განსახილავ რომანში ვკითხულობთ:

ასტრონომ-მღვდელს ივლიანე გიგანს „თავისი პროფესიული კვლევის სფერო – ხილული ცა, (…) „შავი ხვრელების“ გამო მიეტოვებინა. თუმცა, (…) შორს არ გასცლოდა და იქვე გადანაცვლებულიყო, ესე იგი, ისევ ცაში, ოღონდ, უხილავში: ღმერთისთვის მიემართა, რადგან „შავ ხვრელებს“ საკუთარი ძალებით ვეღარ უმკლავდებოდა, ვეღარ შველოდა მეცნიერების გულგრილობა თუ მისი გაუგებარი ენთუზაიზმი“.

გულგრილობას საყვედურობს ივლიანე გიგანი მეცნიერებას! ყურადღება მივაქციოთ აქ კომპოზიტ „გულგრილობის“ პირველ შემადგენელ ნაწილს – „გულს“ – იგი ცოტა ქვემოთ ერთობ საინტერესო მხატვრული ხერხით შესრულებული პასაჟის მთავარ „მოქმედ გმირად“ მოგვევლინება. ოღონდ ივლიანე გიგანი მეცნიერების მგმობელ-უარმყოფელი არ გეგონოთ. იგი წარმატებული ასტროფიზიკოსი იყო და ნაყოფიერად მოღვაწეობდა საზღვარგარეთის დიდ კვლევით ცენტრებში. რელიგიისკენ მისი გადანაცვლება იმან გამოიწვია, რომ მიხვდა: ზემოთ ნახსენებ „უხილავ ცას“, ანუ ტრანსცენდენტს, იგი „ვეღარც ოპტიკური და ვეღარც რადიოტელესკოპით, ვეღარც ინტერფერომეტრებითა და ვეღარც სპექტრომეტრებით ვეღარ გამოკვლევდა (…). ახლა თვითონ, გიგანი, უნდა ქცეულიყო ობსერვატორიად და ტელესკოპის როლი გულს ეთამაშა, ეულ გულს, გიგანტური თეფშის მსგავსად მუდამ უსახელოსკენ რომ უნდა ყოფილიყო ატრიალებული და თავისი ანტენებითა და სარკეებით აერეკლა უხილავი, რომელსაც გახილვადება დიდი ხანია უკვე აღარ სურდა“.

ეს გახლავთ ის მხატვრული პასაჟი, რომელიც ზემოთ ვახსენე: როცა ხელსაწყოები ვეღარ შველიან, ასტრონომი თვით იქცევა ლაბორატორიად, ადამიანი გარდაიქმნება ობსერვატორიად, ხოლო ტელესკოპის როლს მისი გული ასრულებს.

გურამ პეტრიაშვილს ერთი ასეთი ლექსი აქვს:

„მართლა თუ სჯერათ ამ ასტრონომებს,

რომ თავიანთ ტელესკოპებში ვარსკვლავს ხედავენ?

ჭრიჭინებით სავსე ბულულზე

თუ არა წევხარ ზაფხულის ღამით

და არ იგონებ

შენს სახეზე

ქალის თმების პირველ შეხებას,

განა ვარსკვლავს

ვარსკვლავი ჰქვია?“

ივლიანე გიგანის დამოკიდებულება მეცნიერებისა და რელიგიისადმი ძალიან წააგავს რომანტიკოსთა პოზიციას ამ საკითხში. ისევ ვილჰელმ შმიდს დავიმოწმებ:

„მეცნიერებას, თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, ოღონდაც რომ მოეძევება ადგილი რომატიზმში და რომანტიკული ცხოვრების ხელოვნების ნაწილს წარმოადგენს; იგი გვეხმარება ცხოვრებისეული სინამდვილისა და გარესამყაროს ძირითადი სტრუქტურების აღმოჩენაში. ოღონდ რომანტიკოსი მეცნიერულ მოღვაწეობას მუდამ იმის შეგნებით ეწევა, რომ სინამდვილე იმდენად მრავლისმომცველია, მას ერთად აღებული ყველა მეცნიერებაც კი ვერ გამოიკვლევს ბოლომდე; იგი (სინამდვილე) მუდამ საოცარი, მიუწვდომელი და იდუმალებით მოცული რჩება (…). [ამრიგად,] მეცნიერება კი არ უარიყოფა [რომანტიზმის ეპოქის ხელოვანთა მიერ. – ლ. ბ.], არამედ მისი ოპტიმიზმი, პოზიტივიზმი, ობიექტივიზმი მიიჩნევა ფარდობითად. რომანტიკოსი სათანადო დისტანციას იცავს ცოდნის პრეტენზიულობის მიმართ და იმ აზრზე დგას, რომ მეცნიერების სფეროს მიღმა კიდევ არსებობს „რაღაც“, და რომც არ არსებულიყო, უნდა გამოგვეგონებინა. საქმე ეხება არა მეცნიერებისა და რაციონალიზმის სხვა რამით ჩანაცვლებას, არამედ შევსებას. სხვაგვარად სამყარო შიშველი და ცივი, უსაშველოდ მოსაწყენი იქნებოდა“.

 

1 2 3 4 5 6 7