რუსეთის სოციალისტების მიერ ინიცირებულ ორ წამოწყებას – კერძო საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ ექსპერიმენტს და ათეისტური სახელმწიფოს დაარსების მცდელობას – ერთი ბედი ეწია: კრახით დამთავრდა. არადა, ორივე მაქსიმალურად იყო ხელშეწყობილი იდეოლოგიურად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად.

ამჯერად მეორე, უღმერთო სახელმწიფოს შექმნის ექსპერიმენტი გვაინტერესებს, ე. წ. მებრძოლი ანუ აგრესიული ათეიზმით ზურგგამაგრებული, ვინაიდან ეს თემა – უღმერთოდ ცხოვრების მცდელობის კრახი – ერთი უმთავრესთაგანია ნაირა გელაშვილის ახალ რომანში, რომლის სათაურია „…ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე…“. რომანის სხვა მთავარი თემებია ეკოლოგია და მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრება. სამივე ეს თემა თავს იყრის რომანის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის მამა ივლიანე გიგანის მხატვრულ სახეში: ის სასულიერი პირია, თანაც ტექნოკრატების მიერ დასაღუპავად განწირული სვანეთიდან არის წარმოშობით (ბავშვობა იქა აქვს გატარებული) და ავტორიტარიზმისა და მმართველი რეპრესიული სახელმწიფო სისტემის მოწინააღმდეგეცაა იმავდროულად. მამა ივლიანი გიგანი მემკვიდრეა ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობის“ მოძღვრისა, ავტორის მიერ უსახელოდ დატოვებული მღვდლისა, რომელიც საბჭოთა იდეოლოგიის მიერ რეპრესირებული პერსონაჟი გახლდათ.

დიახ, რეპრესირებული პერსონაჟი!

გავიხსენოთ, გასული საუკუნის 60-იანი წლების დამდეგს ამ მოთხრობის ეკრანიზებულ ვერსიაში სასულიერი პირი საერო მასწავლებლით რომ ჩაანაცვლეს, რის გამოც აკაკი ბაქრაძე შენიშნავს:

„ამ მოთხრობაში („გლახის ნაამბობში“) გამოყვანილი მღვდელი ფილმში შეიცვალა მასწავლებლით. თითქოს ეს უმნიშვნელო ცვლილება იყო. თურმე ასე არ ყოფილა. თურმე ილიას ქრისტოცენტრულ მსოფლმხედველობას ჩვენ ვცვლიდით პოლიტიკაცენტრული შეხედულებით. ეს კი ილიას შემოქმედების სრული დამახინჯება იყო, უფრო მეტიც, მთელი ქართული მწერლობა ქრისტოცენტრული ლიტერატურაა, მღვდლის მასწავლებლით შეცვლით, არსებითად, ჩვენ ვეთიშებოდით ჩვენს სულიერ კულტურას“.

სამაგიეროდ ერთობ საგულისხმოა ქართული მწერლობის კარგად მცნობი აღმოსავლეთგერმანელი ლიტერატორისა და გამომცემლის ლეონარდ კოსუთის მსჯელობა, რომელიც „გლახის ნაამბობს“ შეეხება. „კაცია-ადამიანის“ გერმანული გამოცემის ბოლოსიტყვაობაში დაკვირვებული გერმანელი ავტორი წერს:

„ნამდვილ სიღრმეებს ეს მოთხრობა [„გლახის ნაამბობი“] იძენს იმ როლის გამო, რომელსაც თავისი მისიის ერთგული სასულიერო პირი ასრულებს გლახასთან მიმართებით – რამაც ამ პერსონაჟის მთელ შემდგომ ცხოვრებაზე იქონია გავლენა; ეს როლი შთამბეჭდავია ადამიანთა ურთიერთობებისა და ღირებულებების იმგვარი ჰუმანისტური ხედვით, რომელიც აშკარად მოითხოვს სოციალურ ცვლილებებს“.

ამის ანალოგიით შეიძლება ითქვას, რომ ნაირა გელაშვილის ეს რომანი იმ როლის გამო, რომელსაც თავისი მისიის ერთგული სასულიერო პირი ივლიანე გიგანი ასრულებს რომანის სხვა მთავარი პერსონაჟის, ავტობუსის მძღოლ ბუდუ ჭაიასთან მიმართებით, არაჩვეულებრივ სიღრმეებს იძენს.

 

1 2 3 4 5 6 7