თუკი კინოთხრობის ენას შევადარებთ ნარატიულ-სიტყვიერ სტრუქტურებს, დავინახავთ, რომ არსებობს ღრმა სხვაობა ორგანიზაციის ისეთ ძირეულ პრინციპებს შორის, როგორიცაა პირობითობა/ხატოვანება, დისკრეტულობა (წვეტილობა)/ განუწყვეტელობა, ხაზოვანება/სივრცითობა, რაც ცალსახა გადა(თარგმნის)დატანის შესაძლებლობას სრულიად გამორიცხავს. თუკი ცალსახად ურთიერთშესატყვისი ენების შემთხვევაში ერთ ენაზე არსებულ ტექსტს მეორე ენაზე მხოლოდ ერთი (ერთადერთი) ტექსტი შეესაბამება, მაშინ ჩვენ აქ ვეჯახებით ინტერპრეტაციის განსაკუთრებულ სფეროს, რომლის საზღვრებშიც მოქცეულია უამრავი სხვადასხვა ტექსტი, რომელთაგან თითოეული თანაბრად შეიძლება ჩაითვალოს საწყისი ტექსტის თარგმანად. ისიც ნათელია, რომ პირიქით თარგმანის დროს ვერც ერთ შემთხვევაში საწყის ტექსტს ვერ მივიღებთ. ასეთ დროს მხოლოდ ახალიტექსტების გაჩენაზე თუ ვილაპარაკებთ. ამრიგად, არაადექვატური, პირობით-ექვივალენტური თარგმანის მექანიზმი ემსახურება ახალი ტექსტების შექმნას, ანუ წარმოადგენს შემოქმედებითი აზროვნების მექანიზმს.
ჩვენ შეგვიძლია ორი იდეალური მოდელის მაგალითზე განვიხილოთ შეუსაბამობა ენისა, რომელზეც А1 ახდენს შეტყობინების კოდირებას, იმასთან, რისი მეშვეობითაც А2 ახდენს დეკოდირებას, რაც ყოველი რეალური კომუნიკაციის აუცილებელი პირობაა. პირველ მოდელს მიზნად ექნება მოცემულ კოლექტივში უკვე არსებულ შეტყობინებათა ცირკულაცია. ამ პოზიციიდან იდეალური იქნება K1 და К2 კოდთა იგივეობა და მათ შორის არსებული ყველა განსხვავების მავნე ხმაურად შეფასება. მეორე მოდელის მიზანი იქნება კომუნიკაციის პროცესში ახალი შეტყობინებების გამომუშავება. ამ თვალსაზრისით კოდებს შორის არსებული განსხვავება სასარგებლო და მუშა მექანიზმი იქნება. თუმცა ამ მექანიზმის ბუნება სტრუქტურულ პარადოქსებს ემყარება.
მათ შორის ძირითადი მდგომარეობს შემდეგში: იმ მინიმალურ მოწყობილობას, რომელსაც ახალი შეტყობინების გენერირება (წარმოება) შეუძლია, წარმოადგენს გარკვეული კომუნიკაციური ჯაჭვი, რომლის წევრებიცაა А1 და А2. იმისათვის რომ გენერირების (წარმოების) აქტი განხორციელდეს, აუცილებელია, რომ ყოველი მათგანი წარმოადგენდეს დამოუკიდებელ პიროვნებას, ანუ ჩაკეტილ, სტრუქტურულად ორგანიზებულ, სემიოტიკურ სამყაროს, კოდების ინდივიდუალიზებული იერარქიებითა და მეხსიერების სტრუქტურით. თუმცა იმისათვის, რომ მათ (А1 და А2) შორის კომუნიკაცია საერთოდ შედგეს, ეს განსხვავებული კოდები გარკვეულწილად ერთ მთლიან სემიოტიკურ პიროვნებას უნდა წარმოადგენდნენ. სტრუქტურულ პარადოქს ქმნიან ისეთი ტენდენციები, როგორიცაა ერთი მხრივ, მისწრაფება ელემენტთა მზარდი ავტონომიისა, მათი თვითკმარ ერთეულებად გარდაქმნისაკენ და მეორე მხრივ, ამგვარადვე მზარდი ინტეგრაციისა და გარკვეული მთლიანობის ნაწილად ქცევისაკენ, რაც ერთმანეთს გამორიცხავს და გულისხმობს კიდეც.
