„ – თქვე შობელძაღლებო, ის მაინც მითხარით, ჩემი შვილი როგორაა!“ – ყვიროდა გრაფი. „ – კარგადაა, უბრალოდ გული წაუვიდა. აღარ დაბრუნდე, თორემ პატრულს გამოვიძახებთ, იცოდე!“ – დაემუქრა ერთ-ერთი მასწავლებელი და გრაფიც უკანმოუხედავად გაიქცა. ახლა კი იჯდა და კედელზე ნაივური მანერით მიხატულ გოგონას შესცქეროდა, ნატურალური სიმაღლის პორტრეტი იყო. ეს სილუეტი მისი შვილისას საერთოდ არ ჰგავდა, მაგრამ გრაფი თავს ირწმუნებდა, რომ ძალიან ჰგავდა. წამით ასფალტზე დანარცხებული შვილის სხეული დაუდგა თვალწინ და წამოხტა. „ – რომ გადამხტარიყო?!“ – ეს კითხვა არ ასვენებდა გრაფს. „ – კი, მარა, მეორე სართულიდან გადახტომით ვინ კვდება?!“ –  თავს იმშვიდებდა გრაფი. „ – გააჩნია, როგორ გადახტები!“ –  საკუთარ თავს ეკამათებოდა გრაფი. „ – რო ხტებიან, ფეხებით ხტებიან ხოლმე, ინსტინქტურად! – არ ნებდებოდა გრაფი, – დიდი დიდი, ფეხები მოეტეხა!..“ გრაფს ოფლმა დაასხა და კედელზე მიხატული სილუეტის წვრილ წვივებს შეხედა, მივიდა, დაიხარა და ისე აკოცა, თითქოს მართლა თავისი შვილის ფეხებს კოცნიდა. „ – იქნებ, არც მოეტეხა?!“ – გაიფიქრა და კიბეზე შეძლებისდაგვარად სწრაფად დაეშვა, კიბეს სახელურები არ ჰქონდა და ფრთხილობდა. ეზოდან მეორე სართულს ახედა, ძალიან მაღალი ჩანდა. კი, მაგრამ, ამას ხო მაღალი სარდაფი აქვსო, გაიფიქრა. ისევ ახედა, ოღონდ, ამჯერად, წარმოიდგინა, რომ კარკასი უსარდაფო იყო. მაინც არ ჩანდა დაბალი. კარგახანს ასე აჰყურებდა, მერე მზერა ცაზე გადაიტანა, შავ ღრუბლებს შორის თეთრ ღრუბელს გამოეყო თავი, ახლაღა მიხვდა, რომ წვიმას გადაეღო. კორპუსის მარჯვენა მხარეს ორად ორი ფანჯარა იყო ჩასმული, ერთ-ერთიდან ქალი და ბავშვი იყურებოდნენ. გრაფი მეორე სართულზე ავიდა და გადაიხედა, მერე უცებ პერანგი გაიძრო და, წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ, მაგრამ ზევიდან გადააგდო, უყურებდა, როგორ მიფრინავდა და როგორ დაეფინა მაღალი ბალახის ღეროებს, მუქი ქსოვილი რაღაცით მკვდარ ფრინველს ჰგავდა. გრაფმა პერანგი ამოიტანა და ისევ იმ ოთახში შევიდა. უფანჯრო ოთახში ღრუბლებიდან გამომკრთალი მზის ბოლო სხივები შემოდიოდნენ და კედელზე ეცემოდნენ. „ – კი, მარა, ეს ხო სამმეტრიანი ჭერია! სკოლის ჭერი კი ორი მეტრი ძლივს იქნება!“ – გონება გაუნათდა გრაფს და, საკუთარი აღმოჩენით აღფრთოვანებულმა, კიდევ ერთი ყლუპი მოსვა. სანამ საბოლოოდ ჩამობნელდებოდა, კუთხესთან მიყრილი მუყაოს ნაგლეჯები ძირს დააფინა და დაწვა. დილით ბოთლში ჩარჩენილი არაყი ჩაცალა, ცოტა ხანს ნახატს უყურა, მერე ლითონის ფურცლიდან, რომელზეც, როგორც ჩანს, ცეცხლს ანთებდნენ ხოლმე, ნახშირი აიღო, ნახატის გვერდით თავისი შვილის სახელი მიაწერა და კიბეს ჩაუყვა. შინ უნდა დაბრუნებულიყო და პატიება ეთხოვა, ეს მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ უნდა ეცადა მაინც. სახლში მთელი სანათესაო დახვდა, მისიანებიც და ცოლისიანებიც. დიდი