და არა მარტო მძღოლ ბუდუ ჭაიასთან მიმართებით. ბუდუ ჭაია იმიტომ დავასახელე, რომ თავისი სულიერი გარდაქმნის ამბავს თვითონვე მოგვითხრობს ვრცლად და დაწვრილებით… უფრო სწორად, მეუღლეს მოუთხრობს ტელეფონით ღამღამობით თბილისიდან ზუგდიდში საუბრისას, და რომანის ავტორი მის მონათხრობს ჩვენც გვასმენინებს:

„მისმინე, მისმინე, რისთვის გირეკავ… წამოჯექი ცოტა ხანს, მოიხურე საბანი, ხმას ვერ ავუწევ, უნდა ვიჩურჩულო, მისმინე: ეს ღმერთი მართლა ყოფილა, კაცო, გესმის შენ? მე მეგონა რაცხა ფასონზე ლაპარაკობდა ხალხი და რაცხა ფასონზე ხდებოდა ყველაფერი ეს წირვა-ლოცვა, აღდგომა, წითელი კვერცხები და რაღაცეები! და ეს ყველაფერი კი შეიძლება ფასონზე იყოს, რამდენ რამეს აკეთებს ხალხი ისე უაზროდ და გაუგებრად, იცი შენც, ხომ კი, მაგრამ სინამდვილეში მართლა ყოფილა! მ ა რ თ ლ ა! გესმის, რას ვამბობ? აი, მე რო ვარ, შენ რო ხარ, ისე ყოფილა ისიც, ოღონდ არ ჩანს უბრალოდ. გესმის შენ? მაგრამ მე ხო მოვკვდები, შენ ხო მოკვდები, შორს შენგან, სიცოცხლე ხარ ჩემი, მარა ვამბობ ისე, – ის არ მოკვდება არასოდეს, იმიტომ რომ ყოფილა უკვდავი!“.

საბჭოთა სახელმწიფოში რეალურად განხორციელდა უღმერთოდ ცხოვრების მცდელობის ის იდეა, რომელმაც ახალი დროის დადგომისთანავე იჩინა თავი.

თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსის, ცხოვრების ხელოვნების ფილოსოფიის ახლად დამფუძნებლის ვილჰელმ შმიდის აზრით, „მოდერნული საზოგადოებები დიდი საზოგადოებრივი ექსპერიმენტის შუაგულში იმყოფებიან, თუმცა ეს ექსპერიმენტი ყოველთვის აშკარად არ იჩენს თავს: მოდერნის მთელი მოძრაობა, დაწყებული მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების გასაყარზე, ყოველგვარი რელიგიისაგან განთავისუფლებას უკავშირდება. მას შემდეგ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ურელიგიოდ ცხოვრებას. […] მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამგვარად ცხოვრება დროთა განმავლობაში შეუძლებელი აღმოჩნდება და თვალმისაწვდომ მომავალში ეს ექსპერიმენტი წარუმატებლად დასრულდება“.

ბუდუ ჭაიას გულში გაღვიძებული რწმენა უწინარეს ყოვლისა მის თავს დამტყდარი და მის ირგვლივ არსებული გაჭირვებითაა ნასაზრდოები. ამიტომ მისი ოცნებები სახარების აი ასეთი, თუ შეიძლება ითქვას, საყოფაცხოვრებო ინტერპრეტაციის სახეს ღებულობს:

„ამდენი ავადმყოფი როა ამ ბედკრულ საქართველოში და წამლები რო ღირს გიჟურად ძვირი, და ამ აფერისტული აფთიაქების ტყედ რო ვართ ქცეული, გამოჩნდება ვინმე იესოს ნაღდი მოწაფე და სთხოვს თურმე ღმერთ მამას, ჩემო მამავ, შენი ჯვარცმული შვილის სახელით გეხვეწები, მოარჩინე ეს გაჭირვებული ამალია ხვიტია წითელი ქარისაგან, ამალია გამახსენდა, ბიცოლაჩემი, სიტყვაზე, მარა, ვინც გინდა იყოს, მაგალითად, ბიკენტი შამუგია, ჩვენი მეზობელი, ხერხემლის თიაქარი რო კლავს. სთხოვს ბიკენტიაზე, სიტყვაზე, ხოდა, თქმა და მორჩენა ერთია თურმე! და მორჩა: ეტირა დედა ამალიას წითელ ქარს და ბიკენტი შამუგიას თიაქარს, და ვაფშე: დაიბრიდა კიბო და აახვია დიაბეტმა! ისე კი არა, ეს ჟულიკი ექიმები რო გვჭყეპავენ წამლებით და რო ვერ გარჩენენ და რო დავაგლახობ ასე…“.

მაგრამ ბუდუ ჭაიას ადამიანებზე ზრუნვის ის ფორმაც ძალიან მოსწონს, რომელიც შესაძლებლობას იძლევა რაღაცით მართლა დაემსგავსოს ადამიანი მაცხოვარს:

„აუ, შენ რომ მითხარი ამას წინათ (ისევ ცოლს მიმართავს, ისევ ტელეფონით. – ლ. ბ.) გალაკტიონის სტროფი, ქრისტეს ნათქვამია ნამდვილი: „ყოველი კაცი ქვეყანაზე არის ის განძი, რომელსაც უნდა აღმოჩენა და დაფასება“.

 

1 2 3 4 5 6 7