თუმცა წარმოდგენა, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გვერდით და პარაზიტულ ეფექტთან, ეწინააღმდეგება კულტურის მთელს ისტორიას, რომელიც გვარწმუნებს, რომ კოდების ინდივიუალიზაცია ისეთივე აქტიური და მუდმივმოქმედი ტენდენციაა, როგორც მათი გენერალიზაცია. უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვაწყდებით განვითარების უფრო ზოგად ტენდენციას.

თუკი ბიოლოგიური განვითარების პროცესში გამრავლების ბიოლოგიურ ფუნქციასა და მისი მექანიზმების ევოლუციას დავაკვირდებით, ზემოთ აღნიშნულ პროცესებთან პარალელიზმს ვიპოვით. ევოლუციური კიბის ყველაზე დაბალ საფეხურებზე გამრავლება მიმდინარეობს დაყოფის საშუალებით, ასეთივე მარტივი და ხელმისაწვდომია თავდაპირველი ხერხიც. შემდეგ ჩნდება სქესობრივი კლასები და განაყოფიერებისათვის აუცილებელი ხდება სხვისი9 არსებობა, რაც მაშინვე ართულებს ფიზიოლოგიურ ფუნქციას, რომლის უთუო აუცილებლობა სიცოცხლის გაგრძელების პროცესში თითქოს უკიდურეს სიმარტივესა და გარანტირებულობას უნდა თხოულობდეს. მომდევნო, ჯერ კიდევ წინარეკულტურული ეტაპი, რომელიც ზოოლოგიურ გაერთიანებებში ფართოდაა წარმოდგენილი, მდგომარეობს არჩევითობის შემოღებაში:

მოდგმის გასაგრძელებლად ვარგისია არა ნებისმიერი ინდივიდი საპირისპირო სქესობრივი კლასიდან, არამედ რომელიმე განსაზღვრული ჯგუფი ან მკაცრად გამოყოფილი ერთეული. სულ უფრო და უფრო მეტი აკრძალვების შედეგად უკვე ცხოველთა სამყაროშიც იქმნება სიყვარულის რთული სემიოტიკური გაგება, რომელიც კულტურული განვითარების კვალდაკვალ განსაკუთრებულად უშუალო ხდება, ანუ ინფორმაციის აღქმასა და გადაცემაში არ მონაწილეობს გრძნობათა ორგანოები. უამრავი ტომი შეიძლება მიეძღვნას იმას, თუ რა მექანიზმებს იყენებს კულტურა გამრავლების ფუნქციის გასართულებლად, ხშირად კი პრაქტიკულად განუხორციელებელს ხდის მას (პლატონური სიყვარულის იდეალი, რაინდული სიყვარულის კოდექსი, შუასაუკუნეების ზოგიერთი სექტის მისტიკური ეროტიზმი და სხვ.). ისევე როგორც კომუნიკაციის შემთხვევაში, აქაც ჩვენ ვეჯახებით სულ უფრო და უფრო მზარდი გართულების პროცესს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საწყის ფუნქციასთან. რატომღაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ რისი კეთებაც აუცილებელია, გაკეთდეს არა ყველაზე იოლი, არამედ ყველაზე რთული გზით.

თუკი კომუნიკაციურ პროცესებს დავუბრუნდებით, მაშინ ყურადღება კიდევ ერთ ასპექტს უნდა მივაქციოთ. ურთიერთგაგების ცალსახობას მარტო კოდირების სისტემების გართულება როდი აძნელებს. კულტურული განვითარების პროცესში გამუდმებით რთულდება გადაცემული შეტყობინების სემიოტიკური სტრუქტურა და ესეც იწვევს ცალსახა გაშიფვრის გართულებას. თუკი ტექსტური სტრუქტურის სირთულის მატების მიხედვით შეტყობინებებს ერთ რიგში ასე გავამწკრივებთ: ქუჩის სიგნალიზაციის შეტყობინება – ტექსტი ბუნებრივ ენაზე – ღრმა პოეტური ტალანტის ქმნილება, მაშინ ცხადია, რომ პირველ მათგანს მიმღები გაიგებს მხოლოდ ცალსახად, მეორე შეტყობინება ძირითადად ორიენტირებული იქნება ცალსახა („სწორ“) გაგებაზე, თუმცა ორაზროვნებაც დასაშვები იქნება, მესამე შემთხვევაში კი ცალსახოვნება პრინციპულად გამოირიცხება. ჩვენ კვლავ კომუნიკაციურ პარადოქსს ვაწყდებით: ტექსტი, რომელიც კულტურული თვალსაზრისით ყველაზე ღირებულია და რომლის გადაცემაც ყველაზე დიდი გარანტიით უნდა ხდებოდეს, გადაცემას ყველაზე ნაკლებად ერგება.

