გრაფი ლოთი იყო,  მაგრამ იმ წარმოსახვითი მიჯნის ქვემოთ, რომელიც შეიძლება, თავმოყვარეობას და უთავმოყვარეობას შორის გავლებულ სადემარკაციო ხაზად მივიჩნიოთ, არასოდეს დაშვებულა. ლოთები, როგორც წესი, ადრიდანვე ეჩვევიან ალკოჰოლს, გრაფი კი ოცდაშვიდი წლის გახლდათ, როცა პირველად დათვრა. ეს ალუმინის ქარხანაში მუშაობის დაწყებიდან მეორე წელს მოხდა. არც მოსწავლეობის და არც სტუდენტობის პერიოდში, არათუ მძიმე სასმელებისთვის, ლუდისთვისაც კი არ დაუკარებია პირი. მისი კლასელები და მეგობრები მაღალ კლასებში უკვე ინტენსიურად ეტანებოდნენ სიგარეტს და ნებისმიერ გრადუსიან სასმელს, გრაფსაც აძალებდნენ, მაგრამ ვერაფრით შეაცდინეს. გრაფი არც სპორტით ყოფილა დაკავებული და არც დამშლელი ჰყავდა ვინმე, მაგრამ, რატომღაც, არც სიგარეტზე მისდიოდა გული და არც იმ არაყზე, მასწავლებლებისგან მალულად რომ სვამდნენ  კლასელები სკოლის უკან. ჯარის მერე უნივერსიტეტში ჩააბარა და კურსელებიც სმის დიდი მოყვარულები შეხვდა. კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს, ამოჩემებულ დუქანში ქეიფობდნენ ხოლმე, მათაც სცადეს გრაფის შეცდენა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და მალევე ჩაიქნიეს ხელი. თავიდან ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ. ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი, რომელიც სპორტსმენი არ არის და მაინც არ ეტანება სასმელს და სიგარეტს, წესით, დედიკოს ბიჭი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გრაფმა დაამტკიცა, რომ ისინი ცდებოდნენ: ერთხელ, ფეხბურთის თამაშის დროს, უფროსკურსელებთან ჩხუბი მოუვიდათ, მოწინააღმდეგეები მეტნი იყვნენ და ამათი რამდენიმე თანაკურსელი უკანმოუხედავად გაიქცა, გრაფი კი ბოლომდე მედგრად იდგა, ქვეყანა არ დაუქცევია, მხოლოდ ერთს დაარტყა გაშლილი ხელი და მერე, მთელი ჩხუბის მანძილზე, აქეთ ურტყამდნენ, მაგრამ მეგობრები არ მიუტოვებია. ამან კურსელების თვალში ავტორიტეტი აუმაღლა და მას მერე აღარავის დაუძალებია სასმელი. უბრალოდ დაჰყვებოდა ხოლმე დუქანში მეგობრებს და, სხვები რომ ღვინოს სვამდნენ, თვითონ განუსაზღვრელი რაოდენობით ლიმონათს სვამდა. სასმელს არც თავის ქორწილში გაკარებია და არც მაშინ, როცა გოგონა შეეძინა. ცოლი კმაყოფილი იყო და ვერაფრით წარმოიდგენდა, წინ რა ჯოჯოხეთი ელოდა. ცოლის ბიძაშვილმა, რომელიც ალუმინის ქარხანაში ერთ-ერთი საამქროს ზედამხედველად მუშაობდა, გრაფი თავისთან წაიყვანა სამუშაოდ. გრაფი პატიოსანი, პუნქტუალური და მოწესრიგებული მუშა იყო და, როგორც ცოლის ბიძაშვილი ამბობდა, მდნობელი მუშის პოზოციიდან მალე შემდუღებლად დააწინაურებდნენ, რომ არა ის საბედისწერო საღამო, რომელმაც გრაფის ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ახალმა