„ – ახლავე დატოვეთ კლასი! თავი ვინ გგონიათ?!“  – დაიკივლა ასაკოვანმა მასწავლებელმა. გრაფს არც ამჯერად მიუქცევია მისთვის ყურადღება, ერთხელაც მოავლო თვალი ახარხარებულ ბავშვებს და გარეთ გავიდა, იქ არაფერი ესაქმებოდა, რადგან მისი შვილი იმ კლასში აშკარად არ სწავლობდა. დერეფნის ბოლოსკენ გაემართა. „ – წამოდი, კაცო, აქეთ, ვინ ხარ, რა ოხრობა გინდა!“  – მაჯაზე ექაჩებოდა დამლაგებელი. ჩოჩქოლზე ყველა გარეთ გამოცვივდა. ტალახში ამოვლებულ კაცს ამაოდ ჩაფრენილ დამლაგებელს რომ უყურებდნენ, სიცილით კვდებოდნენ. „ – ამას ვიცნობ, თაკოს მამაა, მაგარი პიანიცაა!“  – ხმამაღლა თქვა რომელიღაც ბავშვმა. გრაფმა გაიგო და მიტრიალდა, ამ სიტყვების ავტორს ეძებდა, მაგრამ მაგდენ ბავშვში რას იპოვიდა. ბოლოს მიხვდა, ძებნას აზრი არ ჰქონდა, პიანიცა მამათქვენიაო, მიაძახა ყველას და მეშვიდე საკლასო ოთახისკენ გააგრძელა გზა. წინ რამდენიმე მამაკაცი მასწავლებელი გადაუდგა. „ – ვისთან ხარ, მეგობარო?!“  – ეკითხებოდა ერთ-ერთი. „ – ჩემ შვილს მოვაკითხე, რა, არ შეიძლება?!“  – უთხრა გრაფმა, მკლავში ჩავლებული ხელი მარჯვედ გადაუგრიხა, გზიდან ჩამოიცილა და გზა გააგრძელა. „ – პოლიციაში დარეკეთ!“  – ყვიროდნენ აქეთ-იქიდან. გრაფი, სიმთვრალის მიუხედავად, სხვა სიტუაციაში არაფრით არ მოიქცეოდა ასე, მაგრამ რაღაც უცნაურ ჟინს ჰყავდა ატანილი. მეშვიდე საკლასო ოთახის ღია კარში შეიხედა, არავინ იყო. „ –  თაკო, მამა!“  – იძახდა გრაფი და არც ისე ფართო დერეფანში შეყრილ მოსწავლე-მასწავლებლებში თავის გოგოს ეძებდა. უცებ შუა დერეფანში წივილ-კივილი ატყდა, ყველა იქითკენ დაიძრა. სანამ მოსწავლეები ერთად შექუჩდებოდნენ, გრაფმა მათ თავებს მიღმა უცნაურ სურათს მოჰკრა თვალი: გამოღებულ ფანჯარაში ვიღაც წელამდე იყო გადაყუდებული, ორი გოგონა კი, აქეთ-იქით, ბარძაყებში ჩასჭიდებოდა და იატაკისკენ ქაჩავდა. გრაფი რომ კარგი მამა ყოფილიყო, ვარდისფერი შარვალ-მაისურის შემხედვარე, თავზარდაცემული გაარღვევდა მოსწავლე-მასწავლებლების ნაკადს და მივარდებოდა ფანჯარასთან, მაგრამ გრაფი ცუდი მამა გახლდათ და შვილის გარდერობზე წარმოდგენა არ ჰქონდა, ამიტომ, წამითაც არ დაუშვია, რომ პოტენციური მსხვერპლი, რომელსაც მეორე სართულიდან გადახტომა განეზრახა, შეიძლებოდა, მისი გოგონა ყოფილიყო. ნწ, ნწ, უჭკუო ბავშვი! ალბათ, შეყვარებულმა აწყენინაო, გაიფიქრა, და ისევ შვილს დაუწყო ძებნა.           მისთვის არავის ეცალა. ჩოჩქოლი გრძელდებოდა, მასწავლებლების ძალისხმევით გოგონა ფანჯარას მოაშორეს და, გულწასული, იატაკზე დააწვინეს. „ – თაკო, გამოფხიზლდი! შემომხედე!“  – სახეზე ულაწუნებდა კლასის დამრიგებელი. „ –  ექიმი სად არის, ექიმი!“  –  ყვიროდა ვიღაცა. „ – წასულია, ადრე წავიდა!“  – უპასუხა დამლაგებელმა.“ „ – ჯანდაბა მაგას! სამასწავლებლოში მაინც შევიყვანოთ!