იმ ინტერიორიზებული (გარედან შიგნით) ხატის ორმაგი როლი, რომელსაც მოეთხოვება, რომ ითარგმნებოდეს კულტურის შინაგანი სამყაროს ენაზე (ანუ არ იყოს „უცხო“) და იყოს „უცხო“ (ე.ი. არ ითარგმნებოდეს კულტურის შინაგან ენაზე) ბადებს ძალიან რთულ კოლიზიებს, რომლებიც ზოგჯერ ტრაგიზმის ბეჭდითაც კია აღბეჭდილი. ასე მაგალითად, კონტრავერსამ12 „რუსეთი-დასავლეთი“ წარმოშვა რუსი მედასავლეთეს ტიპი. ეს ფიგურა შიდაკულტურულ კოლიზიებში ასრულებდა დასავლეთის „წარმომადგენლის“ როლს. მას განსჯიდნენ იმის მიხედვით, დასავლეთი როგორც ესმოდათ, დასავლეთზე კი თავად ამ მედასაავლეთეების მიხედვით მსჯელობდნენ. თუმცა რუსი მედასავლეთე ძალიან ცოტა რამე ჰქონდა საერთო იმ ეპოქის დასავლეთის რეალურ ადამიანთან და დასავლეთსაც, როგორც წესი, ძალიან ცუდად იცნობდა. იგი დასავლეთის კონსტრუქციას იმდროინდელ რუსულ სინამდვილესთან კონტრასტის საფუძველზე აგებდა. ეს იყო იდეალური და არა რეალური დასავლეთი. შემთხვევითი არაა, რომ სლავიანოფილები ტრადიციონალისტები თუ ეროვნული თვითმყოფადობის სხვა დამცველები სწორედ ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც განათლება გერმანულ უნივესიტეტებში მიიღეს, მეზღვაური-ანგლომანები (შიშკოვი, შიხმატოვ-შირინსკი), დიპლომატები, რომელთაც მთელი ცხოვრება საზღვარგარეთ ჰქონდათ გატარებული (ტიუტჩევი ან კონსტანტინე ლეონტიევი); დასავლური განმანათლებლობის მხარდამჭერი ზოგიერთი მათგანი ევროპაში ან საერთოდ არ ყოფილა (პუშკინი), ან თუ ყოფილან, იქ თავს სრულიად უცხოდ გრძნობდნენ (ბელინსკი). რუსი მედასავლეთეს შეჯახებას რეალურ დასავლეთთან, როგორც წესი, ზუსტად იგივე ტრაგიკული იმედგაცრუება მოსდევდა ხოლმე, რაც მათი მოწინააღმდეგის შეჯახებას რეალურ რუსულ სინამდვილესთან. თუმცა საზღვარგარეთული კულტურული კონტექსტის კულტურული განცდა, თუ ამგვარი მოვლენები თავად შენს შიდა სტრუქტურაში არ ხდება.

კულტურული კონტაქტის მნიშვნელოვანი მხარეა პარტნიორის დასახელება, რაც ნიშნავს მის ჩართვას „ჩემს“ კულტურულ სამყაროში, მის კოდირებას „ჩემი“ კოდით და მისი როლის განსაზღვრას სამყაროს ჩემეულ სურათში. ჩენ შეგვიძლია ანალოგიურად განვიხილოთ უცხო ლიტერატურის გარკვეული ჟანრების იდენტიფიკაცია ნაცნობ ჟანრობრივ წარმოდგენებთან, კოდების ნაცნობი სისტემით უცხო კულტურული ქცევის გაშიფვრა ან განსხვავებულ ლიტერატურულ ფორმათა პირობითი გაიგივება (მაგალითად, რუსული და ფრანგული ალექსანდრიული სალექსო სტრიქონების შედარებითი ადეკვატურობის დადგენა პოეტური ტექსტების ორმხრივ თარგმანში).

თუმცა შესაძლებელია პირიქითაც: საკუთარი სახელის გადავირქვა ისე, როგორც ამას კომუნიკაციის გარე პარტნიორი მთავაზობს. მსგავსი მოვლენები დამახასიათებელია პოლემიკისათვის: პოლემიკის დროს ხდება მეტოქის მიერ მინიჭებული მეტსახელის უზურპაცია და „საკუთარ“ ენაში ჩართვა, რითაც იგი დამამაცირებლიდან გარდაიქმნება დადებითად. ყოველგვარი პოლემიკა თხოულობს, რომ მოპაექრეებს საერთო ენა ჰქონდეთ – მოცემულ შემთხვევაში, ასეთი მეტოქის ენაა, თუმცა ამავე დროს მის მიმართ ხორციელდება კულტურული ანექსია, რასაც საპირისპირო მხარის სემიოტიკური განიარაღება მოსდევს. მაგალითად, ბელინსკის სკოლამ დაირქვა „ნატურალური სკოლა“, თუმცა ეს სახელი პირველად ბულგარინმა იხმარა გაზეთ „ჩრდილოეთის ფუტკარში“ და თავიდან იგი შეურაცხმყოფელი მნიშვნელობით იხმარებოდა13. პოლემიკის მსვლელობისას მეტოქეებმა იარაღი გაცვალეს და მეტსახელი იქცა ლოზუნგად: (შეადრ. ა. ბლოკის სტრიქონებს: „დიახ, სკვითები – ჩვენ ვართ სკვითები! დიახ, აზიელები – ჩვენ ვართ აზიელები…“). ეს მოვლენა კარგადაა ცნობილი ეთნონიმების14 ისტორიაში.

