გიორგამ ჯიბიდან მოკლე ჩიბუხი დააძრო. ადრე მოკლე არ იქნებოდა. ვინმემ გადატეხა ალბათ. ისეთი ფერი ედო, გიორგას პაპის ნახმარი უნდა ყოფილიყო. ლუკას მესტნი ძმაკაცმა შიგნით მოსაწევი ჩაყარა და თუთუნი გაურია. მერე ჩაუკიდა და მაგრად მოქაჩა. ათი წამი უჭერდა. სულ გააწითლა მწვანე ბალახები.

 

„მოწევ?“ – გამომიწოდა.

„არა. სპასიბა.“

„მეც არ მევასება დიდად,  მარა ვერ ვიძინებ უამისოდ. მერე ზუზუნებს მთელი ღამე.“

„რა ზუზუნებს ტო?“

„ყურები.“

„ანთება გაქ?“

„ანთება არა. ხმები მესმის და ვერ ვიძინებ. პლანი მთიშავს ხოლმე და ეგრევე მთვლიმავს.“

 

 

*         *         *

 

ნანიკო ოთხმეზური კვირაში ერთხელ ბანაობდა, თუმცა ის კვირა გამონაკლისი გახლდათ, რადგან რატომღაც მეორედაც იბანავა. დედა ნერვიულობდა, ალბათ რამე აწუხებს და იმიტომო.

მანამ, სანამ ბორდოსფერ სამეჯლისო კაბაში გაეკვეხებოდა, ნანიკო დაიკოს ოთახში შეიპარა და უჯრების ქექვა დაიწყო. რამდენიმე წუთიანი ჩალიჩის შემდეგ  მიაგნო კიდეც სანატრელ ლურჯ ლიფს და ნიფხავს, რომელიც  ყველაზე მეტად მოსწონდა ლამაზი დაიკოს საცვლებიდან.  შემდეგ სხვა ტრუსიკები ჩქარ-ჩქარა დატკეპნა, რომ უჯრის დაკეტვისას შიგნით რამე არ გაჭედილიყო. გამარჯვებული და ამაყი საკუთარი ოთახისკენ გაიქცა. დის საცვლები მოირგო, რექსონა იპკურა და ბორდოსფერი სამეჯლისო კაბა ჩამოიცვა, რომელიც დედამისმა კარადაში ოთხმოცდაცხრა წელს, სკოლის ბანკეტის მეორე დღეს შეკიდა. კომფორტული კაბა იყო. უკან ზმეიკით იკვრებოდა.  გოგონამ აქა-იქ ტონალურიც მოისვა და უეცრად გამოჩეკილი ელეგანტურობით მთვრალი, სარკის წინ დადგა. ათი წუთი იდგა გაუნძრევლად. საკუთარ გამოსახულებას უღიმოდა სარკეში. მერე ტაში შემოჰკრა და თავს შემოუძახა – დროაო. თმის სამაგრი არ მოეწონა. ლამაზი თმა მაქ და ხალხში უნდა ვიქნიოო.

„დეეედააააა….“ – დაიყვირა.

„რაიყო დე?“

„სად არი ჩემი წითელი ფეხსაცმელი?“

„რომელი, დედიკო, ფრანცუზკები?“

„არ ვიცი ეგ რას ნიშნავს. ჩემი წითელი ფეხსაცმელები მინდა!“ – ფეხი დაარტყა იატაკს ნანიკომ.

„გაგიწმინდე დე. პიანინოზე დევს. ნუ ნერვიულობ.“

 

ნანა პიანინოსკენ გაიქცა. ოჯახში არავინ იცოდა დაკვრა, მაგრამ დედას აზრით მსოფლიოს ყველა ზალაში უნდა მდგარიყო პიანინო.  ნანამ ფეხსაცმელი ამოიცვა, დედის ჩანთას მიეპარა და საფულიდან ოცლარიანი ამოიღო. დღეს ჩემი ცხოვრება შეიცვლებაო ფიქრობდა. ჩემ დაზე მაგარი გოგო გავხდებიო. გული ის უფეთქავდა, კაცი იფიქრებდა მკერდი ეზრდებაო. მიუხედავად იმისა, რომ მის წითელ ფეხსაცმელებს მაღალი ქუსლები ჰქონდა, ის მაინც  ძალიან სწრაფად გარბოდა ტაქსების გაჩერებისკენ.

„ბიბლიოთეკაში ათ ლარად წამიყვანთ?“ – ჰკითხა ტაქსისტს.

„ვაჰ. რომელ ბიბლიოთეკაში?“

„საჯაროში.“

 

 

*         *         *

 

ნანიკომ ბიბლიოთეკის შესასვლელთან უცხო ქალები და კაცები დაინახა. ისინი ძალიან ბევრს და ძალიან მშვიდად საუბრობდნენ საერთო ნაცნობებზე, ერთად განვლილ საინტერესო ისტორიებზე და წიგნებზე, რომელიც მათ, ან მათმა მეგობრებმა დაწერეს.    ყველა მოსაუბრე ლამაზად იყო ჩაცმული.  ზოგს ფერადი კურტკა ეცვა, ზოგს შლაპა ეხურა, ზოგიც თავს ნაცრისფერი პიჯაკით იწონებდა. ნანიკო მიხვდა, რომ ისევე როგორც სკოლაში აქაც ყველა ყველას მეგობარი იყო, მას კი აქაც არავინ იცნობდა და არ უყურებდა. სირცხვილისგან გაფითრებულს შენობაში შესვლის შეეშინდა. გადაწყვიტა, რომ ზედმეტი იყო და ის ლამაზი მოსაუბრეები გამოაგდებდნენ.