“  – თქვა სკოლის დირექტორმა. სანამ ფიზიკის მასწავლებელი კაცი გოგონას ხელში აიყვანდა, წყლის მოსატანად გაგზავნილი ერთი მოსწავლე დაბრუნდა და იატაკზე მწოლ კლასელს მთელი ჭიქა წყალი დაასხა სახეზე. გოგონა გამოფხიზლდა, აკვნესებულმა თავი აამოძრავა, თუმცა თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა. „ – მას, კიდე მოვიტანო?!“  – ჰკითხა დამრიგებელს წყლის მომტანმა. „ – არ უნდა მეტი! გაიწიე იქით!“  –  შეუტია მასწავლებელმა. გოგონამ თვალები გაახილა, ამდენი ხალხი რომ დაინახა, როგორც ჩანს, გაახსენდა, რაშიც იყო საქმე, ტირილი აუვარდა და მოხრილი იდაყვი სახეზე აიფარა. „ – დაიხიეთ უკან, ასუნთქეთ ბავშვი! ათასჯერ უნდა გითხრათ?!“  – მოსწავლეებს ეჩხუბებოდა ბიოლოგიის მასწავლებელი. „ – წამოიყვანე!“  – უთხრა ფიზიკის მასწავლებელს დირექტორმა და სამასწავლებლოსკენ გაუძღვა, მაგრამ გზაში გაახსენდა, რომ თავისი კაბინეტი უფრო კომფორტული იყო, თან დივანიც იდგა, ამიტომ იქით გაემართა. გრაფმა მხოლოდ მაშინ იცნო თავისი შვილი, როცა გვერდით ჩაუარეს. „ – თაკო!“  – იყვირა და ფიზიკის მასწავლებელს, რომელსაც გოგონა მკერდზე მიეწვინა, მკლავებში ეცა. „ – მომაშორეთ! ახლოს არ მოუშვათ!“  – ამოიტირა გოგონამ და სახე ფიზიკის მასწავლებლის მკერდისკენ მიაბრუნა. „ – არ უნდა შენი ნახვა! წადი აქედან! შენი ბრალია ყველაფერი!“  – დაესივნენ გრაფს მასწავლებლები. ქალები ვერბალური იერიშით შემოიფარგლნენ, კაცებმა კი ხელები გადაუგრიხეს და კიბისკენ გააქანეს. „ – შვილთან მისვლას მიკრძალავთ, არა, თქვე ნაბოზვრებო?!“  – ყვიროდა გრაფი, მაგრამ არავინ უსმენდა, ძალით ჩაიყვანეს კიბეზე. როცა შუა ბაქანზე მოტრიალდნენ, გრაფმა მოაჯირზე გადმოყუდებულ მდედრ მასწავლებლებს, რომლებიც ისევ ქაქანებდნენ, ახედა და გემოზე შეაგინა. „ – მე მაგინებ?! შენი დამრიგებელი ვიყავი, ჩემი გაზრდილი ხარ, შე ლოთო ბასიაკო! შენ ასეთი კარგი შვილი როგორ უნდა გყავდეს!“  – გადმოსძახა ერთმა ხანში შესულმა მასწავლებელმა. „ – ნათელა მააას! შენი დედა მოვტყან, შენი! დიდი ხვეწნის შემდეგ მიწერდი სამიანს! რა ერქვა დედაშენს?! კი ვიყავი მაგის გასვენებაში!“  – პირველი სართულის ფოიეში მიწყდა გრაფის ყვირილი. „ – აღარ დაბრუნდე, თორემ პატრულს გამოვიძახებთ, იცოდე!“ – დაემუქრა ერთ-ერთი მასწავლებელი, როცა სკოლის ეზოდან გაიყვანეს. გრაფმა ცოტა ხანს მოიცადა და ისევ შესვლა დააპირა, მაგრამ საიდანღაც პატრულის სირენის ხმა მოისმა, ალბათ ამ ბოზებმა გამოიძახესო, გაიფიქრა, გზა სწრაფად გადაკვეთა და ფარეხებს შორის შეუხვია. სინამდვილეში ის გამვლელი პატრული იყო, მაგრამ გრაფი უკვე საკმაო მანძილით დასცილდა სკოლას და უკან დაბრუნებაზე არც უფიქრია. უბნამდე სწრაფად იარა, მისი ვარაუდით, ცოლი ახლა სახლში არ უნდა ყოფილიყო, სადღაც აპირებდა წასვლას. გრაფს ტანსაცმელი უნდა გამოეცვალა და ისევ გარეთ გამოსულიყო. სკოლაში მომხდარი ამბის მერე ცოლს ვერ დაენახვებოდა. ლიფტიდან გავიდა, კართან ფეხაკრეფით მიიპარა და ტილოს ქვეშ შეიხედა, სადაც გასაღებს ტოვებდნენ ხოლმე. თავზარი დაეცა, გასაღები იქ არ იდო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ცოლი შინ იყო. კიბისკენ მიდიოდა, როცა ზურგს უკან კარი გაიღო. „ – სად მიიპარები?!