იმავდროულად მიმდინარეობს საპირისპირო პროცესიც: რაც უფრო ვრცელია რომანი, მით უფრო სტრუქტურულად თავის თავში ჩაკეტილია მისი თავები, რაც უფრო გლობალურია ციკლიზაცია პოეზიაში, მით უფრო ფასეულია სტრიქონი, სიტყვა, ფონემა. ამის აშკარა მაგალითია მე-20 საუკუნის ხელოვნება, რომელსაც ახასიათებს ტექსტის უკიდურესი გლობალიზაცია (ეპოქის ტექსტობრივი „კონტრაპუნქტი“) და მისი უმნიშვნელოვანესი ერთეულების ასეთივე ღრმად წასული ავტომატიზაცია, მათი აბსოლუტიზაცია და გამიზნული თვითკმარობა.

თუმცა იგივე პროცესი მიდის კოდების დონეზეც: ყოველი ტექსტის კოდირება ხდება მრავალგზის (ორჯერადი კოდირება – მინიმალური სტრუქტურა). აზრთწარმოქმნის კონფლიქტი წარმოიშვება არა ცალკეულ ტექსტობრივ წარმონაქმნებს, არამედ ტექსტში რეალიზებულ ენებს შორის. ამ პროცესის ორმხრივობას კარგად წარმოაჩენენ განსხვავებულ ხელოვნებათა სინკრეტიზაციის ტალღები – ერთი მხრივ, არქაული საზოგადოებების ისეთი სინკრეტული აქტივობები, როგორიცაა თანამედროვე ხმოვანი კინო, „ფერწერულ“ პოეზია და ა.შ., მეორე მხრივ კი, ხელოვნების ცალკეულ დარგთა უკიდურესი განცალკევებულობა და თვითკმარობა, თავიანთ კანონებში იმგვარად ჩაკეტილი ჟანრების წარმოქმნა, როგორიცაა ვესტერნი ან დედექტივი.

ტექსტის და პიროვნების სემიოტიკური მახასიათებლების სტრუქტურული პარალელიზმი უფლებას გვაძლევს ნებისმიერი დონის ტექსტი გავნსაზღვროთ სემიოტიკურ პიროვნებად, ხოლო ნებისმიერი სოციოკულტურული დონის პიროვნება – ტექსტად.

აზრწარმოქმნა სტატიკურ სისტემაში არ ხდება. იმისათვის, რომ ეს აქტი განხორციელდეს, A1, A2კომუნიკაციურ სისტემაში უნდა შევიდეს გარკვეული შეტყობინება. ზუსტად ასევე, იმისათვის რომ რომელიმე ბისტრუქტურულმა ტექსტმა ახალი აზრების გენერირება (წარმოება) დაიწყოს, უნდა მოხდეს მისი ჩართვა იმგვარ კომუნიკაციურ სიტუაციაში, რომელშიც დაიწყება შინაგანი თარგმანისა თუ მის ქვესტრუქტურათა შორის სემიოტიკური გაცვლა-გამოცვლის პროცესი. აქედან გამომდინარეობს, რომ შემოქმედებითი ცნობიერების აქტი ყოველთვის კომუნიკაციის, ანუ გაცვლა-გამოცვლის აქტია. აქედან გამომდინარე, შემოქმედებითი ცნობიერება განისაზღვრება, როგორც ინფორმაციული გაცვლა-გამოცვლის ისეთი აქტი, რომლის დროსაც საწყისი შეტყობინება ტრანსფორმირდება ახალ შეტყობინებად. წარმოუდგენელია შემოქმედებითი ცნობიერების არსებობა აბსოლუტურად იზოლირებული, ცალსტრუქტუროვანი (შინაგანი გაცვლა-გამოცვლის რეზერვს მოკლებული) და სტატიკური სისტემის პირობებში.

ამ დებულებიდან გამომდინარეობს მთელი რიგი დასკვნებისა, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია კულტურათა თუ კულტურულ კონტაქტთა შედარებითი შესწავლისათვის.

კულტურის იმანენტური განვითარება წარმოუდგენელია ტექსტების გარედან მუდმივი შემოდინების გარეშე. ეს „გარედან“ თავისთავად კომპლექსური ორგანიზაციაა: აქ მოცემული ჟანრისა თუ მოცემული კულტურის გარკვეული ტრადიციების „გარედანაც“ იგულისხმება და იმ კონკრეტული მეტა-ენით შემოსაზღვრული წრის „გარედანაც“, რომელიც მოცემული კულტურის შიგნით არსებულ ყველა შეტყობინებას ყოფს კულტურულ-არსებულებად („მაღალი“, „ღირებული“, „კულტურული“, „ოდინდელი“ და სხვ.) და კულტურულ-არარსებულებად და აპოკრიფულებად („დაბალი“, „იაფფასიანი, უმნიშვნელო“, „უცხო“ და სხვ.). ბოლოს კი, ეს არის უცხო ტექსტები, რომლებიც შემოდიან განსხვავებული ეროვნული, კულტურული, არეალური ტრადიციებიდან. შემოქმედებითი ცნობიერების აქტის მსგავსად, კულტურის განვითარებაც გაცვლა-გამოცვლის აქტია და ამ აქტის განხორციელება ყოველთვის გულისხმობს „სხვას“, ანუ პარტნიორს.

