„ – რა მოუვიდა და ჩემმა შტერმა შვილიშვილმა აჩხუბა თურმე ნაგაზთან. მტკაველზე ქონდა ტყავი გაგლეჯილი, გავუკერეთ.“ „ –  ლაბრადორი რომ ნაგაზს შეარკინო, ჭკვიანური არაა. ლაბრადორი მონადირე, ინტელიგენტი ძაღლია, ნაგაზი კი მებრძოლია, ძლიერია და დაუნდობელი.“ – რაღაც აღშფოთების მაგვარი გარეოდა ხმაში პენსიონერ ექიმს.  –„მეც არა ვთქი, რატო აღარ დაყავს ძაღლითქო?! ბიჭოს… ვახუნას ეს როგორ მოუვიდა, ჭკვიანი ბიჭი ჩანს.“  –  თავს აქნევდა პენსიონერი აგრონომი. „ – კი მომიკლა ძაღლი კინაღამ და ჭკვიანი უძახე შენ!“  – საფეთქლეს იფხანდა პენსიონერი ინჟინერი და თავის შვილიშვილს გასცქეროდა, რომელიც პარკის შემოსასვლეთან, დუღაბიანად მოთხრილ ძელსკამზე თანატოლ ყვინჩილებთან ერთად იჯდა. „ – გარდატეხის ასაკში მოზარდის ფსიქიკა მერყევია. მოზარდის ფსიქოლოგია ბევრი დიდი მწერლის ინტერესის ობიექტი გამხდარა, მაგალითად, ყველას გვაქვს წაკითხული…“ -„ენატრება ჩემსას!“  – პენსიონერ ექიმს აწყვეტინებდა პენსიონერი ჩაის ტექნოლოგი და თავის ძაღლს უყურებდა, ნაძვის ყვითელ წიწვებზე რომ დადიოდა მთქნარებით. „ –  ბევრ კაცზე ჭკვიანი იყო!“  – ამბობდა გულში პენსიონერი პენსიონერი და თავის კატას იხსენებდა, ბავშვობაში რომ აჩუქა მამამ. „ –  … სათანადოდ დალოცვილო!“ „ – … საფუძვლიანად დალოცვილო!“  – ილოცებოდნენ საზამთროს გამყიდვლები. გრაფი კი კვარტლის შიდა გზებზე დასეირნობდა, რატომღაც ბედნიერად გრძნობდა თავს, თუმცა ჯიბეში ჯერ გროშიც არ ედო და არც სიგარეტი ჰქონდა. ასეთ წუთებში სულ თავისი მძიმე ნაბახუსევები ახსენდებოდა ხოლმე, ძრწოლით იხსენებდა იმ საშინელ გაღვიძებებს, როცა გული კი არ ფეთქავდა მის მკერდში, არამედ მთელი სხეული ფეთქავდა, უფრო სწორად – ცახცახებდა, გულის გარშემო, როცა ცდილობდა ძილის შებრუნებას და ისიზმრებდა, თითქოს ლუდით სავსე აუზში  დაცურავდა შიშველი, გაზის ბუშტები მის სხეულზე შეხებისას სკდებოდნენ და სასიამოვნო ჩხვლეტას გრძნობდა, კანის ფორებში ნელნელა აღწევდა ალკოჰოლი, ეჟღინთებოდა სხეული, ზოგჯერ ჩაყურყუმელავდებოდა და რამდენიმე ყლუპს დალევდა, თანდათან უფართოვდებოდა სისხლ–ძარღვები და, ბოლოს, შვებანაგრძნობი, ღრმად ჩაისუნთქავდა სუფთა ჰაერს და სიგარეტზეც მოუბრუნდებოდა გული. თუმცა მის მიერ წარმოდგენილი სამოთხისგან რეალობა ჯოჯოხეთივით განსხვავდებოდა ხოლმე, ერთი სული ჰქონდა, თავისი შვილისთვის ბარათი გაეტანებინა ბიძაჩემთან და როგორმე თავი გადაერჩინა. ასე იტანჯებოდა წლების განმავლობაში, ერთ დილით კი საოცრება მოხდა: გაეღვიძა და ნაბახუსევზე არ იყო, არადა, წინა ღამით იმდენი არაყი და ლუდი დალია, წესით თავი ვერ უნდა აეწია ბალიშიდან. ალბათ ახალგაღვიძებული რო ვარ, მაგიტო ვერ ვგრძნობ ჯერ, ცოტა ხანში დედა მეტირებაო, გაიფიქრა და დაელოდა გარდაუვალ სასჯელს. მანამდე კი თადარიგის დაჭერა და ბიძაჩემთან შვილის გაგზავნა გადაწყვიტა, დაუძახა, მაგრამ სახლში არავინ იყო. ბედს შეგუებული, ფრთხილად გადაბრუნდა