თანამშრომელმა, ასაკოვანმა კაცმა, ბიჭები რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა, მალე ჩემი შვილის დაბადების დღეა და უნდა აღვნიშნოთ, უარი არ მიიღებაო. გრაფი სხვების ქეიფის ყურებას ბავშვობიდან იყო შეჩვეული და, რამდენიმე თანამშრომელივით, სახლში წასასვლელი მიზეზის ძებნა არ დაუწყია. რატომღაც ეგონა, რომ სუფრა ახალი თანამშრომლის სახლში გაიმართებოდა, მაგრამ შეცდა. უცნაური დამთხვევით სწორედ იმ დუქნის კიბეებს ჩაუყვნენ, რომელსაც გრაფი სტუდენტობისას სტუმრობდა ხოლმე. მოზრდილი მაგიდა უკვე გაშლილი იყო, მალე მასპინძლის რამდენიმე ახლობელიც შემოუერთდათ და სმაც დაიწყეს, მაგრამ იუბილარი არსად ჩანდა. არც არავის გაკვირვებია, იფიქრეს, ალბათ იუბილეს მეგობრებთან აღნიშნავსო. თამადა თავისას მიერეკებოდა და გრაფისთვის ისეთი არაფერი ხდებოდა, რაც იქამდე არ უნახავს. სუფრის დაწყებიდან ნახევარი საათი თუ იქნებოდა გასული, როცა ვიღაცამ ფანჯარას ახედა და თქვა, მოიყვანესო. ყველამ შემოსასვლელისკენ გაიხედა. გრაფმა იფიქრა, ალბათ ინვალიდია და ეტლით მოჰყავთ ის საწყალიო, და მოემზადა, რომ მსუბუქ თანაგრძნობასა და სიბრალულს შორის ზღვარი დაეცვა და იუბილარისთვის თავი უხერხულად არ ეგრძნობინებინა. კარი გაიღო და დუქანში, ეტლის ნაცვლად, უშველებელი ფოტო გამოჩნდა, დიახ, მოჩუქურთმებულჩარჩოიანი ფოტო. ჩარჩოს ქვეშ იმ ვიღაცის ფეხები ჩანდა, ვისაც ფოტო მოჰქონდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ფოტო მოდიოდა. მთელი დუქანი უცნაურ სანახაობას მიაჩერდა. გრაფს თავიდან რაღაც ხუმრობა ეგონა, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ ასე არ იყო. ფოტო მოიტანეს და სუფრის თავში, ცარიელ სკამზე შემოდეს. ჩარჩო სკამის საზურგეზე და კედელზე იყო მიყუდებული. აი, თურმე რისთვის ინახავდნენ ამ ცარიელ სკამსო, გაიფიქრა გრაფმა. ნატურალური ზომის ფოტოზე ახალგაზრდა, ლამაზი ქალი მთელი სხეულით ჩანდა და გეგონებოდა, მართლა სკამზე იყო შემდგარი. „ – ეს ჩემი ერთადერთი შვილია. ოცდაერთისა წავიდა. დღეს ოცდათხუთმეტის გახდებოდა! ამ სუფრაზე მისი მოსაგონარი აუცილებლად უნდა დაილიოს!“ – თქვა ახალმა თანამშრომელმა და გრაფს შეხედა, რომელსაც მთელი სუფრის მანძილზე წვეთიც ვერ დაალევინეს. თამადა ალავერდს გრაფთან გადავიდა, უარის თქმა შეუძლებელი იყო. გრაფს ხელში ქვევრის ფორმის მოზრდილი სასმისი ეჭირა, რომელზეც გარდაცვლილი გოგონას ფოტოები იყო დატანილი. მისთვის ეს მდგომარეობა –  სასმისით ხელში დგომა – სრულიად უჩვეულო გახლდათ, სიტყვებს ძლივს მოუყარა თავი და სულმოუთქმელად ჩაცალა. ცოტა ხანში სასიამოვნო სიმსუბუქე დაეუფლა, თითქოს მის წინ სხვა სამყაროს კარი გაიხსნა. ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და სადღაც, გულის სიღრმეში სინანულს გრძნობდა, რომ აქამდე ამ ყველაფერზე უარს ამბობდა. დუქნის კედელზე გამოსახული ფერადი ბარელიეფი, რომელზეც ძველი თბილისი ჩანდა და, რომელსაც მთელი სტუდენტობის მანძილზე უყურებდა, თითქოს გაცოცხლებულიყო, აივნებზე გადმოყუდებული ქალების ლაპარაკი ჩაესმოდა, ეტლში შებმული ცხენის ფლოქვები ქვაფენილზე ხმაურობდნენ, ვიწრო ქუჩის განაპირას ბაყალი საზამთროებს ყიდდა და არაფრით ჰგავდა იმ გამყიდვლებს, წლების მერე ერთმანეთს რომ შეამკობდნენ ხოლმე ტკბილ-ტკბილი სიტყვებით. გრაფი თითქოს იმ ეტლში იჯდა და სიმღერით მიუყვებოდა აღმართს… დროდადრო თანამეინახეების ხმამაღალი ლაპარაკი აფხიზლებდა, ფოტოზე გამოსახული გოგო თავისი კურსელი ეგონა, რომელიც, რა დასამალია და, მოსწონდა სტუდენტობისას. უყურებდა მის მაღალქულსიან ფეხსაცმელს, მაღალ ფეხებს და შიფონის მუხლამდე ქვედაბოლოს და ვერაფრით ხვდებოდა, რატომ ამძვრალიყო სკამზე. ალბათ ლექსის თქმა უნდაო, ფიქრობდა და თანამეინახეების გაჩუმებას ცდილობდა, მაგრამ ყურს არავინ უგდებდა. ერთი ჭიქაც და საბოლოოდ დაებინდა გონება, არ ახსოვდა, როგორ წაიყვანეს სახლში თანამშრომლებმა. დილით რომ გაეღვიძა, თავი უბრუოდა, მისი აღმატებულება ნაბახუსევი პირველად სწვეოდა ცხოვრებაში. „ – ვაიმე, რას გავდი, უნდა გენახა! – სიცილით უთხრა ცოლმა.  – ძლივს შემოგათრიეს, ფეხზე ვერ იდექი!“ „ – რამე გაზიანი არ გვაქვს?!“ – ძლივს ამოთქვა გრაფმა და კინკრიხოს მარჯვენა მხარეს გამჭოლმა ტკივილმა გაუარა. მალე თანამშრომლებმა მოაკითხეს, იმ დღეს ისვენებდნენ და ნაბახუსევზე გამოსვლა გადაეწყვიტათ. გრაფს ადგომა საშინლად ეზარებოდა, მაგრამ სტუმრებს ხათრი ვერ გაუტეხა და გაჰყვა. სამი ჭიქა არაყი ძალით დაალევინეს, გრაფი გამოკეთდა და თავი ისევ წუხანდელივით ბედნიერად იგრძნო, მომდევნო სამი ჭიქა უკვე თავისი ინიციატივით დალია და ლუდსაც გაუსინჯა გემო, მაგრამ  პირველ ჯერზე არ მოეწონა. ამის შემდეგ ყოველ კვირადღეს სვამდა, ასე გაგრძელდა რამდენიმე წელიწადს. ნელ-ნელა სიგარეტის მოწევაც დაიწყო და სმაშიც ეტაპობრივად გადავიდა თანამშრომლების რეჟიმზე: უკვე – კვირაში ორჯერ, შემდეგ – კვირაში სამჯერ და ბოლოს კი – ყოველდღე. მისი დაწინაურების პერსპექტივაც, ცხადია, ალკოჰოლისადმი ლტოლვის პირველადი გამოვლენისთანავე მოისპო და თხუთმეტი წლის მანძილზე უბრალო მდნობელად  მუშაობდა. ცოლს და ქალიშვილს, რომელიც უკვე თვრამეტი წლის იყო, მისი ლოთობა არ მოსწონდათ, მაგრამ განსაკუთრებულს არაფერს აშავებდა და იტანდნენ. გრაფის ხელფასი ცოლის ბიძაშვილს სახლში მოჰქონდა ხოლმე, ცოლი გრაფს მხოლოდ გზის ფულს აძლევდა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში და, სავარაუდოდ, ბოლომდე ასე იქნებოდა, რომ არა წარმოსახვითი ცალფეხა კაცი, გრაფს რომ სტუმრობდა ხოლმე და ჭკუიდან გადაჰყავდა. გრაფთან