„ – მომიკიდე ერთი.“ – სანთებელას სთხოვდა პენსიონერი აგრონომი პენსიონერ ინჟინერს. „ – სასწაული, თუ გინდა! სახლში დამრჩენია, – თავს იქნევდა პენსიონერი ინჟინერი, – ვახუნა, ადი, ბაბუ, სიგარეტი და სანთებელა ჩამომიტანე, სამზარეულოს მაგიდაზე იდება.“ „ – ცივ ლუდს დალევდა კაცი!“ – თავისთვის ფიქრობდა პენსიონერი პენსიონერი.  ფანჩატურის სახურავს გირჩი ხმაურით დაეცა. ქუჩიდან ყვირილი ისმოდა, მარცხენა ტროტუარზე დახვავებული საზამთროს გამყიდველი მარჯვენა ტროტუარზე დახვავებული საზამთროს გამყიდველს შორიდან ეჩხუბებოდა: „ – ჩემზე იაფად რატო ყიდი, ბიჭო! შე დალოცვილო, შენა!“ „ – ჩემია და როგორც მინდა, ისე გავყიდი, შე მართლა დალოცვილო!“ „ – …გულით დალოცვილო!“ „ – …ჯიგრით დალოცვილო!“ „ – ოჰ, წამოვიდა მშვიდობის მაძიებელი!“ – თქვა პენსიონერმა აგრონომმა, როცა მოსასხვევიდან გამოსული გრაფი დაინახა. „ – სიგარეტი დამალეთ!“ – გაიხუმრა პენსიონერმა ინჟინერმა, თუმცა გრაფს უკვე ეშოვნა რამდენიმე ღერი სიგარეტი და არყის საყიდელი ფული. ნახევარი ლიტრი არაყი ორი დღე ჰყოფნიდა. ნაბახუსევობა იმ ერთი ბედნიერი დილის შემდეგ აღარ აწუხებდა და დღის განმავლობაში მხოლოდ იმდენს სვამდა, რომ კარგ ხასიათზე ყოფილიყო. ჩამოსასხმელ არაყს ქუჩის გადაღმა, იაფფასიან სასადილოში ყიდულობდა ხოლმე, გამყიდველი ქალი ნისიადაც ატანდა, რადგან იცოდა, გრაფი ვალს აუცილებლად დააბრუნებდა. ადრე, სანამ გრაფი ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა, იმ სასადილოს ფართში ბიძაჩემის მინი-მარკეტი იყო განთავსებული, მაშინ გრაფი ნამთვრალევზე ჯერ კიდევ სასტიკად იტანჯებოდა და თავის გოგონას ბიძაჩემთან ატანდა ხოლმე იმ თავის ლეგენდარულ, ხმარებისგან გაცრეცილ ბარათს, და ბიძაჩემიც დაუფიქრებლად უგზავნიდა ლუდს ან არაყს, მისი სურვილისამებრ. გრაფის გადასახლება და ბიძაჩემის მარკეტის დახურვა თითქმის ერთმანეთს დაემთხვა. როცა იქ სასადილო გაიხსნა, ახალმა ბინადრებმაც კეთილი თვალით შეხედეს გრაფს. მანდ სულ რო ტრაკშიპერო რესტორანი გახსნან, ნისიის პრასვეტი მაინც მექნება, რადგან ამ უბნის კოლორიტი ვარ, რო დავიბრიდები, მანდ ჩემი მავზოლეუმი გახსენით და ლენინივით დამასვენეთო,  ხუმრობდა ხოლმე გრაფი. რაღა მანდ, შენს სახლში გავხსნითო, პასუხობდნენ ხოლმე უბნელები. მაგ სოროში არ მეკადრება, თანაც, რო მოვკვდები, ჩემი ნაბოზარი ცოლი მაგასაც გაყიდისო, პასუხობდა გრაფი და იღლიაში ამოჩრილი, წეღან ნაყიდი არყით გაბედნიერებული მიდიოდა სახლისკენ. მეორე