*            *           *

მიყვარს რაიონში მარშუტკიდან უკაცრიელ ტრასაზე ჩამოხტომა. გვერდებზე რომ ხრიოკია. ხრიოკს რომ გაცდები ეგრევე სოფლები.   სკოლის ექსკურსიებზე სხვებს რო ჩურჩხელების და მუზეუმების  მუღამი ჰქონდათ, მე უცხო, მივარდილ ადგილებზე მოხვედრა მომწონდა. მგონი ჰაერის უეცარი ცვლილების ბრალია, რომ ზოგ ადამიანს ასეთი უაზრობების შეყვარება მოგვწონს. აი წარმოიდგინე, თბილისში ერთი ჰაერი და სუნია. ახვედი მარშუტკაში. ჩაგკეტეს, როგორც კონსერვის ბანკაში, ვიღაცა ბალტიისპირელი თევზივით, მაღაზიის ვიტრინაში რო გდია და ტომატში ბანაობს. ჰოდა ამ კონსერვში ზიხარ და ეს კონსერვი მიდის სწრაფად და სწრაფად, მიარღვევს ქვეყნის მთა-ველებს, ბაღებს…  შენ მთელ გზას უყურებ, სახლი არ გამოგრჩენია, მარა რა ჩემი ფეხებია?!  მარტო თვალებით უყურებ და ნესტოებში მაინც მარშუტკის ძუნძგლიანი სუნი გხვდება.  როცა მარშუტკიდან ჩამოდიხარ, უკაცრიელ ტრასაზე, მაშინ ხვდები განსხვავებას და თან შოკიც გაქ. შენი ცხვირმა დიდი ხანია დატოვა ქალაქი, მაგრამ სხვა სუნზე გადმოწყობა ვერ მოასწრო. ჰოდა უცებ ბრახ და ავტობუსის გამონაბოლქს შეჩვეულ ცხვირში იასამნის ტოტებს შეგთხრიან. ასეთი რევოლუციები საამოა.

მოვდიოდი ლიქოკელის უკაცრიელ ტრასაზე და ასახვევს ვეძებდი. უამრავი ასახვევ-ჩასახვევები იყო იმ ტრასაზე. გარედან რომ სიცარიელე გეგონებოდა შიგნით სულ სახლები, სახლები, ფანჯრები, მანქანები, ცხენები, ცხენის ტაჩკები….  თბილისშივე  მითხრა ვიღაცამ, იქ რო მიხვალ  ერთი საცხობია და იმ საცხობის გვერდით არი ლიქოკელის ასახვევიო.  ბოლომდე აუყვები და აღმართის თავში ნაძვების და აკაციების რიგი მოგელანდებაო. იფიქრებ, რომ მათ  უკან სიცარიელე და ჰორიზონტებია, მაგრამ დიდი გადასახედი, ღელე და ტყე დაგხვდებაო.   მერე მარჯვნივ გაიხედავ და სწორედ იქ არის, ლიქოკელის ლურჯი ჭიშკარიო. თურმე ტოსკანაში გამოქცეულა ბატონი აუტორი და იმათ კიდე ჰგონიათ, რო საცოდავია.  ძალიან საწვალებელი ამბავი კია. რამდენი ვიარე და კიდევ რამდენი უნდა მევლო აზრზე არ ვიყავი.

ეზოში რომ შევედი კატებს აჭმევდა. ოთხი კატა ჰყავდა, ორი პატარა, ორიც დიდი. ერთი დიდი იმ ორის დედა იყო, მეორე დიდი დეიდა. მაგარ სახელებს ეძახდა, ბათუკა, თედოსიო, ზორო და სეზარ ლუის მენოტი.  გაუხარდა რო დავადექი, მაგრამ არ წამომხტარა და ხტუნაობა არ დაუწყია აქ როგორ გაჩნდიო.  თითქოს გაფრთხილებული მყავდა, რო აი ხვალ არა და ზეგ დაგადგები ლუკაჩო.

 

 

 

*        *        *

 

„ნუ მიმალავ, მეც მანახე რაა…“ –  წუწუნებდა ნანა ოთხმეზური.

„რა განახო გოგო, რა გინდა?  დაიმახსოვრე ნანა, ფეისბუქს როცა სქროლავენ ეგ არი ძაან პირადული და არ უნდა უყურო.“ – არიგებდა ეთუნა ოთხმეზური.

„მერე რა, ჩვენ ჰო დები ვართ.“

„დებს შორისაც არის რაღაცები დასამალი.“

„არ ვეტყვი არავის.“

„რას?“

„შენ ფეისბუქში რასაც დავინახავ.“

„ეგ რა შუაშია გოგოოო… არც შენ მინდა რო ნახო.“

„ეგ ბიჭი ვინაა?“

„პოლიტოლოგიაზე სწავლობს და მე დამდევს.“

„დამათვალიერებიე ფოტოები.“

„კარგი შემეშვი ეხლა. შენს თავს მიხედე.“

„ააააააააააააააააააააააააააააააააააააა…………….“ – დაიკივლა ნანა ოთხმეზურმა და ოთახიდან გავარდა.

„რა მოუვიდა დეე?“ – იკითხა გოგონების დედამ.

„აღარ შემიძლია რა…“ – წამოიტირა ეთუნამ.

„ჰო იცი დე… რა ვქნათ ასე გადაწყვიტა უფალმა.“

„მე რა დავაშავე მერე?! გავიგე რომ დებილია!  რა შეიცვალა ამით?!  გამიმწარა ბავშვობიდან ცხოვრება!“

„დებილი კი არა, აუტისტი. ბოროტო, თავხედო გოგოვ!“

 

 

1 2 3 4 5 6 7 8