ცხოვრება უკვე შეუძლებელი იყო და ცოლმა სახლი გაყიდა, თავისთვის და თავისი ქალიშვილისთვის ერთი ბინა ქალაქის ბოლოში შეიძინა, მეორე კი გრაფს უყიდა იაფად იქვე, კვარტალთან ახლოს, სანახევროდ აშენებულ კორპუსში, სადაც ხალხი, მათ შორის დევნილები, თვითნებურად იყვნენ შესახლებულნი. ბინა სოროს უფრო ჰგავდა, მაგრამ გრაფს მაინც უხაროდა, რომ თავისუფალი იყო და, თანაც, თავისივე უბანთან ახლოს ცხოვრობდა. სამსახურს თავი დაანება და მთელი თავისი ენერგია ლოთობისკენ მიმართა. თვითონაც არ ჰქონდა წარმოდგენა, როგორ გაჰქონდა თავი. ფული არასოდეს უთხოვია, უბნელები თავიანთი ინიციატივით აძლევდნენ ხოლმე. აი, სიგარეტს კი თხოულობდა და საამისოდ ორიგინალური მეთოდიც ჰქონდა შემუშვებული: ოთხ ენაზე ითხოვდა (უბნის ბავშვებმა უთარგმნეს დილეტანტურად. თვითონ, ქართულის გარდა, არც ერთი ენა არ იცოდა). როგორც წესი, გამზირზე გადიოდა, რადგან კვარტალში, ძველი მეზობლებისთვის, ეს ხერხი ცნობილი იყო და ეფექტს აღარ ახდენდა, შეზარხოშებულ გრაფს კი სასიამოვნოდ გაკვირვებული სახეების ხილვა უყვარდა, თორემ რამდენიმე ღერ სიგარეტს ნაცნობებიც არ დაამადლიდნენ. „ – ავე ვუ დე სიგაღეთ?! ჰაბენ ზიი აინე ციგარეთე?! ჰევ იუ სიგარეთ?! სიგარეტს ხომ ვერ მომაწევინებ, შემოგევლე?!“ – თეთრპერანგიან ჭაღარა კაცს მიმართავდა გრაფი. „ – ჰაბენ ზიი აინე ციგარეთე?! ავე ვუ დე სიგაღეთ?! ჰევ იუ სიგარეთ?! ერთი ღერი სიგარეტი ხომ არ გექნება, შენი ჭირიმე?!“ – პარკინგზე გაჩერებულ მანქანაში მჯდომ ახალგზარდას სთხოვდა გრაფი. „ – ჰევ იუ სიგარეთ?! ჰაბენ ზიი აინე ციგარეთე?! ავე ვუ დე სიგაღეთ?! სიგარეტი ხომ არ გაქვს, ოქროკაცო?! – ბავშვთან ერთად მომავალ შუახნის კაცს აჩერებდა გრაფი, – რუსულადაც ვიცი, მარა მეზიზღებიან… მმმ… ოკუპანტები!.. – ყოველთვის დააყოლებდა და გულზე მჯიღს დაირტყამდა. – ამ ანგელოზთან ბოდიშს ვიხდი.“ – ბავშვს თავზე ხელს უსვამდა გრაფი. „ – კიდევ ამოიღეთ!“– სთავაზობდა შუახნის კაცი. „ – მადლობელი ვარ!“ – მეორე ღერიც ამოიღო გრაფმა და დოზის მიღების აუცილებლობა იგრძნო, სახლში დაბრუნდა და შუადღის სამი ჭიქა დალია. იჯდა და ფანჯრიდან დასავლეთს გასცქეროდა, მძიმე, შავი ღრუბლების მიღმა მკრთალად ჩანდა მზის დისკო. ბინდი ჩამოწვა თუ არა, ფანჯრის მინაზე  რამდენიმე წვეთი ჩამოცურდა, ცოტა ხანში კი კოკისპირულმა წვიმამ დასცხო. გრაფი იჯდა და ელოდა, როდის ჩამოვიდოდა ჭერიდან წყალი, მაგრამ ჯერ სიმშრალე იყო. ერთი გაელვება ამჯერადაც გაუელვა სულელურმა აზრმა, იქნებ არ ჩამოვიდესო, მაგრამ უცებვე გაეცინა. ზედა სართულზე კი, ტოლდაუკრავი და ბეტონაცვენილი სახურავიდან, უკვე მოზრდილ წვეთებად ჩამოდიოდა წვიმა და ძირს დაფენილ ცელოფნის ნაგლეჯებზე გუბეებად გროვდებოდა, მერე ნახვრეტებში დაიწყო ჩაჟონვა და ცელოფნის ქვეშ გაიშალა. ბინძური წყალი, ყველაზე კრიტიკულ ადგილას, პირველ წვეთად შეიკრა, სინკარებს შორის გაძვრა და გრაფს ხელის მტევანზე ტკაცანით დაეცა. გრაფი წამოდგა და ზამბარიანი ლოგინის თავსა და ბოლოში დამაგრებულ ხის ჩარჩოებზე იქვე აყუდებული თუნუქის ფურცელი შემოდო.  