კომუნიკაციის სუბიექტის კულტურული თვითგამორკვევის ისტორიაც, ნომინაციებიც და საზღვრების მონიშვნაც, ასევე მისი კონტრაჰენტის15, ე.ი. „სხვის“ კონსტრუირების პროცესი – კულტურის სემიოტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. თუმცა ყველაზე მთავარია: ცნობიერების დინამიზმი ნებისმიერ თავის კულტურულ დონეზე მოითხოვს სხვა ცნობიერების არსებობას, რომელიც თვითუარყოფის შედეგად წყვეტს „სხვად“ ყოფნას ზუსტად ისე,

როგორც ის კულტურული სუბიექტი, რომელიც „სხვასთან“ შეჯახების პროცესში ჰქმნის ახალ ტექსტებს და წყვეტს ისევ ისეთად ყოფნას. პიროვნებათა თუ კულტურათა ურთიერთქმედებისა და იმანენტური განვითარების დაყოფა მხოლოდ გონებაში თუ მოხდება. სინამდვილეში ეს ერთი პროცესის დიალექტიკურად ურთიერთდდაკავშირებული და ერთიმეორეში გარდამავალი მხარეებია.

ფართოდ გავრცელებულია წარმოდგენა, რომ გარეშე კონტექსტიდან ამა თუ იმ ტექსტის ათვისება მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ იგი განსაკუთრებულად დროულია მოცემული ლიტერატურის იმანენტური განვითარების თვალსაზრისით. ეს წარმოდგენა ორმაგ მოსაზრებას ეყრდნობა. ერთი მხრივ, ისტორიული პროცესი, თუ მას პროვიდენციალური16 ან ფინალისტური თვალსაზრისით განვიხილავთ, არის ერთი გარკვეული, მკვლევარისათვის ცნობილი წერტილის მიმართულებით სვლა. არ დაიშვება იმის ვარაუდიც კი, რომ ეს პროცესი შეიძლება შეიცავდეს ისეთ განსხვავებულ ფუნდამეტურ შესაძლებლობებს, რომელთა რეალიზებაც არ მოხდება. ამ ლოგიკით გამოდის, რომ მაგალითად, რუსული ლიტერატურის ბედი ჩანასახშივე გადაწყვეტილი იყო და მას მხოლოდ ერთადერთი შესაძლებლობა გააჩნდა, კერძოდ, მე-19 საუკუნეში იგი აუცილებლად ტოლტოიმდე და და დოსტოევსკიმდე უნდა მისულიყო. ასე იმის თქმაც შეიძლება, რომ ბაირონი და შილერი, რუსო და ვოლტერი ისტორიულად განწირულები იყვნენ ამ პროცესში კატალიზატორის როლის სათამაშოდ. ამის მტკიცებას ცოტა ვინმე თუ გაბედავდა, თუმცა ბევრი ისე მსჯელობს, თითქოს ზუსტად აქედან ამოდიან. მეორე მხრივ, გაცილებით უფრო ბუნებრივი იქნება შემდეგი ვარაუდი: მკვლევარი რეალურად არსებულს ერთადერთ შესაძლებლობად განიხილავს, კანონზომიერება გამოდის ფაქტიდან (შეგახსენებთ, რომ კულტურის ისტორიკოსი თითქმის ყოველთვის იმგვარი უნიკალური ფაქტებით ოპერირებს, რომლებიც ალბათურ-სტატისტიკურ დამუშავებას ან არ ექვემდებარება, ან მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ამგვარი დამუშავება სანდოდ ვერ მიიჩნევა). საბოლოოდ კი, კულტურული კონტაქტის რომელიმე ფაქტის გამოყოფისას (მაგალითად, ბაირონის გავლენა რუს რომანტიკოსებზე) მკვლევარი წინარე ისტორიულ მასალას ამ კუთხით განიხილავს ხოლმე და ისიც თავისთავად ისე ლაგდება, რომ ბაირონის გავლენა ხდება ის ძირითადი რგოლი, სადაც ყველა ძაფი თავს იყრის. მკვლევარის მეტაენის მასალაზე ზემოქმედება კულტურული პროცესის იმანენტური კანონზომიერების ახსნად აღიქმება.

 


12 – კონტროვერსა (ფრანგ. controverse, ლათ. controversia – დავა), დავა, კამათი; სადავო საკითხი (მთარგმნ. შენიშვნ)

13 – (8) მორდოვჩენკო ნ. ი. ბ. ბელინსკი და მისი თანამედროვე რუსული ლიტარატურა მ., ლ., 1950;

14 – ეთნონიმი – Gk. ethnos და onyma ბერძ. ხალხიდასახელი სიტყვა, რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ ხალხის სახელწოდებას. (მთარგმნ. შენიშვნ.);

15 – Jur.L. contrahens (contrahentis და არა: კონტრაგენტი “ხელშეკრულების დამდები” პირი ან დაწესებულება, რომელმაც ხელშეკრულების ძალით რაიმე ვალდებულება იკისრა.

Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი (მთარგმნ. შენიშვნ.);

16 – პროვიდენციალიზმი [< ლათ. providentia განგება] – რელიგიურ-იდეალისტური შეხედულება, რომელიც ცდილობს, ახსნას ისტორიული მოვლენები არა მათი შინაგანი კანონზომიერებით, არამედ განგების ძალით (მთარგმნ. შენიშვნ.);

 

1 2 3 4 5 6 7