ამგვარი აგებულების შედეგად იქმნება უნიკალური სტრუქტურა, რომელშიც ყოველი ნაწილი იმავდროულად მთელიცაა, ხოლო ყოველი მთელი – ნაწილიც. ეს სტრუქტურა ორივე მხრიდან ღიაა განუწყვეტელი გართულებისთვის – თავის შიგნით მას გააჩნია ტენდენცია ყველა თავისი ელემენტის გართულებისა და მათი დამოუკიდებელი სტრუქტურულ კვანძად, ტენდენციაში კი – სემიოტიკურ ორგანიზმებად ქცევისაკენ. გარეთ იგი განუწყვეტლივ შედის თავის მსგავსს ორგანიზმებთან კონტაქტში, ქმნის მათთან უფრო მაღალი დონის მთელს და თავადვე ხდება ამ მთელის ნაწილი.
ასეთი სტრუქტურა ორ ვარიანტად ყალიბდება. ერთი მხრივ, ჩვენ საქმე გვაქვს რეალურ ადამიანურ კოლექტივებთან, რომლებშიც ყოველი ცალკეული ერთეული მიისწრაფის თვითკმარ და განუმეორებელ პიროვნულ სამყაროდ გარდაქმნისაკენ, თან იმავდროულად ერთვება უფრო მაღალი დონის აგებულებათა იერარქიაში, თან თითოეულ მათგანზე ქმნის ჯგუფურ სოციო-სემანტიკურ პიროვნებას, რომელიც, თავის მხრივ, ნაწილის სახით შედის უფრო რთულ ერთობაში. ინდივიდუალიზაციისა და გენერალიზაციის, ცალკეული ადამიანის სულ უფრო რთულ მთლიანობად და მთელის სულ უფრო დანაწევრებულ ნაწილად გარდაქმნის ეს პროცესები პარალელურად მიმდინარეობს.
მეორე მხრივ, ყოველი მხატვრული ტექსტი ასეთივე სახით იგება (ასეთივე კანონზომიერება, ოღონდ ნაკლებად გამოხატული, მოქმედებს ყოველი არამხატვრული ტექსტის შემთხვევაშიც). შემოქმედებით პროცესში მისი ყოველი ნაწილი მიისწრაფის როგორც გართულებისაკენ, ქმნის რა განსაკუთრებულ ჩაკეტილ სივრცეს, ასევე იმავე დონის სხვა სტრუქტურებთან ინტეგრაციისკენ, ნაწილის სახით შედის რა უფრო რთულ საერთო წარმონაქმნებში.
ეს პროცესი ეფექტურია ორ დონეზე. ტექსტის დონეზე იგი შეიძლება ილუსტრირებული იყოს, მაგალითად, ციკლიზაციით: ნოველები ერთმანეთს შეეზრდება და რომანად იქცევა, მაგ, ისეთ სერიებში, როგორიცაა ბალზაკის „ადამიანური კომედია“, ან ემილ ზოლას „რუგონ-მაკარები“ (შესაძლებელია სრულიად სხვადასხვა ტიპის სერიები, მაგ, სერიები, რომლებიც შეიქმნენ გამომცემლობათა დონეებზე, თუმცა მკითხველისათვის სრულიად რეალურ მთლიანობას წარმოადგენენ). ამ გადასახედიდან იმ ტიპის ცნებათა წარმოშობა, როგორიცაა „1860 წ. „სამამულო ჩანაწერთა“ პროზა“, ან „ჟურნალ „ნოვი მირის“ პროზა“ უდავოდ წარმოადგენს ისტორიულ-ლიტერატურულ თუ ტექსტობრივ რეალობას (თუმცა არა იმ ავტორისათვის, რომლისთვისაც ამა თუ იმ გამომცემლობაში პუბლიკაციის ფაქტი შემთხვევით ხასიათის ატარებს). კიდევ უფრო ცხადია ეს პროცესი პოეზიაში, სადაც ციკლისა თუ კრებულის (ერთიანი ტექსტისათვის დამახასიათებელი ისეთი ნიშნებით, როგორიცაა, მაგალითად, კომპოზიცია), ამა თუ იმ პოეტისა თუ პოეტთა ჯგუფის, ან ერთი ეპოქის პოეტთა მთელი შემოქმედების ერთიან ტექსტად ქცევა კარგად ცნობილი მოვლენაა.