტაქტის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მან უნდა შეავსოს გამოტოვებული რგოლი და დააჩქაროს კულტურის ევოლუციის სვლა წინასწარ დადგენილი მიმართულებით, მაშინ ისტორიულ განვითარებასთან ერთად კულტურული სტრუქტურის სიჭარბეც პროგრესულად უნდა იზრდებოდეს (რაც ისედაც ივარაუდება „ახალგაზრდა“, შინაგანი შესაძლებლობებით მდიდარი და „ხანშიშესული“, ამოწურვის პირამდე მისული კულტურების კონცეფციის თანახმად; ეს მხოლოდ და მხოლოდ პოეტური კონცეფციაა და მას არავითარი მეცნიერული ღირებულება არ გააჩნია). კულტურული კონტაქტის ყოველი ფაქტი ამ სიჭარბეს უნდა ზრდიდეს, რომლის შედეგი იქნებოდა კულტურული პროცესის პროგნოზირებადობის განუხრელი ზრდა მისი ისტორიული განვითარების კვალდაკვალ. ეს კი ეწინააღმდეგება როგორც რეალურ ფაქტებს, ასევე იმ ზოგად წარმოდგენებს, რომელიც არსებობს კულტურის, როგორც ინფორმაციული მექანიზმის მნიშვნელობის შესახებ.

სინამდვილეში კი სრულიად საპირისპირო პროცესი შეინიშნება: კულტურული განვითარების ყოველი ახალი ნაბიჯი არათუ ამოწურავს, არამედ ზრდის კულტურის ინფორმაციულ მნიშვნელობას და შესაბამისად კი არ ამცირებს, არამედ ზრდის მის შინაგან განუსაზღვრელობასა თუ იმ შესაძლებლობებს, რომელთა რეალიზაციაც ამ პროცესში ვერ მოხდა. ამ პროცესში კულტურულ ღირებულებათა გაცვლის როლი დაახლოებით ასე გამოიყურება: დიდი შინაგანი განუსაზღვრელობის სისტემაში შეაქვთ ტექსტი გარედან, რომელიც სწორედ იმიტომ, რომ ეს არის ტექსტი და არა შიშველი „აზრი“ (ჟოლკოვსკი-შჩეგლოვის მნიშვნელობით), იგი ფლობს შინაგან განუსაზღვრელობას და წარმოადგენს არა რომელიმე ენის არამატერიალიზებულ რეალიზაციას, არამედ ისეთ პოლიგლოტურ წარმონაქმნს, რომელიც ექვემდებარება რამდენიმე ინტერპრეტაციას სხვადასხვა ენის პოზიციიდან, შინაგანად კონფლიქტურია და ყოველ ახალ კონტექსტში სრულიად ახლებურად იხსნება.

ამგვარი შემოჭრა მკვეთრად ამაღლებს მთელი სისტემის შინაგან გაურკვევლობას და ყოველ მომდევნო ეტაპს ნახტომისებურ მოულოდნელობას ანიჭებს. თუმცა რახან კულტურას თვითორგანიზაცია შეუძლია, იგი საკუთარ თავს კრიტიკოსთა, თეორეტიკოსთა, გემოვნების კანონმდებელთა თუ ზოგადად კანონმდებელთა მეშვეობით მეტა-სტრუქტურულ დონეზე მუდმივად აღწერს როგორც ერთმნიშვნელოვნად წინასწარგანჭვრეტად და მკაცრად ორგანიზებულ სტრუქტურას. ეს მეტააღწერები, ერთი მხრივ, ერთვებიან ცოცხალ ისტორიულ პროცესში ისევე, როგორც გრამატიკები ენის ისტორიაში, რომლებიც მერე ამ ენის განვითარებაზე საპირისპირო გავლენას ახდენენ; მეორე მხრივ, მათ ხელთ იგდებენ კულტურის ისტორიკოსები, რომლებიც ცდილობენ კულტურის რეალური ქსოვილის გაიგივებას ამგვარ მეტააღწერას თან, რომლის კულტურული ფუნქცია იმის დაუნდობელი არევ-დარევაა, რამაც თავის მასაში ზედმეტი გაურკვევლობა შეიძინა. კრიტიკოსი წერს იმაზე, თუ როგორ უნდა მიდიოდეს წესით ლიტერატურული პროცესი. ბუალო ამ ნორმებს სწორედ იმიტომ ადგენს, რომ პროცესი სხვანაირად მიდის, ნორმები კი ირღვევა (სხვა შემთხვევაში ეს წერაც ყოველგვარ აზრს დაკარგავდა), ისტორიკოსი კი ვარაუდობს, რომ აქ საქმე გვაქვს თუ მთლად რეალური პროცესის აღწერასთან არა, მის გაბატონებულ ვერსიასთან მაინც. იურიდიული ყოფა-ცხოვრების არც ერთი აღმწერელი, განიხილავს რა მე-18 საუკუნის რუსეთის მთავრობის მიერ ქრთამის მუდმივ აკრძალვებს, არ გამოიტანს დასკვნას, რომ ქრთამები გაქრა, პირიქით, ივარაუდებს, რომ რეალურ ცხოვრებაში ქრთამი ფართოდ იყო გავრცელებული. თუმცა ლიტერატურის ისტორიკოსი თვლის, რომ მას უფლება აქვს ივარაუდოს, რომ მწერლები უფრო მკაცრად იცავდნენ თეორეტიკოსთა განაწესებს, ვიდრე ჩინოვნიკები სისხლის სამართლის კანონებს. საკუთარი თავის მეტააღწერა კულტურისათვის ჩონჩხი ან საყრდენი კი არაა, არამედ ერთ-ერთ სტრუქტურული პოლუსია; ისტორიკოსისათვის კი ეს მეტააღწერა არის არა მზა გადაწყვეტილება, არამედ შესასწავლი მასალა, კულტურის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც თავის სხვა მექანიზმებს მუდმივად უპირისპირდება.

 

 

თარგმნა  შორენა შამანაძემ

 

 

1 2 3 4 5 6 7