იღლიით საზამთროს გამყიდვლის ნაჩუქარი გამსკდარი საზამთრო მიჰქონდა, ნახეთქიდან წვენი წვეთავდა და ასფალტზე კვალი რჩებოდა. გრაფს დილით საშოვარზე გამოსვლა, საშოვრის შოვნის მერე კი სახლში ასვლა დალევაზე მეტად რომ უყვარდა, ამას მწყემსი ბიჭის მიერ გულუხვად დასაჩუქრებიდან მესამე დღესვე მიხვდა. იმ ხეობაში, რომელსაც გრაფის კორპუსი გადაჰყურებდა, მწყემსები ზაფხულობით საქონელს აძოვებდნენ ხოლმე, ხანდახან გზააბნეული საქონელი ხეობიდან ამოდიოდა, ქუჩას ჩამოჰყვებოდა და კვარტალში იფანტებოდა, მწყემსები კი ისევ უკან ერეკებოდნენ. ერთხელაც ასეთი გზააბნეული ძროხა პარკში შემოეხეტა და საყოველთაო აჟიოტაჟი გამოიწვია. ძროხას მალევე მოჰყვა ცხენზე ამხედრებული მწყემსი ბიჭი, რომელიც მონდომებით ცდილობდა პარკიდან ძროხის განდევნას. სეირის მაყურებელი უფროსებიდან მხოლოდ გრაფს მოუვიდა აზრად, ნაძვის ტოტი აეღო და რაღაცნაირად დარცხვენილ ბიჭს დახმარებოდა. მწყემსს შიშველი ფეხები წაეყო უზანგებში და გახსნილი, ოფლიანი პერანგი ისე უფრიალებდა, ფილმიდან გადმოსულ პერსონაჟს ჰგავდა. ბავშვების ნაწილი ძროხას დასდევდა, ნაწილი – მხედარს, დედები კი, ტუჩაბზუებულნი, შვილებს მისდევდნენ, რომ ურბანულ სიმყუდროვეში ასე თავხედურად შემოჭრილი პასტორალური ელემენტებისგან სასწრაფოდ გაერიდებინათ, გულში კი ზიზღნარევ, გამაოგნებელ და მოულოდნელ შიშს გრძნობდნენ, შიშს იმისა, რომ დედაქალაქშიც კი შეიძლებოდა, ასე დაუკითხავად შემოჭრილიყო ხეპრე სოფელი, აღმოჩნდა, რომ ის არც ისე შორს იყო და მანძილის ეს წამიერი დამოკლება აცოფებდათ ქალაქელ ქალბატონებს, გეგონებოდა, ამ უბანში პირველად ხედავდნენ ძროხას. „ – ფუ, საზიზღარი!“ – ცხენის ჩონჩორთან შეკრებილიყვნენ ისინი და მწყემსს გაჰყურებდნენ, თითქოს ამ უკანასკნელს მოესაქმებინოს პარკის შესასვლელში. ძროხა ზმუილით მიდიოდა ასახვევისკენ, კორპუსებს შორის ცხენის ნალების ხმა ისმოდა. „ – სით წამიხოლ, კალვერა, მოიდა სიკვდილის ბუზი! აააიტ!“ – მთელი ხმით ყვიროდა გრაფი, რომელიც მწყემსს შემოჯდომოდა უკან, მისი, პანამური სტილის, ქუდი ეხურა და გაბზეკილ საჩვენებელ და ცერა თითებს იქნევდა ჰაერში. მწყემსმა ბიჭმა ხეობაში, მწყემსების სადგომში, ჩაიყვანა გრაფი, მადლიერების ნიშნად გულუხვად დაასაჩუქრა, ისევ უკან ამოიყვანა და თავის კორპუსთან ჩამოსვა ცხენიდან. გრაფს მთელი სამყარო თავისი ეგონა, ეიფორიაში ჩავარდნილი, კარგა ხანს სცემდა სახლში ბოლთას. ამასობაში ბინდი ჩამოწვა. ახლადჩასული მზით გაწითლებულ ცაზე თვითმფრინავს თეთრი ზოლი დაეტოვებინა, ზოლი ნელნელა იშლებოდა, ფართოვდებოდა და იკარგებოდა ცის სიწითლეში, პატარა და ვიწრო მდინარის დამრეც ნაპირებზე, აქა–იქ, ნახირი იყო შეფენილი, ირგვლივ მწყემსები მიმოდიოდნენ, გრაფმა ნაცნობ მწყემსს დაუწყო ძებნა, მაგრამ იმ სიშორიდან რას დაინახავდა, ამიტომ არყიანი ჭიქა ზერელედ მიუჭახუნა გორაკებს. მწყემსი ბიჭის ნაჩუქარი არაყი და სიგარეტი კარგა ხანს ეყოფოდა, მაგრამ გულის სიღრმეში გაურკვეველ სიმძიმეს გრძნობდა, ეს უკმაყოფილება კი არა, ცხოვრების წესიდან ამოვარდნის ქვეცნობიერი შიში იყო, თუმცა ამას თვითონაც ვერ ხვდებოდა და უკვირდა, რადგან ყველაფერი ჰქონდა, რაც სჭირდებოდა. მესამე დილით კი, როცა თვალის გახელისთანავე, მაგიდაზე, ხუთლიტრიანი ბოცით, არაყი და მთელი შეკვრა უფილტრო სიგარეტი დაინახა, იმ საღამომდელმა გრძნობამ უფრო გამოკვეთილი სახე მიიღო, გრაფმა წარმოიდგინა, რომ მინიმუმ ორი კვირა სახლიდან გასასვლელი მიზეზი არ ექნებოდა. ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, ტანში სურვილის ჭიანჭველები რომ დაურბენდნენ, უბრალოდ ხელს გადაიწვდიდა და დაისხამდა ხილის არაყს, მერე კი სიგარეტსაც გაუკიდებდა. ეს, რა თქმა უნდა, კარგი იყო, მაგრამ გრაფს ამ სიამოვნებამდე მისასვლელი ბილიკები უყვარდა, როცა ლოგინიდან ამდგარი, კანქვეშ მორიალე ჭიანჭველებს ქავილით მიაწყნარებდა და უსახელურო კიბეს ჩაუყვებოდა საშოვრის მოძიების ურყევი გადაწყვეტილებით. მეორე და უმთავრესი ეტაპი, ფულის შოვნის შემდეგ, სასადილომდე მისვლა იყო, გრაფი დროს მაქსიმალურად წელავდა, ფეხს ითრევდა, ვიღაცები ამას ალკოჰოლის დაუყოვნებელი საჭიროებით ხსნიდნენ, ჭეშმარიტი მიზეზი კი უფრო პოეტური გახლდათ: გრაფი თვალნათლივ ხედავდა ასრულებული სურვილის კონტურებს, კაცად გრძნობდა თავს, ხელთ ეპყრა ფინანსური სადავეები და თუ უნდოდა, საერთოდ უარს იტყოდა ამ ყველაფერზე, ეს, ცხადია, სრულიად გამორიცხული იყო, მაგრამ ამისი ნულოვანი, თუმცა, მაინც ალბათობა, გრაფს სიამით ავსებდა, სულო ცოდვილო და, სწორედ ეს ეტაპი მიაჩნდა თავისი ლოთობის გამართლებად, და არა –  სიმთვრალის ჰაეროვნება. ერთი სიტყვით, გრაფმა ოფლით ნაშოვნი სარჩოს მწვავე ნოსტალგია იგრძნო, რა თქმა უნდა, შეეძლო, მოეტყუებინა, ჩვეულებრივად ჩასულიყო ფულის და სიგარეტის საშოვნელად, რადგან არავის დაუნახავს, როგორ მიართვა მწყემსმა ძვირფასი ძღვენი, მაგრამ არ უნდოდა არც თავისი თავის და, მითუმეტეს, არც სხვების მოტყუება, რომლებიც უშურველად აძლევდნენ, რაც ჭირდებოდა, და რომლებსაც მის გულწრფელობაში არასოდეს შეუტანიათ ეჭვი.  