კიბეზე ასვლისას დაძაბული აკვირდებოდა თავის წითელ „ფრანცუზკებს“, გაპრანჭული ხალხისთვის როგორღაც თვალი რომ აერიდებინა.  დარბაზში მიკროფონები, სკამები და მაგიდები იდგა. სკამებზე წინა რიგებში შუა ხნის ტიპები ისხდნენ, ბუტბუტებდნენ და კისკისებდნენ. ესენი  საპატიო სტუმრები ჩანდნენ, მაღალი სახელოვნებო წრეებიდან.   უკანა რიგებში კი, მარტოსული ახალგაზრდების სექტები იყვნენ განლაგებულნი. ხმას არცერთი არ იღებდა. ყველა ახალგაზრდა რობოტივით სქროლავდა ფეისბუქს. ალბათ ესენიც ჩემი დასავით ბოზები არიანო – იფიქრა ნანიკომ.

მაგიდებზე შამპანურით სავსე ჭიქები ელაგა. ნანიკოს ნერვები ეშლებოდა, რამე უალკოჰოლოც დაედოთ, რო მომწყურდეს ტუალეტის კრანზე ჰოარ დავეკიდებიო.  გოგონა  მაგრად ეკვროდა დარბაზის ყველაზე ბნელ კუთხეს.

„არაუშავს. მე მოთხრობა მაქვს კარგი. რომ მოვიგებ მაშინ ყველა გამიცნობს. ყველა ჩემთან მოვა. მეც დამელაპარაკებიან. აღარ ვიქნები ზედმეტი. აღარ დავიმალები. მერე სახლში წავალ და დედას გავახარებ. საჭმელს შევჭამ. კარგ წყალსაც დავლევ.“ –  თავს იმხნევებდა ნანიკო.

„მოგესალმებით. უპირველესყოვლისა, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ დღეს ჩვენს ღონისძიებაზე მობრძანებისთვის.“ – უეცრად მიმართა აუდიტორიას გრძელთმიანმა ქალმა.

დარბაზის უკანა ნაწილს ტაში ეზარებოდა, წინა ნაწილმა კი მაგარი ტაში დასცხო. ამიტომ ვერც იმას იტყოდი ეგეთი ტაში არ მინახავსო და ვერც იმას, აუდიტორიამ ორატორი მთლად დაიკიდაო.

„უკვე მესამე  წელია, ორგანიზაცია „დასავლური ხედვების ალმანახი“  ჩვენს სპონსორებთან ერთად, რომელთა სარეკლამო ბანერებიც ახლა ჩემს უკანაა გამოფენილი,  ატარებს ლიტერატურულ კონკურს „ჯონათან ლივინგსტონს“.  ვფიქრობ, რომ მსგავსი პროიექტები ყველაზე დიდი მოტივატორია ახალგაზრდებისთვის, რომ მუდამ წერონ და იფიქრონ შემოქმედებით ზრდაზე.  მე, როგორც კონკურსის ერთ-ერთ ორგანიზატორს, კიდევ ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საღამოს ქრონომეტრაჟი შეზღუდულია და თანაც ბევრ საუბართან ერთად, ობიექტურობასაც დავკარგავ, სიტყვას გადავცემ ლეგენდარულ პოეტს და ჩვენი კონკურსის ჟიურის თავჯდომარეს,  ნინო ქერეჭაშვილს.“  – გრძელთმიანმა გოგომ მიკროფონი მიატოვა და ლაპარაკით გამშრალი პირი შამპანურით დაისველა.

მიკროფონთან შლაქსებში და ფერად შარფებში შემოსილი  ნინო ქერეჭაშვილი მივიდა.

„სალამი ყველას, ბელას და გელას.  ჰაჰა… გეხუმრეთ.  უპირველესყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ყველანი ძალიან ლამაზები ხართ. აი ასე ერთად და ლაღად. მე განსაკუთრებით მიყვარს ასეთი კონკურსები. აქ არ არიან ჩემნაირი მოხუცები და ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერაფერს იპოვი ძველმოდურს. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნების მომავალი სწორედ თქვენშია განსხეულებული.  ახლა კი… გადავალ იმაზე, რაზეც ძალიან არ მინდა გადასვლა. თუმცა სხვა გზა არ მაქვს. ცუდია, რომ ამ კონკურსს მხოლოდ ერთი პრიზიორი ეყოლება. მთავარია, რომ თქვენ ყველამ უკვე გაიმარჯვეთ საკუთარ თავზე და გეყოთ გამბედაობა, რომ მონაწილეობა მიგეღოთ მარათონში. გაგებედათ შეჯიბრი, თქვენს ნიჭიერ თანატოლებთან.  მაშ ასე… ჰუჰ… ძალიან ვნერვიულობ.  „ჯონათან ლივინგსტონი 2020“-ის გამარჯვებული არის, ერთ-ერთი თქვენგანი… ჰაჰა… ნიკა ნიკურაძე. მოთხრობით – „უსათაურო“.  – დაასრულა სათქმელი ნინო ქერეჭაშვილმა.

„ააააააააააააააააააააააააააააააააააა………..“   – დაიკივლა ნანიკო ოთხმეზურმა. წითელი ფეხსაცმელები შამპანურის ჭიქებს გაუქანა და ფეხშიშველი გავარდა ქუჩაში.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8