მოკლედ, აბედნიერებდა იესო ადამიანებს და ხარობდა მათი სიხარულით. მაგრამ ვინ დაუფასა! ჩვენ ადამიანები ხომ ვართ საერთოდ ღორები! არ დაუჭერიათ და არ დაულურსმიათ ხელ-ფეხით ჯვარზე?“.

ამრიგად, ბუდე ჭაიას ქრისტიანობის მემარცხენე იდეები ესიმპატიურება უფრო მეტად.

თავში, რომელსაც „აღსარება“ ჰქვია, რელიგიური რწმენის მაკურნებელ თვისებაზე ამახვილებს ყურადღებას სხვა პერსონაჟიც, ანონიმური აღმსარებელი, ყოფილი პოლიტპატიმარი, რომელიც ივლიანე გიგანს უამბობს რამ განუმტკიცა ღმერთის რწმენა საპყრობილეში:

„…როდესაც მაწამებდნენ ხოლმე, სადღაც იმ შუა ტკივილში გულით ვღაღადებდი – უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, შემიწყალე მე ცოდვილი-მეთქი. ამას ვიმეორებდი და ვიმეორებდი გულში და ამან გადამატანინა… ვგრძნობდი, რომ იესო ქრისტე თანდათან მიყვარდებოდა… მინდებოდა უფრო ახლოს გამეცნო… გამიჩნდა სინანული, რატომ ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას მთელი ცხოვრება-მეთქი… თქვენ ადრევე დაუახლოვდით, მამაო?“.

ამ შეკითხვას – „თქვენ ადრევე დაუახლოვდით, მამაო?“ – მერე დავუბრუნდებით, ახლა კი მეცნიერს მოვუსმინოთ, გამოჩენილ ფსიქოლოგსა და ფსიქიატრს, ადამიანის სულის ღრმად მცოდნე კარლ გუსტავ იუნგს:

„ზოგადი თვალსაზრისის გამოყენების შესაძლებლობას დიდი თერაპიული მნიშვნელობა აქვს. (…) ანტიკურ მედიცინაში ცნობილი იყო, რომ პირადი დაავადების უფრო მაღალ, უპიროვნო დონეზე აყვანის შესაძლებლობას სამკურნალო გავლენა ჰქონდა. (…) აღმოსავლეთში პრაქტიკული თერაპიის დიდი ნაწილი პიროვნული განცდის საყოველთაო ვითარების დონეზე აყვანის პრინციპზეა აგებული. (…) თუ [ადამიანს] უჩვენეს, რომ მისი პირადი ტანჯვა მარტო მისი სატანჯველი კი არ არის, არამედ საყოველთაოა, ასე გასინჯეთ, ღმერთის ტანჯვაც კია, მაშინ ის კაცთა და ღმერთთა საზოგადოებაში იმყოფება, და ამის ცოდნა მომარჩენელია“.

ანუ, იმის შეგნება, რომ კერძოს, კონკრეტულის, პიროვნულის გარდა საყოველთაოს, ზოგადს, უპიროვნოსაც წარმოვადგენთ, დამამშვიდებლად მოქმედებს, ვინაიდან ამის შედეგად ჩვენი ბედ-იღბლით მთელ კაცობრიობას ვუკავშირდებით. შეგნება იმისა, რომ ტკივილი, რომელიც ჩვენ გვტანჯავს, მარტო ინდივიდუალური კი არა, ზოგადსაკაცობრიო მოვლენა და თვით მაცხოვრის ხვედრიც კი ყოფილა, ამსუბუქებს ტანჯვას, ზოგჯერ კი განკურნებასაც იწვევს.

მაგრამ ქრისტიანობის მაკურნებელ თვისებას განსაკუთრებით ის აძლიერებს, რომ მაცხოვარმა ჩვენი ცოდვები, რომლებიც ძალიან ხშირად ჩვენი სნეულებების წყაროა, თავის თავზე აიღო. „მაგრამ რას ნიშნავს „ცოდვები თავის თავზე აიღო?“ – ეკითხება მამა ივლიანე გიგიანი თავის მსმენელებს „ახალგაზრდულ ცენტრში“.

და ისეთი ღრმააზროვანი, თან მოულოდნელი და თან გასაგებად ასე მარტივი და შთამბეჭდავი ახსნა იმ მისტიკური აქტისა, რასაც წარმოადგენს ქრისტეს ჯვარცმა, განმარტება იმისი, თუ რას ნიშნავს მაცხოვრის მიერ კაცობრიობის, ყოველი ჩვენგანის ცოდვების თავის თავზე აღება, პირადად მე არც სადმე წამიკითხავს და აქამდე არც ვინმესგან მომისმენია.

დავუგდოთ ყური მამა ივლიანე გიგანს, რას გვეტყვის ამის თაობაზე:

„– მარტო ფიზიკურად რომ დატანჯულიყო, – განმარტავს მოძღვარი, – მაინც ჩვეულებრივი ტანჯვა იქნებოდა. ადამიანები ამაზე უარეს ტანჯვა-წამებასაც გადიან… ხშირად საკუთარ თავზე იღებენ საშინელებას, რომ საყვარელი ადამიანი გადაარჩინონ (…). მაგრამ იესოს ტანჯვა არნახული ტანჯვაა, ისეთი, როგორიც სამყაროს ისტორიამ არ იცის: მან, სრულიად უცოდველმა არსებამ, თავისი ნებით მიიღო მთელი კაცობრიობის უწმინდურება! (…). მთელი დედამიწის შემზარავი ცოდვები ზღვასავით შედინდა ხელ-ფეხ დალურსმულ ადამიან-ღმერთში! სისხლიან-შმორიანი ჭაობი შეზვავდა ზეციერი მამისა და ქალწულ მარიამის უცოდველ შვილში! მისი სინათლის ყველა უჯრედი ბინძურმა სიბნელემ აავსო, ეს იყო ჯოჯოხეთი, თავად ჯოჯოხეთი მასში! ის თვითონ იქცა სიბილწედ, ცოდვად! ასე გააკრა ჯვარზე ბოროტება. (…) ამიტომ ასძახა გულგანგმირულმა: „ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი?“ („მამავ, მამავ, რატომ მიმატოვე მე?“)“.

 

1 2 3 4 5 6 7