ბჭობის შემდეგ გადაწყდა, რომ გრაფი სმას თავს დაანებებდა. გრაფი ამ მოთხოვნას უყოყმანოდ დათანხმდა, რადგან წინა ღამით შემუშავებულ, ცოლისთვის შესათავაზებელ წინადადებათა სამპუნქტიან პაკეტში სმისთვის თავის დანებება პირველ პუნქტად ჰქონდა გამოტანილი და მედიატორთა მხრიდან წამოყენებული ეს მოთხოვნა მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. რადგან კონფლიქტი ამ ერთადერთ საკითხზე კონსენსუსით ამოიწურა, გრაფს დანარჩენ ორ საკითხზე სიტყვაც არ დაუძრავს, მომდევნო ორი დღე –  შაბათ-კვირა – ითხოვა გამოსაშუშებლად და პირობა დადო, რომ ორშაბათიდან სულ სხვა გრაფი იქნებოდა. ასეც მოხდა, მისმა მონდომებამ და ენთუზიაზმმა თითქმის ერთ თვეს გასტანა, ამ ხნის მანძილზე წვეთი არ დაულევია, მაგრამ სამსახურში, ერთ ცხელ ნაშუადღევს, ცივი ლუდისკენ წაუცდა პირი. მხოლოდ სამი კათხა დალია, თუმცა ცოლმა სუნზე შეატყო, რომ ნასვამი იყო, ხელი ჩაიქნია და მეზობელთან საჭორაოდ გავიდა. გრაფმა ასეთი რეაქცია დანებებად მიიღო და მეორე დღიდან ისევ ძველ რეჟიმს დაუბრუნდა. შვილი სკოლაში მისვლის დღიდან აღარ ელაპარაკებოდა, ცოლი კი უხმოდ შეეგუა პირობის დარღვევას და გრაფმაც აიშვა. ახლა, შვილის ნაცვლად, მეზობლის ბავშვს ატანდა ბიძაჩემთან იმ თავის გაცრეცილ ბარათს. ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, რომ არა ცალფეხა კაცი, სიზმრებში რომ არ ასვენებდა ხოლმე. ცოლის მხრიდან გრაფის ისევ გალოთებაზე თვალის დახუჭვის მთავარი მიზეზი ახალი სარეცხი მანქანა იყო, რომელიც გრაფმა უყიდა ნასესხები ფულით. ახალი სარეცხი მანქანის დოლურაში შემაშფოთებლად ბევრი წინდა უჩინარდებოდა. დილით, ჩაცმის დროს, გრაფს წინდების უჯრაში, მეტწილად, ცალი წინდები ხვდებოდა, რაც საშინლად უშლიდა ნერვებს, ბევრჯერ სამსახურში ცალ-ცალი წინდითაც წასულა. ერთხელ, შესვენების დროს, შარვლის ტოტებიდან სხვადასხვა ფერის წინდა რომ გამოუჩნდა და თანამშრომლებმა დასცინეს, გრაფმა თავი იმართლა და ყველაფერი სარეცხ მანქანას დააბრალა. სარეცხი მანქანა კი არა, უეჭველი, ვიღაც ცალფეხა კაცი გყავს შემოჩვეული და წინდებს გპარავსო, სრულიად უბოროტოდ გაეხუმრა ერთი თანამშრომელი, რომლის საუკეთესო ნახევრის კუთვნილი სარეცხი მანქანაც არ გახლდათ უცოდველი ამ საკითხში. გრაფი საკმარისად მთვრალი არ იყო და ამ ხუმრობაზე გაეცინა, მაგრამ საღამოს, როცა კარგად დათვრა, ეს სიტყვები გაახსენდა და სერიოზულად შეშფოთდა, თუმცა, არც თანამეინახეებთან და არც შინ არაფერი უთქვამს. ღამით კი დაესიზმრა, რომ სახლში ვიღაც ცალფეხა კაცი შემოვიდა, მოჭრილ ფეხზე პროთეზი ეკეთა და ბაკუნით, დაურიდებლად გაემართა გვერდითა ოთახისკენ, სადაც გრაფის ცოლს ქალიშვილთან ერთად ეძინა (დიდი ხანი იყო, რაც ცოლი ქალიშვილის ოთახში გადაბარგდა), და კარზე მიაკაკუნა, მალე გრაფის ცოლი გამოვიდა და იქვე, მისაღები ოთახის დივანზე დაწვა, კაცმა ფეხსაცმელი და თავისი პრიმიტიული