მარცხენა მხარეს და თვალი დახუჭა. დრო გადიოდა, თუმცა მტანჯველი შეგრძნება იგვიანებდა. ცოტა ხანს ზურგზე დაწვა, მშვენივრად გრძნობდა თავს. მერე მარჯვენა მხარეს გადმობრუნდა, ისევ არაფერი, თითქოს წუხელ ლიმონათის მეტი არაფერი დაელიოს, როგორც მაშინ, სტუდენტობისას. იმ დღეს მეორე ცვლაში მუშაობდა, ამიტომ არსად ეჩქარებოდა, მაგრამ მთელი დღე ლოგინში ხომ ვერ იწვებოდა. ნელა წამოჯდა და ფეხსაცმელი, რომელიც თასმებშეკრული გაეძრო წინა ღამით, ქუსლებჩაკეცილი ამოიცვა და ფრთხილად წამოდგა. მშვენივრად გახლდათ, ასეთი სასიამოვნოდ უცნაური დილა დიდი ხანი იყო, არ გათენებია. ცოლის ხალათი მოიხურა და აივანზე გავიდა, მზე და სიგრილე ესიამოვნა, თითქოს ნიავს საიდანღაც იოდის სუნიც კი  მოჰქონდა (ის კი არა, ლამის წელზე ცხვარჩაბმული დედაბრის სიმღერაც კი ჩაესმა), როგორც ცხრა თუ ათი წლით ადრე, როცა რამდენიმე დღით ურეკში ისვენებდა ცოლთან და წლინახევრის შვილთან ერთად, მაშინ არც სვამდა და არც ეწეოდა. ზღვაზე გატარებულ დილებს ჰგავდა ის დილაც. ახლოს, რომელიღაც აივანზე, ვიღაც სიგარეტს ეწეოდა, გრაფს კვალმა ნესტოებში შეუღიტინა. სხვა დროს, ნაბახუსევზე, გული აერეოდა, მაგრამ ამჯერად საოცრად ესიამოვნა. ოთახში შებრუნდა, სიგარეტის კოლოფი გამოიტანა და თვითონაც გააბოლა, ჯერ გაუბედავად, შემდეგ კი ღრმად და გემრიელად. რაღაც უნდოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა – რა. აივანზე გაიარ-გამოიარა, მერე კი სამზარეულოში შევიდა. ჩაიდანს მოჰკრა თუ არა თვალი, მიხვდა, ჩაი უნდოდა. არც კი ახსოვდა, რამდენი წელი იყო, რაც ჩაი არ დაულევია, ბოლო წლები ყოველ დილით ნაბახუსევზე იყო და, აბა, ჩაის დალევის თავი სად ჰქონდა ხოლმე. წყალი აადუღა, დაჯდა და ორი ნაჭერი კარაქიანი პურიც მიაყოლა. მერე სამსახურში წავიდა, თუმცა ჯერ ძალიან ადრე იყო. ფეხით მიდოდა, თან ფიქრობდა თავს დამტყდარ ამ უცნაურ ამბავზე. ალბათ გამონაკლისი შემთხვევაა, ხვალ დილით ისევ ნაბახუსევზე ვიქნებიო, გადაწყვიტა, და იმ საღამოსაც, სამსახურის მერე, მაგრად დათვრა. დილით კვლავ მშვენივრად გრძნობდა თავს. იქიდან მოყოლებული ნაბახუსევს აღარასოდეს შეუწუხებია. ვის არ ჰკითხა, სად არ მივიდა, მაგრამ ვერავინ უხსნიდა, რას შეიძლება, ეს გამოეწვია. პახმელიები მოგიშორებია და მიზეზი რაში გაინტერესებსო, დაამშვიდა ნაცნობმა კარდიოლოგმა, რომელიც ნათესავად ერგებოდა. ორ საათში მოვრჩები სამსახურს, გარეთ დამელოდეო, დააყოლა ბოლოს. გრაფზე ნაკლებად დალევა არც მას უყვარდა, ამიტომ სამსახურის მერე უახლოეს რესტორანში შევიდნენ და გემოზე დათვრნენ. ნაბახუსევის სინდრომისგან განკურნების მიზეზი კი სამარადისოდ ამოუცნობი დარჩა. გრაფის ყოფილი ცოლი: “ – კი, მართლა ასე იყო, მას მერე პახმელია აღარ ქონია. არადა, ისეთი პახმელიები ქონდა, ისე ცუდად იყო ხოლმე, სასწრაფოსაც მაძახებინებდა ხანდახან, დაპირდებოდა ექიმებს, აწი აღარ დავლევო, მარა რად გინდა, მესამე-მეთხე დღეს