რატომღაც მეგონა, რომ ლუკა ლიქოკელი ხის ქოხში დამხვდებოდა. ტყეში დამალული  სადისტივით. ზუსტად იმათსავით, პატარაობისას რომ გული ატკინეს, დაბალბიუჯეტიან  ჰორორებში რომ მონადირეობას იბრალებენ, დებილ ამერიკელ ნაშებს გზას არასწორად ასწავლიან და მერე მცდარ მოსახვევში ბრიდავენ, რომ ზამთრისთვის საჭმელი ჰქონდეთ.

არადა ლუკა ლიქოკელი ორსართულიან სახლში ცხოვრობს, რომელსაც წინაც და უკანაც აქვს მწვანე ეზო. ეზოში არის ვარდები, ტიტები, ველური ბალახები და მწვანე წიწაკაც კი. ლუკა ლიქოკელის სახლი გვაფიქრებინებს, რომ ის ცხოვრობს ისე, როგორც   ნარცისი ფრანგი მონარქი.

აივანზე ყურძნებს აჩამიჩებს, რომლის ჭამაც დაეზარა. მთავარ დარბაზში კი, თეთრი კედლები სავსე აქვს იაფი ქართველი მხატვრების რაღაცნაირი ნახატებით. მე, როგორც ნამდვილ პოლიტოლოგს,  ნახატების არაფერი გამეგება და სულაც არ  დავიწყებ თქვენს მოტყუებას, რო აი ჩემი აზრით ამ ტილოზე კაცი მასკულინური დომინაციის გამომხატველ ფუნდამენტს სულაც არა ჰგავს და ჰაი-ჰუი…  მე ვიცი, რო რასაც კრასკის სუნი ასდის და ფერადია უკვე რაღაც ამბავში კარგია.

მე ლიქოკელს მანამდე ვცნობდი, სანამ გრაფობას დაიბრალებდა. როცა გადაუბრუნდა და სამეფოს დედაქალაქიდან პროვინციაში მოხია უკვე მაგარი ძმაკაცები ვიყავით.  ამიტომ ჩემზე უკეთ არავინ იცის, ეგ რა ტიპიც არი. კაცმა რომ თქვას, ქალაქი და რაღაცეები ჰკიდია ფეხებზე თორე რა დრამა, რის  ბუდიზმი, სულაც არ აინტერესებს მსგავსი რამეები. დედაქალაქის მაღალმა საზოგადოებამ, უფრო ზუსტად კი, პერონაკრავმა წრეებმა მოიგონეს მის შესახებ ეგ მიმზიდველი ჭორები.  ტიპაჟის რომანტიზება უნდოდათ და იმიტომ.  ვიცნობ მე მაგათ. მშვენივრად ვიცი, რომ ინტელექტუალურ და სახელოვნებო წრეებს წამებული და რომანტიული გმირები სჭირდებათ. ისეთები,  ლაპარაკი რომ ეზარებათ და იშვიათად ისვრიან სიბრძნეებს, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით. ეს მასკარადი კი იმას ემსახურება,  რომ თინეიჯერებმა გაუბერონ, ვიღაცეები მაიკებზე დაიხატონ, წიგნები და დისკები იყიდონ, მაყუთები ხარჯონ და მათ მიერ შექმნილ პროდუქტში დურთონ თავიანთი მწირი ჯიბის ფული…   ჰოდა ლუკა ლიქოკელმაც რო აკრიფა და გაკრიფა, მაღალმა ეშელონებმაც დაიწყეს, რო  აი თავის ძიება, ახალი ჰორიზონტი, სოციოპატია, ალბათ ძენ ბუდიზმიც…

ადრე კაზინოებში დადიოდა უფასო წვენის გულისთვის.  მერე ვიღაცამ მოუყვა, მანდ სლოტებზე ტიპი როცა იგებს ყველანაირად ცდილობენ, რო ეგ მოგებული წააგებინონ და ისე გაუშვანო. ამისათვის კაზინოს მფლობელებს სპეციალური ნაშები ყავთო და მოგებულ კლიენტს მაგ ნაშებს უქსევენო. ნაშები ამ ტიპს ხელები უსვამენო, სექსუალურ რამეებს  უჩურჩულებენო, აუყენებენო… კლიენტი იბნევა, სახლში აღარ მიდის და ნაშების ხათრით მანამდე აჩხაკუნებს, სანამ ნოლზე არ დაჯდებაო.  ჰოდა მაგ ამბით ამჩატებული მომადგა ერთ დღესაც და კაზინოში გამიყოლა. სისულელეებს რო ისმენდა, ბავშვივით მერე სულ ამ სისულელის გაკეთების მუღამი ჰქონდა აკვიატებული. მოკლედ, ათიცალი ასლარიანი შეაცურა მარწყვების სლოტში. მეთქი გაუბერა და ეგარი. ათასი ლარი კარგი ფულია.  ჩუმად მეუბნება, დავაი მიყვირე – „ეს რამდენი მოიგო მოხსენი შეჩემაო.“   –  რატო უნდა გიყვირო მეთქი?!  იმიტოო, რო ეხლა ნაშას გამოუშვებენო, მოფერებას დამიწყებსო და სანამ ამ ათასს წამაგებინებს მანამდე მომცემს კიდეცო.

მე მგონია, რომ მისტიკა მაშინ არის საინტერესო, როცა კითხვის ნიშნებით არის სავსე. დაკარგვაც მაშინ არის მისტიური,  როცა არავინ იცის სად იკარგები და ვერც იმას ამჩნევს ვერავინ როდის დაიკარგე. აი უცებ, ერთ დღესაც რომ გაიღვიძებენ ქალაქელი უმიწაწყლოები და შენ უბრალოდ ბუჰ და აღარ იქნები.

ლიქოკელი  რო წავიდა, ყველამ იცოდა, რომ თელავის რომელიღაცა სოფელშია, ბოსტანს ბარს უხათქუნებს, პრიმას ბუთქავს, ატმის კამპოტის წვენს სვამს და ნაყოფს ქათმებს აჭმევს.

არადა სწორედ ამ წასვლის ბრალია, რომ საოცრად ბევრი ადამიანი ყიდულობდა ლუკას რომანს, რომელიც ჩინელ კურტიზან ქალზე იყო, რომელსაც ქართულის მასწავლებელი ჰყავდა.  ქართულის მასწავლებელი გოგონასგან ფულს არ იღებდა. მაგრამ ვერც იმას იტყვი, არაფერს არ იღებდაო.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8