გვაქვს თუ არა საქმე ყველა ამ შემთხვევაში სისტემის „ტექნიკურ გაუმართაობასთან“? ღებულობს თუ არა სისტემა, როგორც ასეთი, რაიმე სარგებელს მოცემული ტექსტების სირთულით ან სქესობრივ ფუნქციაზე კულტურული აკრძალვების დაწესებით?

ამ კითხვებზე, როგორც ჩანს, დადებითი პასუხები მხოლოდ მაშინ გაიცემა, თუკი ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ შეტყობინებების გადაცემა არ წარმოადგენს კომუნიკაციურ თუ კულტურულ მექანიზმთა ერთადერთ ფუნქციას. ამასთან ერთად ისინი გამოიმუშავებენ ახალ შეტყობინებებს, ანუ ისინი იმავე როლში გამოდიან, როგორშიც – მოაზროვნე ინდივიდს შემოქმედებითი ცნობიერება.

წარმოვიდგინოთ, რომ T1 ტექსტი არა მარტო უნდა გადაიცეს А1 და А2 კავშირის არხებით, არამედ L1 ენიდან L2 ენაზე უნდა ითარგმნოს კიდეც. თუკი ამ ენებს შორის ცალსახა შესატყვისობა არსებობს, მაშინ თარგმნის შედეგად მიღებული Т2 ახალ ტექსტად ვერ ჩაითვლება. იგი შეიძლება დახასიათდეს, როგორც საწყისი ტექსტის ტრანსფორმაცია მითითებული წესების შესაბამისად, T1 და T2 კი ერთი და იმავე ტექსტის ორ ჩანაწერად შეფასდება.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ თარგმნა მიმდინარეობს L1 ენიდან L’ ენაზე, რომელთა შორის უთარგმნელი ურთიერთობაა. პირველი ენის ელემენტებს არ გააჩნიათ ცალსახა შესატყვისები მეორის სტრუქტურაში. თუმცა კულტურული კონვენციის ფარგლებში, რომელიც ისტორიის მანძილზე სტიქიურად ან სპეციალური ძალისხმევით ჩამოყალიბდა, ამ ორი ენის სტრუქტურათა შორის მყარდება პირობითი ექვივალენტურობის დამოკიდებულება. მსგავსი შემთხვევები რეალურ კულტურულ პროცესში სრულიად კანონზომიერი მოვლენაა და რეგულარულად ხდება. ჟანრთაშორისი კონტაქტების ყველა შემთხვევა (მაგ, ნარატიული ტექსტების საყოველთაოდ ცნობილი ეკრანიზაციები) ამ კანონზომიერებათა კონკრეტულ რეალიზაციას წარმოადგენს.

განვიხილოთ ზუსტად ეს შემთხვევა, რადგან აქ უთარგმნელობა სრულიად აშკარა იქნება, თანაც ყველას გვახსოვს, როგორ დაჟინებით ცდილობდნენ ამგვარი თარგმანების განხორციელებას.

 


9 – ჩვენ მხოლოდ უხეშად მიმსგავსებულ სურათს ვიძლევით. სინამდვილეში „ფორმულას „სხვა სხვა სქესობრივი კლასიდან“ წინ უსწრებს უბრალოდ „სხვის“ მოთხოვნა“: სქესობრივი კლასი ჯერ კიდევ ერთია, თუმცა გამრავლებისთვის საჭიროა წინასწარი შერწყმა სხვა არსებასთან, თუმცა სქესობრივი განსხვავებანი მათ შორის ჯერ კიდევ არ არის.

 

1 2 3 4 5 6 7