განა არის ვინმე უფრო გულწრფელი, ვიდრე ხელაკანკალებული ლოთი, საქმიანობის გასაგრძელებლად დახმარებას რომ ელოდება?! ტყუილია! სად დამპალი ნარკომანი და სად, თუნდაც, წყალწაღებული ლოთიო, გაიფიქრა გრაფმა და ალკოჰოლის და ნიკოტინის რეზერვის სწრაფ ათვისებას შეუდგა. საერთოდ, ზომაზე მეტს არასოდეს სვამდა, მაგრამ ამჯერად, დილიდანვე, თლილი ჭიქით იწყებდა დალევას, ატანდა სიგარეტს და გამხმარი პურის ნატეხს ან ამჟავებულ საზამთროს, მდინარის აყოლებაზე, გორებს შორის, საძოვრებისკენ მიმავალ გზას არყიანი ჭიქიდან გახედავდა და მწყემსი ბიჭის სადღეგრძელოს იტყოდა, აქაოდა, ჩემი ეს ახირება ღმერთმა უმადურობაში არ ჩამითვალოსო. დღეში რამდენჯერმე იძინებდა და ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე სიზმარს ნახულობდა: წინა ეზოს ფიცრული ჩეჩმიდან გამოდიოდა ქალი, ხელში ხმალი ეჭირა, და მოდიოდა გრაფისკენ, რომელიც კორპუსის უკანა, ნაგავსაყრელად ქცეულ ეზოში ლინოლეუმის ნაგლეჯებს აგროვებდა, ხმლის წვერი მიწას სწვდებოდა და გაფატრული პარკებიდან ამოვარდნილი სიმყრალე გრაფს ცხვირში უღიტინებდა. „ – ცეცხლს ვხედავ, ცამდე ადის კვამლი!“ – ამბობდა ქალი. „ – სად, ქალბატონო?!“ – უკან იხევდა გრაფი. „ – დაჭრილები კვნესიან, სისხლის ნაკადულები მოედინება!“ – თვალი უშტერდებოდა ქალს. „ – ვინ დაჭრილები, აბა?!“ – გაკვირვებული იყო გრაფი. „ – ყელგამოჭრილ ბავშვებს ვხედავ!“ – ყბა უცახცახებდა ქალს. „ – რა ბავშვებს, რას ლაპარაკობ?!“ – ნელნელა ბრაზდებოდა გრაფი. „ – მგლოვიარე დედების კივილი მესმის!“ – ხმას უწევდა ქალი. „ – ვინ დედების?!“ – შიში ცვლიდა გრაფის სიბრაზეს. „ – თავით უნდა ზღო იმისთვის, რაც გაგინზრახავს, რომ ვერ აღასრულო!“ – ხმალს შემართავდა ქალი. „ – რას შვები… ჩათლახო, შენ… ნაბოზვარო…“ – ხროტინებდა გრაფი, მერე ქალი შუშიან, ვიწრო მეტალის ჩარჩოში მის მოჭრილ თავთან ერთად ძვრებოდა და გრაფს ოფლში გაწურულს ეღვიძებოდა, მთვარის შუქით განათებულ კედელზე დაფეთებული აკვირდებოდა იმავე ნაგავსაყრელზე ოდესღაც ნაპოვნ კარავაჯოს „ივდითის“ რეპროდუაქციას და, საკუთარი თავის ნაცვლად, ვიღაც მახინჯი კაცის მოჭრილ თავს რომ ხედავდა, ცოტათი მშვიდდებოდა, მაგრამ ეს სურათი რომელიღაც წმინდანის ხატი ეგონა და ამ გამოცხადებაში, არყით დამწვარი გონებით, მინიშნებას ხედავდა, მინიშნებას იმაზე, რომ ჩეჩმას თავისი ფუნქცია უნდა დაბრუნებოდა, თუმცა ვერ ხვდებოდა, რატომ იყვნენ ამ უხერხული ამბით ზეციური ძალები დაინტერესებულნი. იქნებ იქ, სადაც ახლა უკანა ეზოა, ადრე ეკლესია იდგაო, ფიქრობდა გრაფი ბურანში. „ – ან იქნებ მომავალში უნდა აშენდეს?! მოკლედ, უნდა მივხედო ამ საქმეს, უნდა გადავაჩვიო ეს უჯიშოები ამხელა მკრეხელობას!