გაგლეჯილი მთვრალი მოვიდოდა. როგორი შეუგნებელი უნდა იყო, ღვინო ასე გვნებდეს და მაინც სვამდე. მერე კი უცებ მოეხსნა. არადა, მერჩივნა, დილაობით მაინც დატანჯულიყო ხოლმე, როგორც მე მტანჯავდა და როგორც ამომხადა სული… საქვეყნოდ მომჭრა თავი, ბოდიში შენთან და, ბოზობა მაბრალა… ცალკე ცხონებულ ბიძაშენს ხო გაუშრო სისხლი, მეგობრობა და ძმაკაცობა მესმის, მარა სულ ვინ მოგცემს დასალევს ნისიად. თაკოს გაატანდა იმ ტურტლიან ქაღალდის ნაგლეჯს და ბიძაშენიც ვერ ეუბნებოდა უარს, კეთილი კაცი იყო. არა, ცოდვას ვერ ვიტყვი, ეს ლოთი ხელფასს რო აიღებდა, ვალებს კი გადაიხდიდა, მარა ამდენი დალევა და ცოლ-შვილის ტანჯვა?! ხანდახან მე მპარავდა ჩასახეთქ ფულს. სუნით აგნებდა, სად იყო დამალული, სანამ დივნის უკან, სარჩულის ქვეშ არ მოვნახე კარგი სამალავი. მერე ვეღარ აგნებდა. დასალევის გამო ცოლ-შვილს რო ფულს პარავ, რა კაცი ხარ?! ლოთი, წყალწაღებული (სინამდვილეში, გრაფმა ერთადერთხელ ამოიღო ფული ცოლის ჩანთიდან და მეორე დღეს დააბრუნა. – ბ. ა.)! თაკოს მაგისმა ლოთობებმა გაუფუჭა ხასიათი, ხო გახსოვს, როგორი მშვიდი იყო, გეხსომება შენ. მერე ისეთი ნევროზები დაეწყო, დღემდე მკურნალობს პერიოდულად, ფსიქოტროპულებს სვავს. დამიავადა ბავშვი მაგ ავადმყოფმა. ერთხელ ბელაია გარიაჩკა ქონდა, ერთი კვირა დივანზე იწვა და ხელ-ფეხს იქნევდა პერიოდულად, თურმე მაგ დროს რაღაცეები ელანდებათ, ამას გველები ელანდებოდა თურმე და ხვლიკები, აზრზე რო მოვიდა, მერე ამოღერღა. ნეტა, დაეხრჩოთ იმ გველებს და ხვლიკებს! ნაძირალა! ხოდა, არ მინდოდა, მეზობლებს გაეგოთ და საწრაფოში არ დავრეკე, ოთარს დავურეკე, მაგის ნათესავს, ექიმია, მაგისნაირი ლოთი. მოვიდა, სცადა, გამოეფხიზლებინა, ვერაფერი გააწყო. გვითხრა, აცალეთ რამდენიმე დღე, თავისით მოვა გონსო… ერთ დღესაც თაკო დივანთან გვიდა, შეტევები დაეწყო ამას, გაიქნია ხელები და თაკოს თმაში გაეხლართა. ისტერიკაში ჩავარდა ბავშვი, მაშინ მიიღო პირველი შოკი, მოუკვდეს დედა… ასეთი სამარცხვინო მამა რო გეყოლება… ბავშვები დასცინოდნენ სულ… არ გეწყინოს, შენ არაფერ შუაში ხარ, უბრალოდ არ უნდა მაგაზე ლაპარაკი და მაგიტო არ დაგხვდა, ასეთ მამაზე ლაპარაკი, აბა, ვის მოუნდება. არც მე მინდოდა, მარა უარი ვერ გითხარი.“ რაც მართალია, მართალია, გრაფი ცოლ-შვილთან ზედმეტად ცუდად მოიქცა და ამის მიზეზი ისევ და ისევ ალკოჰოლი იყო. ერთხელ შვილმა უთხრა, ჩემს სკოლასთან ახლოს ნუღარ მოხვალ, გუშინ, გაკვეთილების შემდეგ, დაგინახე, პირველ კლასელ ბავშვებს ფეხბურთს ეთამაშებოდი და ჩემი კლასელები სიცილით მოკვდნენო. –„გრცხვენია ჩემი?! მშობელი მამის გრცხვენია?!