რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ სხვადასხვა სახის ელემენტთა ურთიერთგავლენებს მკვლევართა ყურადღება აქამდე არ დაუმსახურებია. ჯერ კიდევ ვ. ბ. შკლოვსკიმ და ი. ნ. ტინიანოვმა გაამახვილეს ყურადღება უცხო კულტურის შეთვისების პროცესში ტექსტების ფუნქციათა ცვლილებაზე, აგრეთვე იმაზეც, რომ ტექსტის ზემოქმედების პროცესი მის ტრანსფორმაციას უკავშირდებოდა.6 აქედან გამომდინარეობდა, რომ თვით ერთსა და იმავე კულტურის წიაღშიც კი, ლიტერატურული მემკვიდრეობითობის პროცესის აქტიური წევრობისათვის ნაცნობი და „საკუთარი“ ტექსტი უნდა გარდაქმნილიყო, თუნდაც პირობითად, უცნობ და „უცხო“ ტექსტად.

მას შემდეგ, რაც დ. დიურიშინმა აჩვენა, რომ ერთი რომელიმე ნაციონალური ლიტერატურის შიგნით არსებულ სხვადასხვა ტექსტებისა და სხვადასხვა ნაციონალური ლიტერატურების ტექსტების ურთიერქმედებებს შორის არ არსებობს არსებითი განსხვავება კონტაქტის მექანიზმის მიხედვით, აშკარა გახდა ამ დებულებათა მნიშვნელოვნება კომპარატივისტიკის თვალსაზრისით.

კონკრეტულ-შედარებით გამოკვლევათა დიდი რაოდენობა აგებულია სწორედ ამა თუ იმ ტექსტისა თუ ლიტერატურული მოვლენის სხვა ტრადიციის მიერ მათი ათვისების პროცესში ტრანსფორმაციებისა თუ სტრუქტურული ძვრების შესწავლაზე. ამდენად ეს საკითხი ახალი არ არაა. თუმცა, თეორიული თვალსაზრისით, იგი ჯერ ბოლომდე არ გარკვეულა. უაღრესად მნიშვნელოვანია დ. დიურიშინის დებულება, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ტექსტის თეორიისადმი მიძღვნილ მის ზოგად შრომებს.7 შემდგომში შევეცდებით ვაჩვენოთ, რომ შესაძლებელია მისი მნიშვნელოვანი გაფართოება იმდენად, რომ მასში შევიდეს შემოქმედებითი აზროვნების ყველა სახეობა, დაწყებული ინდივიდუალური შემეცნების აქტით და დამთავრებული გლობალური მასშტაბის ტექსტობრივი ურთიერთქმედებით.

თუმცა სანამ ამ პრობლემაზე გადავიდოდეთ, აუცილებელია განვიხილოთ ის ასპექტი, რომლის მეშვეობითაც ამ საკითხის შესწავლას ვაპირებთ. აქამდე მკვლევართა ყურადღების ცენტრში იყო იმ წინაპირობათა საკითხი, რომლის დროსაც იქმნება შესაძლებლობა, რომ ტექსტმა მოახდინოს გავლენა ტექსტზე. ჩვენ სხვა რამე გვაინტერესებს: რატომ, რა პირობებში თუ რომელ კონკრეტულ კულტურულ სიტუაციაშია აუცილებელი უცხო ტექსტი. ეს საკითხი სხვანაირადაც შიძლება დაისვას: „საკუთარი“ ტექსტის შემოქმედებითი განვითარებისთვის როდის და რა პირობებში შემოდის „უცხო“ ტექსტის აუცილებლობა, ან – და ეს ერთი და იგივეა – „ჩემი“ შემეცნების შემოქმედებითი განვითარების აუცილებელ პირობად როდის იქცევა კონტაქტი სხვა „მესთან“.

ყოველი შემეცნება მოიცავს ლოგიკური ოპერაციების უნარს, ე.ი. რიგი თავდაპირველი გამონათქვამების განსაზღვრული ალგორითმების მიხედვით ტრანსფორმაციის შესაძლებლობას, ასევე შემოქმედებითი აზროვნების ელემენტებს. ეს უკანასკნელი გამოიხატება ამოსავალი გამონათქვამების ერთმნიშვნელოვნად გაუთვალისწინებელი ხერხით ტრანსფორმაციის უნარში. აქ მნიშვნელოვან როლს ანალოგური8 მექანიზმები ასრულებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ანალოგები უნდა შეირჩეს ისე, რომ მათი ერთმნიშვნელოვანი ალგორითმიზაცია გამორიცხული იყოს. ამასთანავე არც იმის თქმა შეიძლება, რომ ანალოგურ მექანიზმს აქ ალბათური ბუნება ექნება. ამ ვარაუდს ეწინააღმდეგება მთელი რიგი განსხვავებული მოსაზრებებისა. ავიღოთ თუნდაც ამ ინტელექტუალურ პროცესთა პრინციპული ერთჯერადობა და შესაბამისად, მათი შეუთავსებლობა სტატიკურ მოდელირებასთან, რაც შესაძლო მოდელირებაზე საუბარსაც კი საფუძველს აცლის. აქ უფრო ვილაპარაკებთ ცნებაზე „პირობითი ექვივალენტურობა“ (მნიშვნელობას ქვემოთ განვმარტავთ), რომელიც ანალოგიის მოცემულ აპარატში შედის.

