„ის თავხედი ტექნოკრატი კი არა, სამყაროს წინაშე მოწიწებით აღბეჭდილი კაცი იყო“, ვკითხულობთ რომანში. ეტყობა, ამ მოწიწების გამო სამყარომ მას ბევრი თავისი საიდუმლო გაუმხილა და ალბათ ბევრსაც გაუმხელდა, იმ ჯურის ადამიანებს რომ არ დაებრკოლებინათ, რომლებიც მზად არიან დოლარს ანაცვალონ დედამიწის მომავალი.

„ჩვენს დროში მიწისძვრებს ხელს უწყობს დადამიწიდან ნავთობის, აირის, ნახშირის უსასრულოდ ამოხაპვაც. რადგან რასაც დედამიწა შეიცავს, ის, უპირველეს ყოვლისა, თვითონ სჭირდება! ეს მისი სისხლი, წვენი, პლაზმა, ცილა, ძვლებშორისი სითხეა, ესენი კი ყველაფერს ართმევენ! (…) ყველას აჩუმებენ, ვინც სხვა გამოსავალს სთავაზობს ადამიანებს!“ – აღშფოთებას გამოთქვამს ნიკოლა ტესლას ერთ-ერთი პატივმცემელთაგანი რომანში.

ტესლას მიზანი იყო, კოსმოსიდან მოეპოვებინა უფასო ენერგია, მაგრამ ამ მიმართულებით მის ძიებებს წერტილი დაუსვა ნავთობისა და ქვანახშირის კორპორაციათა ძალისხმევამ, ვინაიდან მათ ამის შედეგად გაკოტრება ემუქრებოდათ.

და აი რას დაემგვანა ჩვენი საერთო სახლი – დედამიწა:

„ნავთობი და ნახშირი და გაზი და ატომური ენერგია! და კიდევ მდინარეების დაგუბება ელექტროენერგიის მისაღებად! და ახლა: ნავთობი ჩაღვრილი და ჩაჟონილი ყველგან: ზღვებსა და მიწაში! და რადიაცია ყველგან: მიწაში ჰაერსა და წყალში! და კაშხლების შენებით განადგურებული ბუნება და დაგუბებული მდინარეებისგან გამოწვეული ნესტი და მიწისძვრები: აი, ჩვენი „დედა-სამყარო“!“

ეს არის ფრაგმენტი საუბრისა, რომელიც გაიმართა ივლიანე გიგანსა და მის უცხოელ კოლეგას, ასტრონომ რედიარდ ქოუტარდს შორის. ინდიელთა შთამომავალი ქოუტარდი ასეა დახასიათებული რომანში: „გულს არასოდეს უხსნიდა ბოლომდე [ივლიანეს], თუმცა მგრძნობიარე ჩანდა, რასაც ურიცხვი თანამედროვე ადამიანის მსგავსად, მალავდა…“.

ტექნოკრატიის ეპოქამ მოიტანა ეს – მგრძნობიარობა სამარცხვინო, მისაჩუმათებელ თვისებათა შორის აღმოჩნდა, რაც სულაც არ იყო ასე, თუნდაც, ორი საუკუნის წინ. „გონება არ კრძალავს მგრძნობელობას“ („Vernunft verbietet nicht die Sinnlichkeit“), – დარწმუნებული იყო ჰაინრიხ ჰაინე, ხოლო ემანუელ კანტი წერს: „როცა მგრძნობელობა და გონება ერწყმიან ერთმანეთს, მხოლოდ მაშინ იბადება ცოდნა“.

* * *

ბევრი სისასტიკე, სიდუხჭირე, ვერაგობა და გაუტანლობა არის მოთხრობილი ამ რომანში. „გასახარი თუ არის რამე?“ – კითხულობს გიორგი ლობჟანიძე წიგნს დართულ ბოლოთქმაში… და მისივე პასუხს ამ შეკითხვაზე ჩემი სტატიის ფინალად გამოვიყენებ:

„გასახარი ის არის, რომ ჯერ კიდევ არსებობენ გამორჩეული ადამიანები, იწერება გამორჩეული ნაწარმოებები, რომ ადამიანებში მაინც არსებობს სიკეთე (…) და ერთმანეთისთვის დაბადებული ქალები და კაცები მაინც პოულობენ ერთმანეთს: აქ, ამ რომანში, რომელიც მრავალი სრულიად დაუვიწყარი პერსონაჟით ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას“.

 

1 2 3 4 5 6 7