ქრისტიანული მოძღვრების ფსიქოთერაპიული ეფექტის იმაზე უკეთესი ახსნა, მამა ივლიანე გიგანმა რომ შემოგვთავაზა, ძნელი წარმოსადგენია და, ვგონებ, აღარც არის საჭირო!

მაცხოვრის ჯვარცმა უამრავ ფერმწერს დაუხატავს არაჩვეულებრივი ექსპრესიულობით, მაგრამ ამ სცენის მთელი ტრაგიზმსა და სიდიადის გადმოცემას სიტყვით მხატვარზე უკეთ ვერავინ შეძლებს!

ახლა კი იმ შეკითხვას დავუბრუნდეთ, ანონიმმა აღმსარებელმა რომ დაუსვა ივლინე გიგანს – „თქვენ ადრევე დაუახლოვდით, მამაო, ქრისტეს?“

ასტროფიზიკოსი ივლიანე გიგანი მეცნიერების გავლით მივიდა ღვთის რწმენამდე – მას შემდეგ, რაც უსასრულობის მოაზრება მეცნიერულად ვერ შეძლო. სხვათა შორის, სამყაროს სასრულობის მოაზრებაც შეუძლებელია. ორი ურთიერთგამომრიცხავი მსჯელობიდან – 1. „სამყარო სასრულია“ და 2. „სამყარო უსასრულოა“ – ადამიანური ლოგიკით ერთ-ერთი უნდა იყოს მართებული, მაგრამ არცერთის მოაზრება ჩვენ არ შეგვიძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებითად არაფრის თქმა არ ძალგვიძს იმის თაობაზე, თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო.

ახლა გამოჩენილ მეცნიერს, ჩვენს თანამედროვეს და თანამემამულეს, ასტროფიზიკოს გიორგი (გია) დვალს მოვუსმინოთ. ახლახან გამოქვეყნებულ ინტერვიუში, იგი ამბობს:

„ადამიანი თავისთავად რელიგიური არსებაა. რელიგიაა ის კითხვები, რაც ადამიანს აწუხებს, ამიტომ, კითხვების თანაკვეთა არსებობს მეცნიერებასა და რელიგიას შორის. საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაწუხებს ჩვენი დანიშნულება, ჩვენი წარმოშობა და ჩვენი მომავალი. მეცნიერების სიძლიერე იმაშია, რომ ის უნივერსალური ენაა, რომელიც არ არის დამოკიდებული რელიგიურ კუთვნილებაზე. მეცნიერება უნივერსალური მეთოდია, რომელსაც შეუძლია კითხვებზე პასუხების გაცემა, მაგრამ ეს არ ნიშნავს მეცნიერების და რელიგიის ურთიერთგამომრიცხაობას. ურთიერთგამომრიცხავი შეიძლება იყოს მეცნიერული თეორიები ერთ საკითხზე, როდესაც ერთი მათგანი გამორიცხავს მეორე თეორიას. რელიგია და მეცნიერება მოღვაწეობის იმდენად განსხვავებული სფეროებია, მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური კითხვების დონეზე თანაკვეთა აქვთ, მათი ურთიერთგამომრიცხაობა არ არის სწორი მიდგომა. აქ მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ იყენებს კაცობრიობა ან ერთს ან მეორეს. საერთოდ პრობლემები ჩნდება იქ, სადაც ხდება რაღაცის არასწორად გამოყენება. ყველა პრობლემა იწყება იქიდან, როდესაც ხდება მეცნიერების გასაღება რელიგიად და რელიგიის – მეცნიერებად. ადამიანს უნდა ესმოდეს, სად იწყება მეცნიერება და სად მთავრდება ის და სად იწყება რელიგია და სად მთავრდება ის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“.

მეცნიერების კომპეტენცია იქ მთავრდება, სადაც იწყება უსასრულობა, რასაც ტრანსცენდენტსაც უწოდებენ. მას პრინციპულად ვერ მივწვდებით ცდისმიერი შემეცნებით, რაციონალური მეთოდებით.

ამას ნიკოლოზ ბარათაშვილი, არაჩვეულებრივი ხატოვანებით, პოეზიის ენით ასე გამოთქვამს:

„ჰე ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!

აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,

მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!

მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,

გულის-თქმა ჩემი შენს იქითა… ეძიებს სადგურს,

ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს აქ ამაოება…

მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!“

(„გლახ“ „ვაგლახ“-ის შემოკლებული ფორმაა, ხოლო „ვაგლახ“ იგივეა, რაც „სამწუხაროდ“).

 

1 2 3 4 5 6 7