“ – ჰკითხა ცოლმა, გრაფი გაშრა. „ –  მივიპარები არა, ისა…“ –  თქვა ვითომ რიხიანად, ვერაფერი მოიფიქრა და ისე, რომ არ მიბრუნებულა, ფეხსაცმლის თასმისკენ დაიხარა.  „ – რას გავხარ, ტანსაცმელი რას გიგავს?! – ხმადაბლა ჰკითხა ცოლმა, რომ მეზობლებს არ გაეგონათ. – შემოეთრიე შიგნით! –  იდაყვში ჩაავლო ხელი და შინ შეიყვანა. – რა ჯანდაბა უქენი ტანსაცმელს?!“ „ –  წავიქეცი, რა ვიცი!“ –  ჩაილაპარაკა გრაფმა. „ – ფუ, რა სამარცხვინო ხარ! ბავშვს ასე არ დაენახო, მოვა აწი, დროზე გამოიცვალე!“ –  უთხრა ცოლმა და სამზარეულოში გავიდა. გრაფი მიხვდა, რომ ცოლმა სკოლის ამბები ჯერ არ იცოდა. რამდენადაც ახსოვდა, მობილური გაფუჭებული ჰქონდა, ამიტომ თუ დარეკავდნენ, სახლის ტელეფონზე დარეკავდნენ. სწრაფად გავიდა საძინებელში, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გამოიცვალა და მკლავებზე მიმხმარი ტალახის ჩამოსაბანად აბაზანაში შესვლას აპირებდა, როცა სახლის ტელეფონმა დარეკა. გრაფი ფეხაკრეფით მიიპარა მისაღები ოთახის კართან და მიაყურადა, ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, მართლა სკოლიდან რეკავდნენ თუ არა, მაგრამ უკიდურესი აღელვებით ნათქვამმა ცოლის სიტყვებმა, – ვაიმე! რა მოხდა! ახლა როგორაო! – გრაფს უკანასკნელი იმედიც გადაუწურა და გასასვლელს ეცა. კიბეზე კისრის ტეხით ჩაირბინა და გაიქცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, საით გარბოდა ან რატომ გარბოდა საერთოდ. სამი კორპუსის შემდეგ გაჩერდა და, გულამოვარდნილი, ჭადრის ძირკვზე ჩამოჯდა. ახალგადაჭრილი ხის ნედლი სუნი ესიამოვნა და ძირს დაყრილ ნახერხს დააჩერდა. ამაღამ სახლში ვერ დაბრუნდებოდა, ვინმესთან უნდა დარჩენილიყო. თუმცა, მანამდე ცოტა უნდა დაელია. უკანასკნელი ხუთლარიანი, სიგარეტთან ერთად, ჭუჭყიანი პერანგის ჯიბეში ჩარჩა, ამიტომ ბიძაჩემის მარკეტში ორასორმოცდაათ  გრამიანი არაყი და ლურჯი „პირველი“ ნისიად აიღო და ფარეხებს შორის დაგდებულ სინკარზე ჩამოჯდა. აქედან პარკის მხოლოდ ერთი ნაწილი ჩანდა. ფანჩატურში პენსიონრები ისხდნენ და ცხარედ კამათობდნენ იმაზე, თუ სად უნდა ჩატარებულიყო მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. „ – პორტუგალიაში უნდა ჩატარდეს, ფეხბურთის ქვეყანაა, ეუსებიოს მერე!“ – ამბობდა პენსიონერი აგრონომი. „ –   გაჩერდი, ბიჭო, რა იცი შენ ფეხბურთის!“ – სასტიკად არ ეთანხმებოდა პენსიონერი ინჟინერი. „ – მე არ ვიცი და შენ იცი, ხო! ამტკიცებ ვითომ რაღაცას!“ – თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა პენსიონერი აგრონომი. „ – რატო უნდა ჩატარდეს პორტუგალიაში და არა, ვთქვათ, ჰოლანდიაში! თუ ფეხბურთელებზეა საქმე, რა, კრუიფი ეუსებიოზე ნაკლები იყო?!“ – არ ცხრებოდა პენსიონერი ინჟინერი. „ –  ფეხბურთელი რა შუაშია ჩემპიონატის ჩატარებასთან, კენჭისყრა წყვეტს მაგას! –  გაზეთის სპორტული გვერდი ჰქონდა გაშლილი  პენსიონერ ჰიდროლოგს. – თუ მაინცდამაინც, აგერ, პელე დაუსახელებიათ გამოკითხვაში საუკეთესოდ და ბარემ ბრაზილიაში ჩატარდეს ახლაც!“ „ – ვინ პელე, არ გადამრიო! მესხზე უკეთესი იყო მაგი?! სად წერია ეგ, არა მჯერა! – შფოთავდა პენსიონერი ინჟინერი. „ –  სად წერია და აგერ წერია, ჩაიხედე შიგნით!“ – თითით აჩვენებდა პენსიონერი ჰიდროლოგი. „ –  მასე არ ეწერება მანდ, ვინ დაწერდა მაგას!“ – ცოცხალი თავით არ იჯერებდა პენსიონერი ინჟინერი. „ – რა იცი, ბიჭო, ეს! აიხირებ რაღაცას პატარა ბავშვივით და არც სხვას უჯერებ, უჰ! – შეტევაზე გადასვლის მიზეზი იპოვა პენსიონერმა აგრონომმა. – მასე ეწერება ზუსტად, ჩაიხედე და ნახავ, რატომ არ იხედები, რისი გეშინია?!“ „ – ვერ ვკითხულობ უსათვალოდ, შენ კითხულობ?! მიპასუხე, კითხულობ?!“ –  როგორც შეეძლო, თავს იცავდა პენსიონერი ინჟინერი. „ –  აჰა, ჩემი აიღე!“ –  თავისი სათვალე გაუწოდა პენსიონერმა ჰიდროლოგმა. „ – არ მინდა მე სხვისი სათვალე, ვერ ვგუობ! არ მოასვენებთ კაცს! – მაგიდას დაჰკრა ხელი პენსიონერმა ინჟინერმა! – ვახუნა, ადი, ბიჭო, სათვალე ჩამომიტანე!“ – გასძახა შვილიშვილს, რომელსაც ცალ ფეხზე ეკიდა ბაბუას სათვალე. „ –  მესხს, კაცო, ეგ ფინტი იმისგან გადმოუღია… ის ამბობდა ამას წინათ… “ –  ფორმაში იყო პენსიონერი ექიმი. „ – დაგესევიან სვავებივით!“ – იყვირა პენსიონერმა ინჟინერმა. პენსიონერმა ექიმმა, ამჯერად, სვავზე დააპირა საუბრის გაგრძელება, მაგრამ დაძაბული სიტუაციის გათვალისწინებით, გაჩუმება არჩია ჩუმად იჯდა და ფრენბურთზე ფიქრობდა, ახალგზარდობაში ძალიან უყვარდა ფრენბურთის თამაში, თვალები მიელულა და აღარც ახსოვდა ნახევრადჩამწვარი სიგარეტი, რომლის ნეკათითისხელა ფერფლი ჩამოღუნულიყო და, სადაცაა, ჩამოიშლებოდა. „ – … ჯილაგიანად დალოცვილო!“ „ – … ფუძე-ფესვიანად დალოცვილო!“ – ითაფლებოდნენ საზამთროს გამყიდვლები. საზამთროს ფული მაინც მქონდეს, მთლად ხელცარიელი როგორ ავიდეო, გაიფიქრა გრაფმა და ძმაკაცის ცოლი დაუდგა თვალწინ, რომელიც სტუმარს ეგრევე ხელში მიაჩერდებოდა ხოლმე. მაშინ საზამთროს გამყიდვლებს არ იცნობდა და ნისიად ვერ გამოართმევდა, ბიძაჩემის მარკეტში შებრუნებაც ეუხერხულა, ამიტომ არაყი მოსვა, ბოთლი ჯიბეში ჩაიდო და კვარტალს გაუყვა. ძმაკაცის სახლს ახედა, აივანზე ცოლი სარეცხს ფენდა. დილით, როცა ავიდა, ცოლი არ იყო სახლში. ამჯერად ასვლა გადაიფიქრა და გზა გააგრძელა. სკოლას რომ მიუახლოვდა, მესრის გისოსში შეიხედა და ეზოს მოავლო თვალი, კაცის ჭაჭანება არ იყო, არც ფანჯრებში ჩანდა ვინმე. სკოლას შემოუარა და ჭადრებიან ტროტუარს დაადგა. კვარტალი დამთავრდა. ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერებასთან მარცხნივ აუხვია, სასაფლაოსკენ. ამ სასაფლაოზე მისი მშობლები იყვნენ დაკრძალულნი. ჭიშკარზე დიდი აბრა ეკიდა, რომელიც ადრე არ იყო, ან შეიძლება, იყო კიდეც, მაგრამ გრაფს არ შეუნიშნავს. აბრაზე ვერცხლისფერი ასოებით ეწერა: „შ. პ. ს. ცასწავალა. დირექტორი ნარგიზა შავაძე.“ იუმორი კი აქვთ ამ შობელძაღლებს, ცასწავალა არა, ჩიტიგვრიტიო, გაიფიქრა გრაფმა, ამ ქალის გვარიც ზედ აკვდება პროფესიასო, ფიქრშივე დააყოლა და შიგნით შესვლა დააპირა, მაგრამ ჭიშკარს უშველებელი ბოქლომი ედო. მშობლების მოსაგონრად ერთიც მოყლუპა და გზის გადაღმა, ქვევით ჩაიხედა. რაღაც ძველი შენობა იდგა, ეზოში ბავშვები დარბოდნენ. მანამდე არც კი  შეუნიშნავს, იქ თუ რამე იყო. მაშინ არც ის იცოდა, სულ მალე იმ დაწესებულების ხშირი სტუმარი რომ იქნებოდა და თავის მოკრძალებულ წვლილსაც შეიტანდა იმაში, რომ ბავშვებს ცივი ზამთრები თბილად გაეტარებინათ. ბავშვებმა გრაფს ერთი ამოხედეს, ძველი ნაცნობივით დაუქნიეს ხელი და თამაში განაგრძეს. ეზოს კუთხეში, ხის ძირას, ტაქსის ტრაფარეტიანი მანქანა იდგა. შენობის უკან, გადახურულში, ხანში შესული ქალი სამფეხაზე შემოდგმულ უშველებელ ქვაბს ურევდა. გრაფს სახეზე წვიმის მსხვილი წვეთი დაეცა, გამოერკვა და გზა გააგრძელა. ზემოთ, გორაკის თავზე მდგარ, დაუსრულებელ კარკასამდე რომ მიაღწია, უკვე თქეში უშენდა. თავი ერთადერთ სადარბაზოს შეაფარა, რომელიც ორად იყოფოდა, დერეფნების ბოლოებში კი კიბეები ჩანდა. გრაფი მარჯვენა კიბეს ბოლოსქვედა სართულამდე აუყვა, სინკარებიდან წვიმა ჩამოდიოდა. ქალაქს გადახედა, ეს კარკასი მისი აივნიდან კარგად ჩანდა და სულ აინტერესებდა, აქედან როგორ გამოჩნდებოდა ამათი  კორპუსი, მაგრამ წვიმაში ყველაფერი ბურუსით იყო დაფარული. მაშინ რას წარმოიდგენდა, რომ სულ რამდენიმე თვეში სწორედ ეს შენობა გახდებოდა მისი სამუდამო თავშესაფარი. ერთ-ერთ ოთახში შევიდა და ბლოკებზე ჩამოჯდა. გაჯით შელესილ კედელზე ნახშირით მიეხატათ გოგოს ფიგურა. გრაფს ახლაღა გაახსენდა თავისი შვილი, საშინელი სინდისის ქენჯნა იგრძნო, უფრო სწორედ, ეს სინდისის ქენჯნაზე მეტი იყო, წამით ფანჯრიდან გადახტომაც კი მოუნდა. სძულდა საკუთარი თავი ფლეგმატურობისთვის, ბოლო საათების განმავლობაში არც კი დაინტერესებულა, როგორგ გრძნობდა თავს მისი გოგონა. შვილის მდგომარეობით ერთადერთხელ მაშინ დაინტერესდა, როცა სკოლის ეზოდან ძალით გაჰყავდათ. ეგეც გამძევებლების სინდისზე შესაგდებად ნათქვამი სიტყვები უფრო იყო, ვიდრე გულწრფელი ინტერესი.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7