როგორც ჩანს, ყოველი შემეცნება გულისხმობს როგორც ასეთი, ასევე ისეთი აზროვნების ელემენტებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მეცნიერულ აზროვნებაში ჭარბობს ლოგიკური სტრუქტურები, მხატვრულ აზროვნებაში – შემოქმედებითი სტრუქტურები, ყოფითი აზროვნება კი, სავარაუდოდ, სადღაც შუაშია მოქცეული.

შემოქმედებითი შემეცნების ფსიქოლოგიურ მექანიზმთა კვლევა სცდება ჩვენი კომპეტენციის საზღვრებს. იმ მიზნისათვის, რომლებსაც ჩვენ ვისახავთ, სრულიად საკმარისია თუ შემოვიფარგლებით ჩვენთვის საინტერესო სიტუაციათა რამდენიმე ზოგად-კიბერნეტიკული მოდელირებით.

შემოქმედებით შემეცნებას ჩვენ ვუწოდებთ ისეთ ინტელექტუალურ მოწყობილობას, რომელსაც ახალი შეტყობინებების გაცემა შეუძლია. ახალ შეტყობინებად კი მხოლოდ ისეთს ჩავთვლით, რომლის გამოყვანა ზოგიერთი სხვა შეტყობინებიდან ნებისმიერი მოცემული ალგორითმის მეშვეობით ერთმნიშვნელოვნად შეუძლებელია. ამასთან ამგვარ საწყის შეტყობინებად შეიძლება მოგვევლინოს როგორც ტექსტი ნებისმიერ ენაზე, ასევე ტექსტი ობიექტ-ენაზე, იგივე რეალობა, რომელიც ტექსტად განიხილება.

კულტურის მექანიზმში აქტიურად იკვეთება არა მარტო მისწრაფება კოდების უნიფიკაციისა თუ ადრესატისა და ადრესანტის ურთიერთგაგების მაქსიმალური გაიოლებისადმი, არამედ საპირისპირო ტენდენციებიც. მტკიცებულება არ სჭირდება იმას, რომ კულტურის მთელი განვითარება უკავშირდება პიროვნების სტრუქტურის გართულებასა და პიროვნული ინფორმაციის კოდირების მექანიზმთა ინდივიდუალიზაციას. მეტ განმარტებას მოითხოვს ეს პროცესი, რომელიც განსაკუთრებულად ბობოქარია სოციოკულტურული ცხოვრების ინტენსიური განვითარებისა და გართულების ჟამს.

აშკარაა ის სოციოკომუნიკაციური სირთულეები, რომელიც უკავშირდება ცალკეულ პიროვნებათა შიდასემიოტიკურ სტრუქტურათა ინდივიდუალიზაციას. როდესაც კომუნიკაციურობა იმდენად მკვეთრად კლებულობს, რომ ცალკეულ პიროვნებათა შორის ურთიერთობები ძალიან რთულდება და სრულ იზოლაციამდეც კი მიდის, რაც, რა თქმა უნდა, უკვე სოციალური ავადმყოფობაა. ამ სიტუაციას შედეგად იმდენი საზოგადოებრივი თუ პიროვნული ტრაგედია მოყვება, რომ ჩამოთვლაც კი შეუძლებელია. ეს აშკარაა და კარგად ეთანხმება ინფორმაციათა კლასიკური თეორიების ამოსავალ დებულებებს, რომელთა თანახმად შეტყობინების გადაცემის პროცესში მომხდარი ყოველგვარი ცვლილება მავნე დამახინჯებისა და არხებში ხმაურის შეჭრის შედეგია; ამაში ბრალი მიუძღვის არა კომუნიკაციის თეორიულ მოდელს, არამედ მის არასრულყოფილ ტექნიკურ რეალიზაციას.


6 – ტინიანოვი ი.ნ.  პოეტიკა. ლიტეარატურის ისტორია. „კინო“. მოსკ., 1977. გვ.257 და სხვ.

7 – შეუძლებელია თეორიისადმი მიძღვნილი ზოგადი შრომების თუნდაც მოკლედ ჩამოთვლა, იმდენად მრავალრიცხოვანია იგი. დ. დიუშანინისა და მისი კონცეფციისათვის ყველაზე ახლოს დგას ი. მუკარჟოვსკისა და ბაკოშის ნაშრომები, აგრეთვე სლოვაკი მკვლევარების შრომები ფ. მიკოს ხელმძღვანელობით.

8 – http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=3354

 

1 2 3 4 5 6 7