რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების თაობაზე საქართველოში ადრეც უფიქრიათ. კერძოდ, გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვის დღეს წარმოთქმულ სიტყვაში ილია ჭავჭავაძე ამბობს:

„მე არ ვიცი იმისთანა სხვა კაცი, – საერო, თუ სამღვდელო, – რომლის გულშიაც მომეტებულის მშვიდობის-ყოფით, მომეტებულის და-ძმობით ერთად დაბინავებულიყოს სამოქმედოდ მეცნიერება და სარწმუნოება. განსვენებული ღრმად-მიწევნილი მეცნიერი იყო და იმოდენადვე ღრმად-მორწმუნეცა. (შეგახსენებთ: გაბრიელ ეპისკოპოსი, გარდა იმისა, რომ ფიზიკასა და მათემატიკას ასწავლიდა, გახლდათ ავტორი წიგნისა „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, რომელიც რუსეთის სემინარიებში სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. – ლ. ბ.). აქ არის, ჩემის ფიქრით, მისი აღმატებულება, მისი მნიშვნელობა არამც თუ მარტო ჩვენთვის, სხვისთვისაც, რადგანაც ბევრსა ჰგონია, რომ მეცნიერება და სარწუნოება ერთმანეთში მოურიგებელნი და მოუთავსებელნი არიანო. იგია მაგალითი ამ მორიგებისა და მოთავსებისა.

ქვეყანა, ბატონებო, სავსეა ხილულითა და არა-ხილულითა ადამიანის სულიერ და ხორციელ თვალისათვის. ერთის ბრძნისა არ იყოს, „ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, და ზოგი-კი იმისთანა, თუ არ ირწმუნე ვერ დაინახავ“.

ძნელია ამაზე უკეთ, მკაფიოდ და ამომწურავად ითქვას რამე ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე!

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ივლიანე გიგანი მარტო ბუნებისმეტყველი კი არ არის, ჰუმანიტარიც გახლავთ (ვიოლინოზე უკრავს, უყვარს, იცის და ესმის პოეზია…). ჩვენ გვასწავლიდნენ, პროგრესული არის ის, რაც ხელს უწყობს საწარმოო ძალთა განვითარებასო. მართალია, „საწარმოო ძალებში“ ადამიანიც იგულისხმება, მაგრამ ამ ნათქვამს არ ეტყობა, რომ მისი მეშვეობით ადამიანის, როგორც მწარმოებელი არსების, სულიერ განვითარებაზეც მიგვანიშნებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ყველაფრიდან ჩანს, რომ „საწარმოო ძალთა განვითარებას“ ამბობდნენ, მაგრამ არსებითად წარმოების განვითარებას გულისხმობდნენ. და ამ წარმოებამ მართლაც ზღაპრულ დონეს მიაღწია, ოღონდ ჩვენი საარსებო გარემოს უმოწყალო ექსპუატაციის ხარჯზე; ინდუსტრია განვითარდა და ისე განვითარდა, ლამის თავზე დაგვამხოს მთელი სამყარო. წარმოების განვითარებაზე ორიენტირებულთ ადამიანი დაგვავიწყდა, ანუ ის დაგვავიწყდა, ვისაც უნდა ემსახურებოდეს წარმოება, რათა ადამიანმა უკეთ დაიკმაყოფილოს თავისი სულიერი ინტერესები შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად – იმ, მაქსიმუმ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, რაც მისი ამქვეყნიური არსებობისთვის გაუმეტებია განგებას.

მოკლედ, იმ სიკეთეებს, რაც წარმოების წინსვლას მოაქვს, სულიერად განუვითარებელი, სულიერ ფასეულობებს უზიარებელი ადამიანი, სასიკეთოდ ვერ მოიხმარს, სხვებსაც დაღუპავს და თავსაც დაიღუპავს.

ეს გახლავთ ამ რომანის ავტორის ერთი დიდი სატკივარი და ეს არის ამავდროულად ჩვენი დროის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გლობალიზაციის, საერთაშორისო ტერორიზმისა და გენდერის გვერდით, მაგრამ მას, სამწუხაროდ, ამათზე ბევრად ნაკლები ყურადღება ექცევა.

განსახილავი რომანი არის განგაში იმის გამო, რომ ინდუსტრიის სწრაფი განვითარება ჰუმანიტარული სფეროებისადმი ყურადღების შესუსტების ვითარებაში დამღუპველია. (ჩამოვთვლი უმთავრეს ჰუმანიტარულ სფეროებს, რომელთა მიმართ უყურადღებობა ძვირი უჯდება კაცობრიობას: ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ლოგიკა, ეთიკა – მეტადრე ეკოლოგიური ეთიკა, ესთეტიკა, ლიტერატურა და ხელოვნება, ისტორია, პედაგოგიკა…).

ინდუსტრიის ჰუმანიტარიზაციასთან არის დაკავშირებული რომანში ცვლადი დენის აღმომჩენისა და უამრავი სხვა ტექნიკური სასწაულის ავტორის, სერბიული წარმომავლობის ინჟინერ-ფიზიკოსისა და გამომგონებლის, ლეგენდარული ნიკოლა ტესლას გახსენება.

 

1 2 3 4 5 6 7