ეს აჩენს ორ შემხვედრ პროცესს. ერთი მხრივ, კულტურა, რომელსაც პარტნიორი სჭირდება, მუდმივად თავად ქმნის ამ განსხვავებული აზროვნების მქონე, სამყაროსა და ტექსტების სხვანაირი კოდირების ავტორ „უცხოს“. კულტურა ახდენს თავის წიაღში, ძირითადად მისივე დომინანტ კოდებთან კონტრასტში, შექმნილი ამ ხატის ექსტერიორიზაციას10 და მის პროეცირებას გარე კულტურულ სამყაროებზე. ამის ტიპიურ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ევროპელთა მიერ შესრულებული „ეგზოტიკური“ კულტურების (რომელთა შორის გარკვეულწილად რუსული კულტურაც მოიაზრება) ეთნოგრაფიული აღწერები, ან ტაციტის მიერ აღწერილი გერმანთა ყოფა-ცხოვრება. მეორე მხრივ, გარე კულტურული სტრუქტურების მოცემული კულტურის შინაგან სამყაროში შეყვანა გულისხმობს მათთან საერთო ენის გამონახვას, ეს კი თავის მხრივ მოითხოვს მათ ინტერიორიზაციას11. იმისათვის, რომ კულტურამ გარე კულტურასთან ურთიერთობა დაამყაროს, მან მისი ხატის ინტერიორიზაცია ჯერ თავის საკუთარ სამყაროში უნდა მოახდინოს. ეს პროცესი დიალექტიკურად აუცილებლად წინააღმდეგობრივი იქნება: გარე კულტურის შინაგანი ხატი ფლობს იმ კულტურულ სამყაროსთან ურთიერთობის ენას, რომელშიც ინკორპორირებულია (ჩართულია). თუმცა ეს კომუნიკაციური სიმსუბუქე დაკავშირებულია კოპირებული გარე ობიექტის მთელი რიგი თვისებების დაკარგვასთან, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სტიმულატორული თვისებებია. მოვიყვანთ მაგალითს. 1820-იანი წლების დასაწყისში პუშკინის გამოჩენა იმ დროინდელმა ლიტერატურამ და მკითხველმა ჯერ არნახულ, ნოვატორულ მოვლენად აღიქვა. მკითხველის ცნობიერებას ამ მოვლენის გასათავისებლად დასჭირდა „პუშკინის ხატის“ შექმნა. შემდგომში ეს ხატი ლიტერატურის დამოუკიდებელ ფაქტადიქცა. იგი მოექცა პუშკინის, როგორც რეალურ-დინამიური პოეტური მოვლენისა და მკითხველის ცნობიერებას შორის და ორმაგ როლს თამაშობდა: იგი განმარტავდა და „თარგმნიდა“ პუშკინის სამყაროს, ე.ი. ხელს უწყობდა მის გაგებას, თუმცა ამავე დროს ამარტივებდა მას და აცლიდა ყოველგვარ სიახლეს, დინამიკურობას, ყველაფერ იმას, რაც მასში არ თავსდებოდა, ანუ ქმნიდა გაუგებრობას. პუშკინის ეს „ორეული“ სტატიკური არ იყო: პოეტის რეალური შემოქმედება და ყოფა-ცხოვრება მას მუდმივად გარდაქმნიდა, თუმცა იგი ამას სულ ეწინააღმდეგებოდა. თავადაც ახდენდა გავლენას რეალური პუშკინის ქცევებსა და შემოქმედებაზე და ხშირად აიძულებდა მას „პუშკინივით“ ემოქმედა. პოეტის სიკვდილის შემდეგ ამ ხატმა ზრდისა და კულტურული აქტიურობის ჩინებული უნარი გამოავლინა.

 


10 – ექსტერიორიზაცია – (ლათ. exteior – გარეთა) 1. ფსიქოლოგიაში – პროცესი, რომლის შედეგადაც ადამიანის შინაგანი ფსიქიური ცხოვრება ღებულობს გარეგამომხატველ ფორმას; 2. ფსიქოანალიზმი – ობიექტის მიერ სურვილებისა და აფექტების შეძენა (მთარგმნ. შენიშვნ.)

11 – ინტერიორიზაცია – (ლათ. interior – შიგნითა) 1. ფსიქიატრიაში – ფსიქიურად დაავადებულის მიერ მისთვის ამაღელვებელი გარემოებების, მოვლენების განცდა ფარულად გარშემომყოფებისაგან, ჩაკეტილობა; 2. ფსიქოლოგიაში – გარე ქმედებების გარდაქმნის პროცესში და ფსიქიკურ პროცესებში (მთარგმნ. შენიშვნ.)

 

1 2 3 4 5 6 7