პროთეზი ანუ უბრალო ჯოხი (ასეთი გრაფს ფილმებში ენახა) გაიძრო და ქალს მიუწვა… გრაფი, რომელიც თავისი ოთახის კარიდან ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს, ყვირილით გამოვარდა და დივნისკენ გაიქცა, კაცს მისკენ არც გამოუხედავს, მარცხენა ხელში ჩაბღუჯული პროთეზით იგერიებდა და თან საქმეს განაგრძობდა. ცოლის კვნესა და თავისი უსუსურობა გრაფს ჭკუიდან შლიდა და ბავშვივით ტიროდა, სრულიად ამაოდ უტევდა ცოლის უტიფრად გამბახებელს. ამ წვალებაში გამოეღვიძა, ხელებში საბანი ჰქონდა ჩაბღუჯული და ცრემლები სდიოდა. ძილის შებრუნება გამორიცხული იყო, ადგა და სამზარეულოში გავიდა. რამე უნდა დაელია, მაგრამ სულ იმ ჭკუაზე გახლდათ მისი ცოლი, სახლში ალკოჰოლი გაეჭაჭანებინა. ტყუილად ეძება, თაროები და უჯრები არ დაუტოვებია, გაზქურის ჰაერღუმელშიც შეიხედა, მაგრამ ვერაფერი ნახა. სხვა გზა არ იყო, არყიან ბოთლში ჩადებული კიტრით უნდა ეშველა თავისთვის. ეს ბოთლი ცოლმა მოიტანა, გრაფის სიდედრის შემოქმედება გახლდათ. ალკოჰოლისადმი გრაფის შეშლილი სიყვარულის მიუხედავად, ცოლს გონებაშიც კი არ დაუშვია, რომ შეიძლებოდა, მის ქმარს ოდესმე არყით გაჟღენთილი კიტრისკენ წაცდენოდა პირი, ამიტომ გაფრთხილებაც კი არ ჩათვალა საჭიროდ, თუმცა გრაფს სახლში მოტანის დღიდან ეჭირა თვალი ბოთლზე და ხელსაყრელ დროს, უფრო სწორედ, გამოუვალ სიტუაციას ელოდა, და ახლა სწორედ ეგ სიტუაცია იყო. არყით გაჟღენთილი საზამთრო ნაჭამი ჰქონდა, აი, არყით გაჟღენთილი კიტრი კი სრულიად ახალი გამოცდილება იქნებოდა მის ლოთურ კარიერაში. კიტრიანი ბოთლი, დანა, ორი ჩანგალი და მისაყოლებელი პარკში ჩადო და ჩუმად გავიდა სახლიდან. შუაღამეს გადაცილებული იყო. იქვე, სკოლასთან მცხოვრები ძმაკაცის გასაღვიძებლად მიდიოდა. ძმაკაცის ცოლის შიშით სხვა დროს ამას ვერ გაბედავდა, მაგრამ ახლა მთელი გამბედაობა ჰქონდა მოკრებილი. კარზე არცთუ გაუბედავად დააკაკუნა და დაელოდა, მეორედ დაკაკუნება არ მოუხდა, ძმაკაცმა გააღო, მოსაშარდად ამდგარიყო. ეზოში, გარაჟის გვერდით დასხდნენ. ძმაკაცი სიცილს ვერ იკავებდა, როცა უყურებდა, გრაფმა ბოთლი როგორ გატეხა, როგორ ამოიღო კიტრი, პატარა კუბებად დაჭრა და პარკზე დაალაგა. პირველი ნაჭერი ცოტა მწარე ეჩვენათ, მაგრამ შემდეგ შეეჩვივნენ. ასე, დილამდე ისხდნენ, ჩანგლებზე წამოცმულ ნაჭრებს ჭიქებივით უჭახუნებდნენ ერთმანეთს და ჭამდნენ, განსაკუთრებულ სადღეგრძელოზე ორ-ორ ნაჭერს წამოაცვამდნენ ხოლმე ჩანგალზე. გრაფს თავის სიზმარზე არც მაშინ დაუძრავს სიტყვა და არც –  მომდევნო დღეებში, მიუხედავად იმისა, რომ ცალფეხა კაცი ყოველ ღამე ესიზმრებოდა. საბოლოოდ იმ ზომამდე მივიდა, რომ უკვე ცხადშიც ელანდებოდა, თან იცოდა, ის კაცი რეალური არ იყო, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. ერთ დილით კი, როცა ისევ ცალი წინდა შერჩა ხელში, თავზე კონტროლი საბოლოოდ დაკარგა და ცოლს უყვირა, იმ შენს ცალფეხა საყვარელს