მთელ სახლში მალე გულისგამაწვრილებელი წკაპუნი ისმოდა. გრაფმა ხის კარადას ცელოფანი გადააფარა და ოდესღაც სანაგვეზე ნაპოვნი, სხვადასხვა ფერის ლინოლეუმი აკეცა, რომ წყალი არ დაგუბებულიყო და ქვევით ჩასულიყო. არყის ბოთლში ღამის სამი ჭიქა და ცოტა დილის დოზაც იყო ჩარჩენილი, მაგრამ, განსაკურებული შემთხვევის გათვალისწინებით, გრაფმა სასმელი ბოლომდე გამოსცალა, მერე უჯრიდან სიგარეტის ნამწვები გამოიღო და გამოყრილი თუთუნი ტუალეტის ქაღალდში გაახვია. ორმაგმა დოზა არაყმა თავისი ქნა და გრაფი მიხვდა, რომ მთვრალი იყო, ასეთ დროს კი საკუთარ თავთან ლაპარაკი უყვარდა. „ – არ გქონდა ნორმალური ბინა?! გქონდა, გრაფო, გქონდა, შპალერიც იყო გაკრული და არც თავზე გაწვიმდა! – მხოლოდ წვიმის დროს ახსენდებოდა ძველი სახლი, წვეთების საშინელი ხმა მისი ნიჰილისტური ბუნებისთვისაც კი გამაღიზიანებელი გახლდათ, – მარა ამ სოროში გიკრეს თავი, თვითონ სად დაბოზაობენ, კაცმა არ იცის!“ შელესილ კედლებზე წანწკარით ჩამოდიოდა წყალი, მთელ სახლში სველი გაჯის სუნი იდგა, საწოლზე გადაფარებულ თუნუქზე მსხვილი წვეთები ხმაურობდნენ. გრაფმა იმ ღამით ვერ დაიძინა, ნესტიან ოთახში იჯდა და თავისთავს ძველ, შედარებით უკეთეს დროს ახსენებდა. მეორე დღეს წვიმამ გადაიღო. შუადღისკენ მზეც გამოვიდა და სადაც სხივების მიაწვდინა, მოაშრო. გრაფი უბანში ჩავიდა. პარკში ძელსკამების ძელები ისევ წყლით იყო გაჟღენთილი, მაგრამ დაჯდომა შეიძლებოდა, ბეტონიანად ამოთხრილი ერთი ძელსკამი შემოსასვლელთან მიეთრიათ და ზედ ვიღაცის შავი კატა იჯდა, სასრიალო ატრაქციონთან, ქვიშის მოედანზე დაყრილ საბავშვო ფერად კუბებს ჭუჭყიანი, მიმხმარი შხეფები აჩნდათ. თუნუქის სახურავიან ფანჩატურში პენსიონრები შეყუჟულიყვნენ. „ – კახი შემხვდა, კაცო, გუშინ, კავსაძე, როგორ მოტეხილა…“ – საუბრის წამოწყებას ცდილობდა პენსიონერი ექიმი.  „ – ზღვაზე არ აპირებთ?!“ „ – ვაპირებთ, კი. სექტემბრის დასაწყისში. სიწყნარეა.“ – პენსიონერი აგრონომის კითხვას პასუხობდა პენსიონერი ჰიდროლოგი. „ – რა სიწყნარე, ლეომ, კაცო, ანთაძემ, არ დამასვენეს, კონცერტები მატარებინეს კლუბშიო…“ – თავისას არ იშლიდა პენსიონერი ექიმი. „ – გამოცვალე საბურავი?!“ „ – არა, დავაწებებინე, ივლის ცოტა ხანი.“ – პენსიონერი ფიზიკოსის კითხვას პასუხობდა პენსიონერი ჩაის ტექნოლოგი. „ – იმ კინოში როა, კინოში, საბურავი რო დაგორდება და ბაადური მისდევს, წულაძე…“ – არ ნებდებოდა პენსიონერი ექიმი.

 

 

1 2 3 4 5 6 7