“  – გაბრაზდა გრაფი, თუმცა ვერ გაიხსენა, მართლა ეთამაშებოდა თუ არა ბავშვებს ფეხბურთს, სკოლის სიახლოვეს მისი თანამშრომელი და ძმაკაცი ცხოვრობდა და ხშირად დადიოდა იქ. ერთი კვირის შემდეგ კი, თანამშრომლის სახლიდან გამოსულს, შვილის სიტყვები გაახსენდა და სკოლისკენ გადაუხვია. ნაწვიმარი იყო და სკოლის ჭიშკართან უშველებელი გუბე იდგა, შიგ აგურები ჩაეწყოთ ფეხის დასადგმელად. ფეხარეულმა გრაფმა პირველ აგურზე ყოჩაღად შედგა ფეხი, მერე  –  მეორეზე, მერე  – მესამეზე, აი, მეოთხეზე კი ფეხი დაუცდა და ტალახიან გუბეში ჩავარდა. გაკვეთილები მიდიოდა და გარეთ არავინ იყო, ასე რომ, არავის დაუნახავს. ერთი გაფიქრება გაიფიქრა, სახლში წავალო, გამობუნდა კიდეც უკან, მაგრამ ისევ გაახსენდა შვილის სიტყვები, ისევ გაბრაზდა, რა მჭირს მე ვინმეს დასაცინი, ჩემს შვილს ჩემი რატომ უნდა რცხვენოდეს, ამოვაძრობ მაგ ენას, ვინც მე ჩემს შვილთან დამცინებსო, და გაბრუნდა, ამჯერად აგურებით გადახტომა არ უცდია, პირდაპირ გუბეში გაიარა და ჭიშკარში შევიდა. სკოლის შესასვლელთან დაბალკლასელი მოსწავლეების მშობლები იდგნენ და, მისი შემხედვარე, ჩუმად იცინოდნენ. გრაფს შენობის შიგნით გაახსენდა, რომ არ ახსოვდა, რომელ კლასში იყო მისი შვილი. შიდა კიბის საფეხურზე ჩამოჯდა და დაფიქრდა, დიდი ფიქრის და ანგარიშის შემდეგ დაასკვნა, მეექვსეში ან მეშვიდეში იქნებაო. მისი მოსწავლეობის დროს მეხუთეს ზემოთა კლასები მეორე სართულზე იყო ხოლმე განთავსებული, ალბათ ახლაც ასეაო, ივარაუდა, წამოდგა და კიბეს აუყვა. ნაჯდომ ადგილას ორი ელიფსური ფორმის სისველე დარჩა, მაგრამ გრაფს ის არ შეუმჩნევია. მეორე სართულზე დამლაგებელი ქალი წყლიან სათლში ტილოს ავლებდა, გრაფმა ჰკითხა, მეექვსე და მეშვიდე კლასი საითააო. კონკრეტულად რომელი გინდაო, კითხვა დაუბრუნა ქალმა ისე, რომ თავი არ აუწევია, ორივე მინდაო, გრაფმა. მეშვიდე კლასი აქედან მეოთხე კარია, მეექვსე კლასი კი დერეფნის ბოლოშიაო, მიასწავლა ქალმა. გრაფმა მადლობაც არ გადაუხადა, რატომღაც ჩათვალა, რომ ეს ქალიც იმათიანი იყო, მას რომ დასცინოდნენ და დერეფანს გაუყვა. ქალმა ტილო გაწურა, იატაკის ჯოხის განივ თავზე დააფინა, წელში გაიმართა და ახლაღა შეხედა გრაფს. ტალახში ამოვლებული მისი კრემისფერი შარვლის და ბეჟი ფერის პერანგის დანახვაზე ელდა ეცა და ყვირილით გამოეკიდა, ვინ ხარ, რა გინდა, არ მომისვარო აქაურობაო. გრაფს ყურადღება არ მიუქცევია, დაუკაკუნებლად შეაღო მეშვიდე საკლასო ოთახის კარი, შევიდა, მასწავლებლის მაგიდასთან დადგა და კლასს თვალი მოავლო. „ – ვინ ბრძანდებით?!“  –  ჯერ გრაფს ჰკითხა გაკვირვებულმა მასწავლებელმა, მერე კართან მდგარ დამლაგებელს შეხედა. „ – ოხერია, ვიღაცაა! არ მომისვარა მოწმენდილი იატაკი?!“  – იტყუებოდა დამლაგებელი, გრაფს იატაკი არ მოუსვრია, ისევ მაგიდასთან იდგა და თავის შვილს ეძებდა, მერე ბარძაყებზე მიკრული შარვლის ტოტები საჩვენებელი და ცერა თითებით გამოსწია, ჯიბეში ხელი ჩაიყო და მერხებს შორის რიგებში გაიარ-გამოიარა, რატომღაც თავისი ისტორიის მასწავლებელი გაახსენდა, რომელიც მთელი გაკვეთილის მანძილზე ასე დადიოდა, დამჯდარს ვერ ნახავდი. აი, თურმე, როგორი ყოფილა მასწავლებლობაო, გაიფიქრა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7