მალე, ალბათ, ჩემს ცალ ფეხსაცმელსაც მისცემო. ცოლი გაოგნდა. მართალია, გრაფს დალევა უყვარდა, მაგრამ ჩხუბი, გინება, ეჭვიანობა და ეგეთები არ იცოდა. ეს რაღაც ახალი იყო, თუმცა პირველ ხანებში ცოლი ამ ყველაფერს იტანდა და მხოლოდ ვერბალური თავდაცვით იფარგლებოდა, იმედოვნებდა, მისი ლოთი ქმარი მალე შეეშვებოდა სისულელეების როშვას. გრაფი კი უკვე ძმაკაცებთანაც და თანამშრომლებთანაც არ მალავდა ცალფეხა საყვარლის ამბავს. ვინც მის ცოლს იცნობდა, ცხადია, არ უჯერებდა, მაგრამ გრაფი თავისას მიერეკებოდა. საბოლოოდ ამბავმა სამეზობლომდეც მოაღწია და ერთხელ, როცა მეზობელმა და საუკეთესო დაქალმა გრაფის ცოლს უთხრა, შენზე ასეთ სისულელეს ლაპარაკობენო, ამ უკანასკნელს ისტერიული ტირილი აუვარდა, თავის ბიძაშვილს (გრაფის უფროსს) დაურეკა და ქმრისთვის ჭკუის სწავლება სთხოვა. ბიძაშვილი გრაფს მარტო ვერ მოერეოდა, ამიტომ ორი ბიძაშვილი დაიხმარა და ალკოჰოლიკი სიძე მაგრად გალახეს. ამ ძალადობრივი ინციდენტის მერე, გრაფის მხრიდან ცოლისადმი აშკარა ცილისწამების უკან წაღების პერსპექტივა საბოლოოდ გადაიწურა. ჭარმაგი ნათესავების მედიატორობის ყოველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ამიტომ ცოლმა სახლი გაყიდა, თავისთვის და ქალიშვილისთვის ცალკე ბინა იყიდა, ქმარს კი სწორედ იმ კარკასის ამარა სახლის იმ ბინაში უკრა თავი, რომელსაც ერთხელ, წვიმის დროს, გრაფმა თავი შეაფარა. გასაკვირი დამთხვევა იყო, რომ იმხელა კარკასში, სადაც თითქმის ყველა ფართი ცარიელი გახლდათ, გრაფს მაინც და მაინც ის ბინა შეხვდა, რომლის კედელზე მიხატული გოგოს ფიგურის ქვეშ თავისი ქალიშვილის სახელი მიაწერა. თუმცა იმ კედელზე, გრაფის ქალიშვილის სახელის გარდა, ჩემი სახელიც ეწერა. ბიძაჩემის ქელეხის სუფრაზე მე და გრაფი გვერდი-გვერდ მოვხვდით, სუფრის მერე არ მომეშვა, გინდა თუ არა ჩემთან წავიდეთო. მე ჩემთან დავპატიჟე, მაგრამ არ დაიშალა და გავყევი. თან, პარკით, სუფრიდან აღებული საჭმელი და ღვინო მოჰქონდა. არ მეგონა, თუ იმ გადაკარგულში ცხოვრობდა. ტაქსის მძღოლი აშკარად შიშებში იყო, სანამ მანქანიდან მშვიდობიანად არ ჩავედით. „ – ბიძაშენი ჩვენს კლასში ბოლო წელს გადმოვიდა. – მიყვებოდა გრაფი, როცა უკვე მაგიდას ვუსხედით. – სკოლაში კაი სალამი გვქონდა, ძმაკაცები არ ვყოფილვართ. სკოლის მერე დავძმაკაცდით. რა თქვი, რა მქვიაო?!“ „ – ბექა მქვია.“ – მერამდენედ შევახსენე ჩემი სახელი. „ –  ხოდა, ჩემო ბექა, ბიძაშენი დიდი კაცი იყო! – ცრემლები მოაწვა გრაფს. – კაცური კაცი! მერე მაღაზია გახსნა. არც დამითვლია, რამდენი მქონდა მისი ვალი. ლამზირას თუ დავუბრუნებდი ხოლმე ფულს, მაგის გამყიდველს. თუ თვითონ იყო, არაფრით გამომართმევდა. მერე ლამზირაც გააფრთხილა, ფული არ გამოართვაო.“ –  მუშტით ცრემლები მოიწმინდა გრაფმა, მერე ჯიბეში ჩაიყო ხელი და ის ბარათი ამოიღო, ბიძაჩემთან რომ ატანდა ხოლმე შვილს. ფრთხილად გაშალა და მანახა. „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი!