მისი ბოტასების ქვეშ ხრეში ხრაშუნობდა. ქვიშის ერთი ბეწო მოედანს გაუსწრორდა თუ არა, სვლა შეანელა, გადაუხვია და ცერებით გაემართა მოედნისკენ. ბავშვებს ფერადი კუბებისგან კოშკი აეწყოთ და ისე უხაროდათ, თითქოს ბაბილონის გოდოლი აეშენებინოთ. ბიჭი მოედნის კიდის განივ კოჭზე შედგა, ფეხი გადაიწვდინა და, სანამ ბავშვები აზრზე მოვიდოდნენ, კოშკს ცერი მიარტყა. ბავშვების ტირილი მთელ პარკს მოედო. ბიჭი კმაყოფილი სახით გაემართა პარკის შემოსასვლელში შეკრებილი თანატოლებისკენ. „ – რა ქენი, ბიჭო! – დაუძახა გრაფმა და უკან დაედევნა. – დაბრუნდი ახლავე და აუწყვე ბავშვებს, რაც გაუფუჭე!“ ბიჭმა ირონიულად მოხედა და გზა გააგრძელა. გრაფი დაეწია, მხარში ჩაავლო ხელი და შემოაბრუნა. „ – ხელი დაიმოკლე, ხო არ უბერავ!“ – დაუყვირა ბიჭმა და გაშლილი ხელი გაარტყა სახეში. შვილის ტოლა ლაწირაკისგან გრაფი ამას არ ელოდა, ბიჭს კეფაში მაგრად ჩაავლო ხელი, პანღური ამოჰკრა და ქვიშის მოედნისკენ წაათრია. შემოსასვლელში მდგარ ყვინჩილებს რამდენიმე გამოეყო და გრაფისკენ გამოიქცნენ გინებით. გრაფს მარჯვენა ხელით საცოდავად თავჩახრილი ბიჭი ეჭირა, მარცხენა ხელით და ფეხით კი მის ძმაკაცებს იგერიებდა, როცა მუცელში რაღაც იგრძნო, ეს ტკივილი არ ყოფილა, რაღაც უხეშად შეხების მაგვარი იყო. შეგრძნება რამდენჯერმე განმეორდა. „ – მოკლა! მოკლა!“ – აკივლდნენ ქალები. გრაფს არაფერი სტკიოდა, უბრალოდ მუხლები ეკვეთებოდა. სანამ ჩაჯდებოდა, მოხრეშილ ბილიკზე სისხლის წვეთებს მოჰკრა თვალი, ვერაფრით დაიჯერა, რომ მისი სისხლი იყო. ყვინჩილებმა ფარეხებს შორის, კიბეზე, კისრისტეხით ჩაირბინეს. ის კი, რომელსაც გრაფმა პანღური ამოარტყა, შუა კიბიდან ამობრუნდა და გრაფისკენ გამოიქცა. ალბათ ისევ დარტყმას მიპირებსო, გაიფიქრა გრაფმა და თავდაცვისთვის მოემზადა, როგორც შეეძლო, მაგრამ ბიჭი დაიხარა, ძირს დაგდებული დანა აიღო და უკანვე გაიქცა. ამას დავუჭრივარ, ამ ვირიშვილსო, ახლაღა მიხვდა გრაფი და თავბრუ დაეხვა… გონს საავადმყოფოს პალატაში მოვიდა. ფხიზლად გატარებული ის დღეები საშინლად ცუდად ახსოვდა. რამდენიმე უბნელმა ინახულა. ყოფილი ცოლი ყოველდღე აკითხავდა, ერთი-ორჯერ ქალიშვილიც მოვიდა, ეტყობოდა, დედას ვერ უტეხდა ხათრს, თორემ სულ არ ეპიტნავებოდა იქ ყოფნა, ცოტა ხანს ჩერდებოდა და მიდიოდა. ყოფილმა ცოლმა შესთავაზა, გაწერის მერე, სანამ არ მოკეთდები, თუ გინდა, ჩვენთან წამოდი, ოღონდ დალევა არ დავინახოო, მაგრამ გრაფმა თავის სოროში წასვლა არჩია. უბანში პირველად აქციის დღეს გაიარა, იმ დილით განაახლა დალევა და ბედნიერი იყო, რომ საქმეს დაუბრუნდა. ნიუჟელი, ამდენი ხალხი ჩემს შესახვედრად შეიკრიბაო, ერთი გაფიქრება ამ თავხედურმა აზრმაც კი გაუელვა თავში. სინამდვილეში ხალხი მერიის მიერ გაცემულ მშენებლობის ნებართვას აპროტესტებდა, რომლის თანახმადაც პარკის ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენებულიყო. არასამთავრობო ორგანიზაციებიც და ტელევიზიებიც იყვნენ. აქცია თანდათან დაიშალა მომდევნო დღეს ისევ შეკრების დათქმით, პარკში მხოლოდ ძველი ბინადრები – პენსიონრები – და რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის რამდენიმე წევრი დარჩა, ფანჩატურში ისხდნენ. გრაფი ვერ მიხვდა, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები რატომ არ მიდიოდნენ, მაგრამ სიგარეტი აღარ შემორჩა და მათზე უკეთეს საკბილოს, აბა, ვის იპოვიდა. „ – ჰაბენ ზიი აინე ციგარეთე?! ჰევ იუ სიგარეთ?! ავე ვუ დე სიგაღეთ?! სიგარეტი ხომ არ გაქვს, ოქრო კაცო?!“ – ყველაზე ახლოს მჯდომ, ბლანჟეიან და საყურიან ჯეელს შეჰღაღადა გრაფმა და პასუხის მოლოდინში გაინაბა. „ – შენა, მომისმინე აქეთ. ფრანგები ასე იტყვიან მაგას: პურიე ვუ მოფრირ ინ სიგარეტ, სილ ვუ პლე?! – შეიძლება, სიგარეტი შემომთავაზოთო, გეთაყვაო, გაიგე?!“ –სანამ უცხო ჯეელი იტყოდა რამეს, თქვა უცებ პენსიონერმა პენსიონერმა, წამოდგა, სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო, გრაფს მიაწოდა, მეორე ღერი ყურში გაურჭო და, საერთო გაკვირვების ფონზე, პარკის გასასვლელისკენ გაემართა. – „ … ოფიციალურად დალოცვილო!“ „ – … მჭერმეტყველურად დალოცვილო!“ – იკურთხებოდნენ საზამთროს გამყიდვლები.

 

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7