“ – ქალისთვის ნათქვამი სიბილწეების რცხვენოდა გრაფს და საღვთო მისიის სასიამოვნოდ შემაშინებელ სიმძიმეს გრძნობდა მთელ სხეულში. მტკიცედ გადაწყვეტდა, რომ დილითვე ჩამოუვლიდა მეზობლებს, მაგრამ ძნელი იქნებოდა კანალიზაციაგაუყვანელ კარკასში მაცხოვრებელი ხუთი ოჯახის იმაში დარწმუნება, რომ ერთჯერად პარკებში მოსაქმებას და ზევიდან გადაყრას, მისი სიზმრის გამო, ეზოში ჩასვლა სჯობდა. ახალმოსახლეები, რომლებიც იშვიათად, მაგრამ მაინც გადმოდიოდნენ, თავიდან კი სარგებლობდნენ ჩემჩმით, მაგრამ ნელნელა, ყნოსვით და გაბერილი პარკების დგაფანით ხვდებოდნენ ადგილობრივი საკანალიზაციო სისტემის სპეციფიკას და თვითონაც, თავიდან მოუხერხებლად და მორცხვად, თანდათან კი გაბედულად და მონდომებით იწრთობოდნენ საჭირო ხელობაში და ყრიდნენ უკანა ეზოში განავლით სავსე პარკებს. აუარებელ ცარიელ ოთახებს სხვები თუ მხოლოდ პატარა საქმისთვის იყენებდნენ, გრაფი დიდ საქმესაც, მეტწილად, იქ აღასრულებდა და, შესაბამისად, ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღოდა საერთო მკრეხელობაში, და უპირველესად ამით ხსნიდა, რომ წორედ მას ერგო გამოცხადების პატივი… ასე გრძელდებოდა ათი დღის განმავლობაში. მეთერთმეტე დღეს კი, დილით, გრაფი ხერხემალზე გამართულმა ჭიანჭველების დოღმა გამოაღვიძა. არაყი წინა ღამით ჩაემთავრებინა, სიგარეტის უკანასკნელ კოლოფში ორი ღერიღა ეგდო და გრაფს გაუხარდა, ღვთიური მისიის შესრულება ისევ მომავლისთვის გადადო და საშოვარზე გავიდა. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს დიდი ხნის განშორების შემდეგ დაბრუნებულიყოს თავის უბანში. ხალხი ესალმებოდა და ეკითხებოდა, სად დაიკარგეო. გრაფს კი უხაროდა, რამდენ ვიღაცას მოვნატრებივარო. პარკის ფანჩატურში პენსიონრები ისხდნენ. “– როგორაა შენი ძაღლი?!“ – ეკითხებოდა პენსიონერი ჩაის ტექნოლოგი პენსიონერ ინჟინერს. „ – რა ვიცი, უხორცდება ნელ-ნელა, ეს ამინდები უშლის.“ „ – კი, სიცხე ხელის შემშლელი ფაქტორია…“  –  თავის სტიქიაში იყო პენსიონერი ექიმი. „ –  ძაღლს რა მოუვიდა, კაცო?!“  –  არაფერი იცოდა პენსიონერმა აგრონომმა.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7