“ – ეწერა გაცრეცილ ქაღალდზე, ეს ბარათი ულიმიტო ვაუჩერი იყო ბიძაჩემის მარკეტში. ბარათის არსებობის შესახებ მანამდეც ვიცოდი და ისიც ვიცოდი, ზედ რაც ეწერა, ბიძაჩემმა მითხრა. როცა ატირებულმა გრაფმა, გასვენებაში, ბიძაჩემის კუბოსთან დაიჩოქა და გაშლილი ქაღალდი მაღლა ასწია, მაშინვე მივხვდი, რაც ეჭირა ხელშიო. ბიცოლაჩემი, დედაჩემი და დეიდაჩემი გაკვირვებულნი შესცქეროდნენ. ახლა კი იმ ბარათს დავყურებდი და მეც ცრემლები მომაწვა. „ –  იმ ცხონებულსაც კი უყვარდა დალევა, სანამ ინფარქტი დაარტყამდა!“ – ვთქვი და, ტირილი რომ არ ამვარდნოდა, ღვინის ბოთლს გადავწვდი ჩამოსასხმელად. „ – უჰ, არ თქვა! კლასში პირველი მსმელი იყო, ეგ იყო ქეიფების მოთავე. მე არ ვსვამდი მაშინ, გვიან დავიწყე. გაცინო, ერთხელ სკოლის უკან ვსხედვართ, ეგენი არაყს სვამენ, მე – ლიმონათს. ჩვენი დამრიგებელი ნათელა არ დაგვადგა?! თქვენ გაგისკდათ მუცელი, ან ამ სიცხეში არაყს რა გასმევთ, მთლად გადაგეწვებათ ისედაც გადამწვარი ტვინებიო. რას ამბობთ, ნათელა მასო, ეუბნება ბიძაშენი, კაცობა ისაა, ამ სიცხეში დალიო არაყი, თორე სიცივეში ყველა სვამსო! –  ორივემ გავიცინეთ. – ხოდა, ჩემო… ჩემო შენ…“ „ –  ბექა!“ – ისევ შევახსენე ჩემი სახელი. გრაფმა საჩვენებლი თითი ასწია, მოიცადეო, მაგიდის გადასაფარებლის ქვეშიდან თვალის ფანქარი გამოაძვრინა და მაგიდის ზემოთ, კედელზე, ჩემი სახელი მიაწერა. ჩემი სახელის გარდა, იქ დაახლოებით ათამდე სხვა სახელი ეწერა, შესვლისთანავე შევამჩნიე, და ახლაღა მივხვდი, რომ შემთხვევითი სტუმრების სახელები იყო. მთელი სუფრის მანძილზე, როცა ჩემი სახელი დაავიწყდებოდა, გრაფი კედელს ახედავდა და ხან ვახოს მეძახდა, ხან – ზურას, ხან –  გელას და ხან – ჯუმბერს… იმავე კედლის ბოლოს მიხატული ნაივური პორტრეტით დავინტერესდი. ჩემი შვილია, მე დავხატეო, მომატყუა გრაფმა და მეც თავი ისე მოვაჩვენე, ვითომ დავუჯერე. დალევას გვიან მოვრჩით, არაფრით არ მომეშვა, სანამ გზამდე არ ჩამომაცილა. მას შემდეგ გრაფი მხოლოდ ერთხელ ვნახე, როცა, წლების მერე, საქველმოქმედო საღამოდან შემოსული ფულით იქვე, მის მეზობლად მცხოვრებ მიუსაფარ ბავშვებს საჩუქრები მივუტანეთ. ეზოში დახვავებულ დახერხილ მორებს აპობდა, ბავშვებს კი დაპობილი შეშა ურიკით მიჰქონდათ და გრძელი სახლის უკან, გადახურულში აწყობდნენ. გრაფი სიგარეტს აბოლებდა და გაღიმებული უყურებდა მოულოდნელი სტუმრობით და საჩუქრებით აღფრთოვანებულ ბავშვებს. პენსიონერი ინჟინერი: „ – რითიც შეუძლია, ეხმარება მაგ უპატრონო ბავშვებს. ათასი საქმეა, ხან ესა, ხან ისა… ეგ სახლი ჩემი აშენებულია. უფრო სწორედ, უნდა აგვეშენებინა მანდ ლაბორატორია, „თბილმშენში“ ვმუშაობდი მაშინ. ჩვენმა ტრესტმა ააშენა მანდ ორგანული ქიმიის ინსტიუტი, ცხრა სართულიანი რომაა, მოზაიკებიანი.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7